Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიგრაციის კონტროლი ახალი ევროკავშირისთვის რეალურ პრობლემად იქცა


"ახალი ევროპის" დღევანდელ გამოშვებაში

შევეხებით საკითხს, რომელზეც ჯერ კიდევ ევროკავშირის გაფართოებამდე ბევრს მსჯელობდნენ - მიგრაცია ევროკავშირისთვის უკვე პრობლემად იქცა. ევროკომისიის წევრი ანტონიო ვიტორინო, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელ უწყებაში მართლწესრიგსა და საშინაო საქმეებს კურირებს, ევროკავშირის ქვეყნებს იმიგრაციისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ პოლიტიკის კოორდინაციისკენ მოუწოდებს. რას შეიძლება ნიშნავდეს "კოორდინაცია" - საიმიგრაციო პროცედურების გაკაცრებას, თუ კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და წევრი ქვეყნების სისტემათა მართლაც კოორდინირებულ მუშაობას? როგორც ჩანს, ერთსაც და მეორესაც, რადგან ევროკავშირს სჭირდება იმიგრანტთა გარკვეული ნაკადი.

ევროპის კავშირი დღეს ორგვარი მიგრაციის პრობლემის წინაშე დგას: ერთია შიდა მიგრაცია, ანუ ახალი წევრი სახელმწიფოებიდან მოქალაქეთა გადაადგილების ევროკავშირის ძველი, ეკონომიკურად უფრო განვითარებული სახელმწიფოებისკენ; ხოლო მეორეა - გარე მიგრაცია.

ევროკავშირის მესვეურებს სრულყოფილადაც რომ უზრუნველეყოთ ბლოკის გარე საზღვრების დაცვა, კავშირში ახლად გაწევრიანებულ სახელმწიფოებში მყოფი არალეგალური მიგრანტების რაოდენობაც საკმარისი იქნებოდა საიმისოდ, რომ ევროკავშირს მათი კონტროლის პრობლემა შექმნოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, გარე საზღვრების სრულყოფილ დაცვაზე საუბარი ჯერ ნაადრევია: მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კავშირში ახლად შესულ ქვეყნებში შეღწევა არალეგალური მიგრანტებისთვის შედარებით გართულდა, ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანების გარე საზღვრები ისე საიმედოდ აღარ არის დაცული, როგორც გაფართოებამდე იყო.

როგორ აპირებენ ამ პრობლემის გადაჭრას ევროკავშირში? ამის შესახებ წარმოდგენის შექმნაში ევროკომისარ ანტონიო ვიტორინოს ზოგიერთი მოსაზრების გაცნობაც დაგვეხმარება. აქვე გეტყვით, რომ ვიტორინო ეკონომიკურ მიგრანტთა მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენის მომხრეა და არ ეთანხმება ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც ევროკავშირს პოლიტიკური მიგრანტებისა და, ზოგადად, თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებაში ადანაშაულებენ.

ანტონიო ვიტორინოს აზრით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ მიგრაციის სფეროში პოლიტიკის კოორდინაციისათვის. ამ მხრივ უკვე არის გარკვეული მიღწევები: მაგალითად, მთელს ევროკავშირში უკვე მოქმედებს ერთიანი წესი ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის მინიმალური სტანდარტის შესახებ (საუბარია ევროკავშირში კანონიერად მცხოვრებ ადამიანებზე). დღეს კი ვიტორინო ითხოვს, რომ გამკაცრდეს ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვა არალეგალურ იმიგრაციასთან საბრძოლველად.

ადამიანის უფლებათა დამცველი ცნობილი ორგანიზაციის - "ამნესტი ინტერნეშნლის" კრიტიკის საპასუხოდ ვიტორინო აცხადებს, რომ ევროკავშირში თითქმის არ არსებობს პოლიტიკური ნება საიმისოდ, რათა იმიგრანტებს კარი უფრო ფართოდ გაუღონ.

