Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონდის პროგრამის აღდგენით საქართველოს ვალების რესტრუქტურიზაციის იმედი მიეცა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დახმარების პროგრამა აღუდგა. სავალუტო ფონდის საბჭომ საქართველოსთვის 144 მილიონი აშშ

დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება ვაშინგტონში 4 ივნისს გამართული სხდომის ბოლოს მიიღო. რა მნიშვნელობა აქვს ფონდის პროგრამის აღდგენას და რის ხარჯზე მოხერხდა ამ გადაწყვეტილების მიღება?

ორწლიანი შესვენების შემდეგ, გასული კვირის ბოლოს,
სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ პროგრამა აღგვიდგინა. ამ პროგრამით გათვალისწინებული დახმარებიდან 21 მილიონ აშშ დოლარს საქართველო უკვე დღე-დღეზე მიიღებს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებას მოხმარდება.

მანამდე ფონდის დირექტორთა საბჭომ თავისი სხდომა ერთი კვირით გადადო, რის მიზეზად რუსეთის მხრიდან საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციაზე პრეტენზიის მოხსნის შესახებ ვაშინგტონში ოფიციალური შეტყობინების დაგვიანება იქცა. საქართველოს მთავრობას ფონდის პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად, ისევე როგორც 2001 წელს, რუსეთის მიმართ დათმობებზე წასვლა მოუხდა, რასაც ოპოზიციის მხრიდან დიდი ხმაური მოჰყვა. "ვნეშეკონომბანკში" საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ ანგარიშებზე უარის თქმისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისათვის ჩვენი მხრიდან "მწვანე შუქის" ანთების შემდგომ, რუსეთმა სავალუტო ფონდს, როგორც იქნა, ამგვარი დასტური გაუგზავნა.

ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი რუსეთის მიმართ კომპრომისს აუცილებლობით ხსნის, ვინაიდან თუ ფონდი პროგრამას არ აღადგენდა, "პარიზის კლუბში" მევალეებთან მოლაპარაკებისას იგი საქართველოს მხარდაჭერას ვერ შეძლებდა, რასაც შედეგად მოჰყვებოდა კრედიტორების "ჭირვეულობა" და ვალების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკების ჩაშლა. ამ შემთხვევაში, საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო საგარეო ვალების გადახდა, ამის საშუალება კი, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანას დღეს ნამდვილად არ გააჩნია:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "ბუნებრივია, უმჯებესი იქნებოდა, რომ საქართველოს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონოდა და ჩვენ საერთოდ არ დაგვჭირვებოდა ვალების რესტრუქტურიზაცია; უკეთესია, თუ ჩვენ არ გვექნება ვალები და დავალიანებები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, მაგრამ ეს არის ის სასტარტო პირობები, რომელიც დღევანდელმა მთავრობამ მიიღო წინა მთავრობისგან. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, მოვახდინოთ საგარეო ვალების რესტრუქტურიზაცია, რათა მივმართოთ უფრო მეტი თანხები სოციალური და ეკონომიკური პროგრამების დასაფინანსებლად. ეს არის სასტარტო პოზიცია და მთავრობის ამოცანაა ეს ყველაფერი უზრუნველყოს, ესმოდეს ეს და არ იყოს ისეთი პრობლემებით დაკავებული, რაც ამ ქვეყნის ინტერესს არ შეესაბამება, ანუ არ იყოს ზღაპრებით დაკავებული და ესმოდეს ის, რაც აუცილებელია."

საბოლოოდ, ფონდმა საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო, რაც მთავრობას აძლევს იმედს, რომ "პარიზის კლუბში" ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხის გადაწყვეტაც ჩვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ შედეგის მისაღწევად ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა დასჭირდა, ფინანსთა მინისტრი მაინც დარწმუნებულია, რომ ეს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.
XS
SM
MD
LG