Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემუქრება თუ არა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარიცხვა საწევრო გადასახადების გადაუხდელობის გამო


წლების მანძილზე, საქართველოში არსებული საბიუჯეტო კრიზისის შედეგად, უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხარჯების დაფინანსება დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

ამავე მიზეზით ვერ ხერხდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების საწევრო გადასახადების გადახდაც. მაგალითად, 1997 წლიდან საქართველოს "შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის" მიმართ 240 ათასი აშშ-ის დოლარის დავალიანება დაუგროვდა. ამ ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვა გარდაუვალი იქნება, თუ ოფიციალური თბილისი ერთი წლის დავალიანებას, 38 ათას დოლარს მაინც, არ გადაიხდის.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია "შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის" საპარლამენტო ასამბლეის სესიიდან შემაშფოთებელი ინფორმაციით დაბრუნდა. დელეგაციის წევრმა, პარლამენტარმა ვასილ მაღლაფერიძემ, 7 ივნისს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ამ ორგანიზაციიდან გარიცხვა ემუქრება საწევრო შენატანის გადაუხდელობის გამო. ვასილ მაღლაფერიძემ ჩემთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამას ორგანიზაციის სხვა წევრები საქართველოს წინაღმდეგ იყენებენ:

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] "იქ უკვე ვიღაცის პოზიციების გაძლიერებაზეა საუბარი, აქედან გამომდინარე, ვიღაცის ოდნავ შესუსტებაზე, და საქართველო ამ პროცესებში მაჩანჩალა აღმოჩნდა. ჩვენ ბევრ შემთხვევაში შევიკავეთ თავი. საუბარი აღარ არის იმაზე, რომ ჩვენ საკითხი დავსვათ, რომ ჩვენ ბევრ შემთხვევაში წაგვერთვა იმის უფლება, რომ ჩვენი პოზიციაც გამოგვეხატა. "(სტილი დაცულია)

"შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის" საპარლამენტო ასამბლეის მსგავსად, საქართველოს საწევრო გადასახადების დავალიანება აქვს კიდევ 64 საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ, საერთო მოცულობით, 60 მილიონი ლარი. ამ ორგანიზაციებს შორის არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც, რომლის მიმართაც საქართველოს დავალიანება 6,3 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე დიდია საწევრო გადასახადის დავალიანება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის, იუნესკოს, ევროსაბჭოს, ეუთოსა და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ორგანიზაციების მიმართ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე გაბაშვილმა ჩემთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციათა უმრავლესობის წესდების მიხედვით, საწევრო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, ურჩი ქვეყანა გარიცხვით ისჯება:

[კონსტანტინე გაბაშვილის ხმა] "გახსოვთ, აი, გვალვა რომ იყო, მძიმე წელი, "ფაო" რომ არ ყოფილიყო და, საერთოდ, ყოველ წელს რომ არ იყოს "ფაოს" დახმარება, მათ შორის, ხორბალზე... ახლა ჩვენ დავალიანება დიდი გვაქვს და რაღაცნაირად ამის დაძვრა უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ, თუ დავკარგეთ ხმის უფლება, ეს დახმარების დაკარგვასაც ნიშნავს."(სტილი დაცულია)

საქართველოს 2004 წლის ბიუჯეტში საერთაშორისო ორგანიზაციებში მიმდინარე საწევრო გადასახადისა და დავალიანებების დასაფარად 1,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ეს თანხა 60 მილიონის გასასტუმრებლად საკმარისი არ არის. თუმცა კონსტანტინე გაბაშვილს იმედი აქვს, რომ თუ საქართველო საწევრო შენატანების გადახდის პროცესს დაიწყებს, მისი მდგომარეობა საერთაშორისო ორგანიზაციებში საგრძნობლად გაუმჯობესდება.
XS
SM
MD
LG