Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯიაში მუშაობას შეუდგა მსოფლიოს შვიდი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნისა და რუსეთის ლიდერთა შეხვედრა


სამშაბათს აშშ-ის ჯორჯიის შტატის საკურორტო ქალაქ სი აილენდში დაიწყო უმაღლესი დონის შეხვედრა მსოფლიოს შვიდი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნისა და რუსეთის ლიდერთა მონაწილეობით.

სამდღიანი სამიტის ყურადღების ცენტრში იქნება შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული და ევროპის კავშირის მიერ მოდიფიცირებული გეგმა, რომლის საბოლოო მიზნად ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის რეგიონებში დემოკრატიის დამკვიდრებას ასახელებენ. ცხადია, ეს თავისთავად გულისხმობს ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანის უფლებათა სფეროში მდგომარების გამოსწორებას.

ვაშინგტონის გეგმა სახელწოდებით "გაზრდილი ახლო აღმოსავლეთის ინიციატივა" იმთავითვე კრიტიკის საგნად იქცა არა მარტო მათი მხრიდან, ვისთვისაც იგი შემუშავებულ იქნა, არამედ თვით შეერთებული შტატების მოკავშირეთა მხრიდანაც. ევროპის კავშირმა საჭიროდ მიიჩნია, გეგმაში ცვლილებები შეეტანა, რათა იგი უფრო რეალისტური და მისაღები გამხდარიყო ახლო აღმოსავლეთის საზოგადოებისთვის.

ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს რამდენიმე განმარტება მიაწოდა სტეფანო სანინომ - ევროკომისიის პრეზიდენტის რომანო პროდის საგანგებო მრჩეველმა, რომლის თქმით, ევროკავშირმა მნიშვნელოვნად გადაახალისა დოკუმენტის თავდაპირველი ვარიანტი.

[სტეფანო სანინოს ხმა] "თავიდან ეს ამერიკის ინიციატივა იყო, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ შევძელით, ის შეგვეცვალა და მიგვეახლოებინა შეხედულებებთან, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან მიმართებით ჩვენს წარმოდგენებს ემთხვევა."

სტეფანო სანინოს თქმით, მართალია "სამოქმედო გეგმა", რომელიც სამიტის მონაწილეებმა უნდა დაამტკიცონ, კვლავინდებურად რეფორმების გატარებასა და პიროვნების თავისუფლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, მის განახლებულ ვარიანტში გათვალისწინებულია არაბი თუ სხვა მაჰმადიანი ლიდერების მიერ ბოლო ხანს გამოთქმული პრეტენზიები.

შეიცვალა პროექტის სახელწოდებაც: "გაზრდილი ახლო აღმოსავლეთის" ნაცვლად მას "გაფართოებული ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი აფრიკა" ეწოდება. თუმცა, ვაშინგტონთან გამართულ დავაში გარკვეულ დათმობებზე ევროკავშირიც წავიდა. კერძოდ, იგი დათანხმდა შეერთებული შტატების დაჟინებულ მოთხოვნას, გეგმაში ავღანეთი და პაკისტანიც ჩაერთოთ.

იმავე სტეფანო სანინოს განმარტებით, ახალი ინიციატივა მაჰმადიანური საზოგადოების ყველა დონეს მოიცავს: სამთავრობოთი დაწყებული და სამოქალაქოთი დამთავრებული. სანინო ამბობს, რომ რეგიონში რეფორმების გატარება აუცილებელია, მაგრამ ეს პარტნიორობისა და დიალოგის საფუძველზე უნდა მოხდეს.

[სტეფანო სანინოს ხმა] "პროექტი ემყარება პარტნიორობისა და დიალოგის იდეას, ხანგრძლივი თანამშრომლობის აუცილებლობას, მოსაზრებას, რომ არ უნდა არსებობდეს მიდგომა, რომლის მიხედვით ყველაფერი ყველასთვის ერთნაირად მისაღები იქნება. პირიქით, მასში ჩადებულია აზრი, რომ ყოველი ცალკეული ქვეყანა განსაკუთრებული და განუმეორებელია."

ევროპის კავშირის ლიდერები იმედოვნებენ, რომ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა პროექტს მხარდამჭერებს გაუჩენს თვით მაჰმადიანური სახელმწიფოების ლიდერთა შორისაც. სწორედ ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად უნდა ჩაითვალოს, რომ არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებას დოკუმენტი რეგიონის მომავლისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხად აღიარებს.

ჯორჯიის შტატში მიმდინარე სამიტი სამ დღეს გასტანს. შეგახსენებთ, რომ მასში მონაწილეობენ აშშ-ის, კანადის, იაპონიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერები. სამიტის შედეგებზე მისი დამთავრებისთანავე გიამბობთ.
XS
SM
MD
LG