Accessibility links

logo-print

კოდორის ხეობა ახალი ხელისუფლების თანადგომის მოლოდინში


5 ივნისს კოდორის ხეობაში გამოჩენილ ვერტმფრენს მოსახლეობა ყიჟინითა და თოფის სროლით შეხვდა. მათ ეს სიხარული მრავალჯერადი საპროტესტო აქციით დაიმსახურეს.

ერთ-ერთ უკანასკნელ აქციაზე ქუთაისში მათ დახმარება პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ აღუთქვა. ქალბატონმა თავმჯდომარემ პირობა არ დაივიწყა - ხეობაში 5 ივნისს გამოჩენილმა ვერტმფრენმა 10 რეისი შეასრულა. ცენტრალური ხელისუფლების დაპირების თანახმად, ამიერიდან ხეობაში ვერტმფრენის ყოველკვირეული რეგულარული რეისი უნდა დაინიშნოს. ამ პირობის შესრულება მოსახლეობას გარანტირებული არა აქვს. არადა, ცენტრის თანადგომისა და მზრუნველობის გარეშე კოდორის ხეობა მიგრაციის საფრთხის წინაშეც კი შეიძლება დადგეს. ახალმა ხელისუფლებამ კოდორის ხეობისათვის ჯერჯერობით ჯეროვნად ვერ მოიცალა - შექმნილმა ვითარებამ პრეზიდენტის რწმუნებული ხეობაში ემზარ კვიციანი აიძულა 6 ივნისს გამართულ საერთო ყრილობაზე განცხადებაც კი გაეკეთებინა შესაძლო გადადგომის შესახებ.

მართალია, კოდორის ხეობას პრობლემები არც წინა ხელისუფლების დროს აკლდა, მაგრამ წინა წლებში ამ დროისთვის უკვე იყო ხოლმე პრეზიდენტის განკარგულება კოდორის ხეობის სურსათით მომარაგების შესახებ. პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი 400-500 ათასი ლარით შეძენილი ფქვილითა და პირადი მოხმარების სხვა საგნებით ხეობა ზაფხულის თვეებში მარაგდებოდა. წელს კი ჯერჯერობით არათუ განკარგულება არ არსებობს, ისიც კი გაურკვეველია, რა სახსრებით აპირებს ცენტრალური ხელისუფლება ხეობის სურსათით მომარაგებას. სწორედ ამ უკანასკნელმა გარემოებამ ათქმევინა ემზარ კვიციანს ყრილობაზე, რომ ხალხთან ავტორიტეტის დაკარგვას თანამდებობიდან წასვლა ურჩევნია. თუმცა ეს არ იყო ოფიციალური განცხადება და ემზარ კვიციანი პოსტზე რჩება, მაგრამ - არცთუ დიდი ხნით: უახლოეს თვეებში იგი თავისი თანამდებობის სხვისთვის გადაბარებას ფიქრობს - შეიძლება ითქვას, საკმაოდ ორიგინალურად:

[ემზარ კვიციანის ხმა]" დაახლოებით 95 წლიდან დღემდის დაახლოებით 500 აბიტურიენტი გვყავს მოწყობილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ლიმიტებით. ამათგან ახლა ვინც დაამთავრებს, ვისაც დამთავრებული აქვს, ყველას მოვიწვევთ, მსურველებს, და საუკეთესოებს თვითონ ხალხს ავარჩევინებ."

მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის ხელისუფლების, შეიძლება ითქვას, ერთადერთ წარმომადგენელს, ემზარ კვიციანს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონფრონტაციული დამოკიდებულება არა აქვს, არსებობს აზრი, რომ მას ცენტრი ისე არ სწყალობს, როგორც ამას ხეობის მოსახლეობა ისურვებდა. მოსახლეობა, მაგალითად, 6 ივნისს გამართულ ყრილობაზე უმაღლესი რანგის პოლიტიკოსების დასწრებას ელოდა, მაგრამ ამაოდ.

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის პრესსამსახურის თნამშრომელი ლელა ჭელიძე ხეობისადმი მთავრობის არაადეკვატური დამოკიდებულების ერთ-ერთ ფაქტსაც ასახელებს - კერძოდ, თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებას, დააცლევინოს ოფისი კოდორის ხეობის წარმომადგენლობას, მისი სხვა ბინაში გადაყვანის პირობით. თუმცა წარმომადგენლობა, რომელიც, წელიწადის 9 თვის მანძილზე გარე სამყაროს მოწყვეტილი, ხეობის ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს, ჯერჯერობით უბინაოდ რჩება.
XS
SM
MD
LG