"ამნესტი ინტერნეშნლი" ევროპის კავშირს არალეგალური იმიგრანტების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამ ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ გადადგმულ ნაბიჯებს ტერორიზმთან ბრძოლაში ურევს. "ამნესტი" აცხადებს, რომ ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკა უმრავლეს შემთხვევაში უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს. ამ შენიშვნის საპასუხოდ ევროკომისარი ანტონიო ვიტორინო განმარტავს, რომ პოლიტიკის გამკაცრება ითვალისწინებს თავშესაფრის ნამდვილ მაძიებელთა გამიჯვნას თაღლითებისგან და არა ადამიანის უფლებათა უგულებელყოფას. გთავაზობთ ნაწყვეტს ვიტორინოს ერთ-ერთი გამოსვლიდან:

[ვიტორინოს ხმა] "ძალიან დიდია თავშესაფრის მაძიებელთა სისტემაზე ზეწოლა. ამიტომ, მეტი სიმკაცრე და მისი უფრო ეფექტიანი მართვა ნიშნავს იმათ დაცვას, ვინც მართლა საჭიროებს ამას და იმათ გამოცალკევებას, ვინც ცდილობს მოატყუოს ეს სისტემა. სწორედ ეს უნდა გაითვალისწინოს "ემნისტი ინტერნეიშენალმა", რადგან სწორედ ამ გზით შეიძლება ნამდვილი იმიგრანტების საერთაშორისო ნორმების შესაბამისად დაცვა. ჩვენ ვერ შევეგუებით საიმიგრაციო სისტემის გაცურებას".

ევროკომიის წევრი არ დავობს, რომ თავშესაფრის მაძიებელთათვის გათვალისწინებულ პროცედურათა სისტემა დახვეწას მოითხოვს. თუმცა, ამავე დროს, იგი მოუწოდებს ადამიანის უფლებათა დამცველებს, ყურადღება მიაქციონ საიმიგრაციო სისტემის სხვა ელემენტებსაც, რომლებიც იმიგრანტებს ხელსაყრელ პირობებს უქმნის. ვიტორინო დასძენს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემატიკისა და საიმიგრაციო პოლიტიკის ჰარმონიზაცია ხანგრძლივი პროცესის პირველი ნაბიჯია.

არსებითად არის მიჩნეული სამომავლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმება ლტოლვილთა ერთიან სტატუსზე და მისი მინიჭებისა და ჩამორთმევის ერთიან პროცედურაზე.

რაც შეეხება იმიგრაციას, ვიტორინოს უმთავრესი რეკომენდაციაა, რომ ევროკავშირის წევრებმა გამონახონ ეკონომიკურ მიგრანტთა ლეგალურად მიღების ბალანსირებული გზა. ევროკომისარი აქ ევროკავშირის მოსახლეობის დაბერების ტენდენციის დაძლევას გულისხმობს. კიდევ ერთ პრიორიტეტად ის არალეგალურ იმიგრაციასთან და ტრეფიკინგთან ბრძოლას ასახელებს.

ვიტორინო აღიარებს, რომ ევროკავშირში იმიგრაციის კონტროლი და გარე საზღვრების ერთიანი მართვა ძალიან რთულია იმის გათვალისწინებით, რომ ეს ცალკეული წევრი ქვეყნის სუვერენიტეტს ეხება. ამის საპირისპიროდ ვიტორინო აღნიშნავს, რომ მადრიდში მომხდარმა ტერაქტმა ხელი შეუწყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურთა შეთანხმებას სისხლის სამართლის კოდექსის ჰარმონიზაციისა და ევროკავშირის გენერალური პროკურორის დანიშვნის თაობაზე.

მართლწესრიგისა და შინაგან საქმეთა ევროკომისარი მიესალმება გერმანიის, ავსტრიის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგისა და ბელგიის ბოლოდროინდელ ინიციატივას ამ ქვეყნების პოლიციელთა შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. ანტონიო ვიტორინო ამბობს:

[ვიტორინოს ხმა] "ჩვენ სულ რამდენიმე კვირაში წამოვაყენებთ წინადადებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის ისეთ მგრძნობიარე საკითხზე, როგორიც არის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლისას კრიმინალთა დაკავების მცდელობა. ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელიც ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების შეკრებაზე წამოიჭრა. ამასთან ერთად ჩვენ წამოვაყენებთ წინადადებას მგზავრთა სახელების მონაცემთა ერთიანი - ევროპული სისტემის შექმნისა და ტერორიზმთან საბრძოლველად სადაზვერვო ინფორმაციის (მათ შორის ე.წ. "დე-ენ-ემ"-ის შესახებაც კი) გაცვლის შესახებ".

ჩამოთვლილი ზომების გატარების პარალელურად ევროკავშირში იმოქმედებს ერთიანი წესი, რომელიც ტერორიზმთან და ზოგადად - დანაშაულთან ბრძოლის პროცესში პიროვნების შესახებ ინფორმაციის საიდუმლოობას უზრუნველყოფს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG