Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს "ოსური" პოლიტიკის გააქტიურების ზოგიერთი შედეგი


დავით პაიჭაძე, თბილისი 6 ივნისს ცხინვალის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააკავეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კოსტა ძუგაევი.

მან ღამე სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის იზოლატორში გაათენა. 7 ივნისს კი, ნაშუადღევს, ცნობილი გახდა, რომ ძუგაევი გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ ის რუსეთის ფედერაციაში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, გაემგზავრა. ვიდრე ქართველ მსმენელს უფრო დაწვრილებით მოვუთხრობდეთ, ვინ არის კოსტა ძუგაევი, გეტყვით, რომ ორშაბათიდან საქართველოს სახელმწიფო რადიომ ოსურ ენაზეც დაიწყო მაუწყებლობა სპეციალურად ცხინვალის რეგიონისათვის. ამაზე საქართველოს სახელმწიფო რადიომაუწყებლობის თავმჯდომარე დოდო შონავა მესაუბრა:

[დოდო შონავას ხმა] "7 ივნისს ჩვენ დავიწყეთ ორსაათიანი ოსური მაუწყებლობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რადიო "თავისუფლებას", რადგან სწორედ მისი ნაჩუქარი გადამცემით მოხდება ამ ორსაათიანი გადაცემის ტრანსლირება ცხინვალის რეგიონზე, გორიდან. მაუწყებლობას დავარქვით "ხიდი". აღმოჩნდა, რომ ეს სიტყვა ოსურ ენაზეც ხიდს აღნიშნავს. აქ იქნება საინფორმაციო გამოშვება, კონცერტი, შედგენილი ოსური ხალხური და საესტრადო სიმღერებით, აგრეთვე კლასიკური რეპერტუარით. ეს გახლავთ ყოველდღიური მაუწყებლობა, დღის 5-დან 7 საათამდე, 102,6 მეგაჰერც სიხშირეზე."

სხვათა შორის, სახელმწიფო რადიოდეპარტამენტის თავმჯდომარემ დიდი წვლილი შეიტანა ტელევიზიის პირველი არხის ოსურ ენაზე ამეტყველებაშიც. დოდო შონავას თქმით, ამას სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობა კავკასიურ სახლს უნდა უმადლოდეს - ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც დღეს ოსურ ენასა და წერა-კითხვას ასწავლიან. აღმოჩნდა, რომ თბილისში მცხოვრებმა არაერთმა ოსმა, ოსურად ლაპარაკის მიუხედავად, წერა-კითხვა მშობლიურ ენაზე არ იცის. სწორედ კავკასიური სახლისა და მისი ხელმძღვანელის ნაირა გელაშვილის ძალისხმევით მოინახა ასე ოპერატიულად ადამიანები, დღეს სახელმწიფო ტელევიზიასა და რადიოში ოსურენოვან გადაცემებს რომ უძღვებიან.

ჩვენს შეკითხვას, თავად ცხინვალში თუ შეეცდებიან კორესპონდენტების პოვნას, დოდო შონავა უპასუხებს:

[შონავას ხმა] "ჩვენ ეს დაგეგმილი გვაქვს, მაგრამ, მინდა გითხრათ, ის ადამიანები, ჩვენთან სიამოვნებით რომ ითანამშრომლებდნენ, ძალიან ფრთხილობენ. მათ ეშინიათ, რომ ამ თანამშრომლობას ცხინვალის ხელისუფლება გაგებით არ შეხვდება."

ერთი ისეთი ადამიანის საქმიანობას, რომელიც ნორმალურად იყო განწყობილი ქართველებისადმი და არ ერიდებოდა მათთან ურთიერთობას, ცხინვალის ხელისუფლება უკვე მკაცრად მოეკიდა: მათ დააკავეს და ერთდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კოსტა ძუგაევი. კოსტა ძუგაევის დაპატიმრებამ აღაშფოთა საქართველოს პარლამენტის კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი - ის ჯერ კიდევ არასამთავრობო სექტორში მუშაობის დროიდან, დაახლოებით 8 წელია, იცნობს და ურთიერთობს კოსტა ძუგაევთან:

[ბერძენიშვილის ხმა] "ეს არის ნამდვილი პატრიოტი ოსეთისა და ოსური იდეის, ამიტომ რაიმე სპეციფიკურ ქართულ ინტერესში მისი დადანაშაულება ოსების მხრიდან სისულელეა. კოსტა ძუგაევი, უბრალოდ, დაინტერესებულია, რომ ეს ურთიერთობები იყოს კარგი. საამისოდ ბევრი გააკეთა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო და როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმაც. ხშირად მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხშირად იყო თბილისში, ჰქონდა ხშირი კონტაქტები. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ კოსტა ძუგაევი იყო და არის გონებაგახსნილი კაცი, რომელმაც იცის, სად არის ოსეთისთვის გზა და განვითარება. ამავე დროს, მე არასოდეს არ მსმენია, რომ კოსტა ძუგაევი ღალატობდა თავისი ხალხის ინტერესებს. ჩემთვის, მაგალითად, კოსტა ძუგაევი არის სიმბოლო ოსეთის მხარესთან ჩვენი მომავალი ტკბილი და თბილი ურთეირთობისა."

ლევან ბერძენიშვილს კოსტა ძუგაევის, როგორც საქართველოს მოქალაქის, დაცვა ხელისუფლების ამოცანად მიაჩნია. ჯერჯერობით კი, ცხინვალის უშიშროების იზოლატორიდან გათავისუფლებულმა ძუგაევმა ჩრდილოეთ ოსეთს მიაშურა.
XS
SM
MD
LG