Accessibility links

logo-print
გავრცელებული სტერეოტიპების მეშვეობით, ბევრისთვის ‘ამერიკის’ იერსახე, სხვა მრავალ ასპექტთან ერთად, სწრაფი კვების და ჰამბურგერების ასოციაციას იწვევს; ‘იტალიის’ - პიცისა და პასტის; ‘ინდოეთის’ - კარისა და ჩაპატის. მსოფლიო მრავალფეროვან კულტურებს და, შესაბამისად, მრავალფეროვან სამზარეულოებს იცნობს; მაგრამ, ამ მრავალფეროვნების ფონზე, პლანეტის ბევრი წერტილის მცხოვრებლებს კვების ერთი გამორჩეული კულტურა - ვეგეტარიანელობა - აერთიანებთ. დღეს სწორედ ვეგეტარიანელობისა და იმ თავისებურების შესახებ მინდა გესაუბროთ, რომელიც კვების ამ მეთოდს საქართველოში ახასიათებს.

"გურმანი ვარ და მომწონს აქაური საჭმელები. მიდრეკილებაც მაქვს, რომ ხორცი უკუვაგდო, მაგრამ ვეგეტარიანელი მაინც არ ვარ. იშვიათად, რომ ქართველი ვეგეტარიანელი იყოს" - გვითხრა ვეგეტარიანულ კაფე "ლოტოსში" სადილად მისულმა ახალგაზრდა ქალმა და დასძინა - "ისე, მე ადრე არ ვიცნობდი, ახლა კი ბევრი ამბობს, რომ თურმე ვეგეტარიანელი ყოფილა. ერთმა თქვა ამას წინათ, ოცდახუთი წელია ვეგეტარიანელი ვარო".

ჩემთვის, როგორც საქართველოში მცხოვრები ერთ-ერთი ვეგეტარიანელისთვის, სიუჟეტზე მუშაობის პროცესში მსგავსი ფაქტების აღმოჩენა უაღრესად საინტერესო იყო, ვინაიდან, როდესაც რამდენიმე წლის წინ ხორცის უარყოფის გადაწყვეტილება მივიღე, მაშინ ვეგეტარიანელობის სხვა მიმდევარს არავის ვიცნობდი. როგორც სჩანს, კვების ეს სპეციფიკური და გლობალურად გავრცელებული მეთოდი საქართველოშიც შემოდის და, მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამზარეულო მნიშვნელოვნადაა ხორცეულზე ორიენტირებული, ვეგეტარიანელობით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ თბილისში, პუშკინის სკვერთან მდებარე ვეგეტარიანული კაფე ‘ლოტოსის’ თანამშრომლები:

"ძალიან მიყვარს ვეგეტარიანული კაფე, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია ვეგეტარიანულ კვებასთან, ადამიანის ჯანმრთელობასთან, სულიერებასთან, ზნეობასთან. მე თვითონ უკვე ათი წელია ვეგეტარიანელი ვარ" - გვეუბნება კაფეს მზარეული, ნატო ლომთაძე. "ყველაფერ ამას რელიგიური თვალსაზრისით, სათნოებაში განვიხილავდი - რომ არ შეიძლება ხორცის ჭამა; ჯერ ვიცავდი ქრისტიანულ მარხვებს და მერე, საერთოდ, უარვყავი ხორცის ჭამა. ვეგეტარიანულ კვებაზე გადავედი და ვმუშაობ ვეგეტარიანულ კაფეში. მუდმივი კლიენტებიც გვყავს, ერთგულებიც; ჩვეულებრივი ქრისტიანული სამყაროდან მორწმუნეები და ყველანაირი კლიენტი გვყავს. უცხოელები განსაკუთრებულად ინტერესდებიან."(სტილი დაცულია)

ვეგეტარიანელობის ძირითადი პრინციპი ხორცის უარყოფაა. თუმცა კვების ეს მეთოდი სხვადასხვაგვარ ვარიაციებს შეიცავს - არსებობს ვეგეტარიანელობის როგორც მსუბუქი, ისე კიდევ უფრო გამკაცრებული ფორმები. თუ პირველ შემთხვევაში დასაშვებია, მაგალითად, თევზის მიღება, მეორე ფორმა ხორცთან ერთად ნებისმიერ ცხოველურ საკვებს კრძალავს.

მაგრამ ფორმებზე მეტად მრავალფეროვანია ის მიზეზები, რომლებიც ადამიანებს ვეგეტარიანელობის ამა თუ იმ ფორმაზე გადასვლისკენ უბიძგებს. ამ მიზეზებს შორის ფიგურირებს როგორც რელიგიური ფაქტორები, ისე ეკოლოგიური და ეკონომიკური; ზოგჯერ ვეგეტარიანელობას, უპირველესად, ჯანმრთელობაზე ზრუნვით ხსნიან; არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხოველების მიმართ თანაგრძნობა და არაძალადობრიობის პრინციპების გაზიარება. ვეგეტარიანული კაფეს დამფუძნებელმა, ემზარ ელკანაშვილმა, ჩემთან საუბარში ძირითად ფაქტორად სწორედ ეს უკანასკნელი გამოყო: "მე ბავშვობიდან არ ვჭამ ხორცს, ახლა არ გავმხდარვარ ვეგეტარიანელი. ყოველთვის მეცოდებოდა ცხოველები. ჯერ მარტო, უბრალოდ, რომ ხედავ, რაღაცა სტკივა - აი, მანქანა რომ ძაღლს შემთხვევით ფეხზე გადაუვლის და რომ წკმუტუნებს. მით უმეტეს, ცხოველს რომ მოკლავ და რომ შეჭამ. ეს, მე მგონი, შემზარავი რაღაცაა".

ვეგეტარიანელობა საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდებაო, გვითხრა ემზარ ელკანაშვილმა: "თავიდან უფრო უცხოელები მოდიოდნენ, მაგრამ მერე უკვე ჩვენი ხალხიც წამოვიდა. ევროპიდან ჩვენშიც შემოვიდა ვეგეტარიანელობა და, ეტყობა, ბევრმა გაიგო ამის შესახებ. არიან, რა თქმა უნდა, ისეთებიც, რომლებიც მკაცრი ვეგეტარიანელები არიან - ბევრი, სხვათა შორის; მე არც კი მეგონა. მერე და მერე გამოჩნდნენ."(სტილი დაცულია)

რაც უნდა მრავალფეროვანი იყოს ვეგეტარიანელობის ფორმები ან კვების ამ მეთოდზე გადასვლის მიზეზები, მსოფლიო ვეგეტარიანელებს, ალბათ, ერთი რამ მაინც გვაერთიანებს - ჩვენ, როგორც წესი, დიდი ენთუზიაზმით ვსაუბრობთ ვეგეტარიანელობის უპირატესობებზე.

უწინარესად ჯანმრთელობის გაუმჯობესებით დაინტერესებული, ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი ვეგეტარიანელი გეტყვით, რომ კვების რაციონიდან ხორცის ამოღება სიმსივნეების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა; სულიერების გამდიდრებაზე ორიენტირებული ვეგეტარიანელი კვების ამ მეთოდის უპირატესობად აგრესიის აღმოფხვრას და მშვიდი განწყობის მოპოვებას დაგისახელებთ; სხვები მოგიყვებიან იმ მართლაც შემზარავ პირობებზე, რომლებშიც ცხოველები და ფრინველები იმყოფებიან თანამედროვე მასობრივი წარმოების ფერმებში და აღნიშნავენ, რომ ხორცეულის უარყოფით ცხოველების ტანჯვის ხელშეწყობაზე ამბობენ უარს. კიდევ სხვები კი ვეგეტარიანელობის უპირატესობად არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორს დაგისახელებენ - რომ ვეგეტარიანული საკვები თითქმის ყველა ქვეყანაში ბევრად უფრო იაფი და ხელმისაწვდომია, ვიდრე ხორცის პროდუქტები.

თუმცა, რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში ვეგეტარიანელების მოტივაციას არა ცალკე აღებული ეს ფაქტორები, არამედ მათი კომბინაცია წარმოადგენს. როგორც კაფე "ლოტოსის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, ვეგეტარიანელობა ცხოვრების სტილის და პიროვნული ფილოსოფიის საფუძველი შეიძლება გახდეს: "მე ნანა მქვია, და რამდენიმე წელია ვეგეტარიანულ კაფე "ლოტოსში" ვმუშაობ. ვეგეტარიანელობა ჩემთვის, უპირველესად, კვების უბრალო სისტემა კი არ არის, რომელიც უარს ამბობს ხორცის, თევზის და კვერცხის მიღებაზე, არამედ ეს ცხოვრების სტილი და ჩემი პირადი ფილოსოფიის ნაწილია. სიტყვა ვეგეტარიანელობა ლათინური სიტყვა, ვეგეტუსისგან მომდინარეობს და ჯანმრთელობას, სიძლიერეს და მხნეობას ნიშნავს."

"ლოტოსის" მენიუში კერძების ჩამონათვალთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის თუ ეპოქის გამოჩენილი ვეგეტარიანელების სახელებსაც ამოიკითხავთ - მათ შორის: პლატონს, სოკრატეს, ლეონარდო და ვინჩის, ჯონ მილტონს, ისააკ ნიუტონს, ლევ ტოლსტოის, ბენჯამინ ფრანკლინს, ბერნარდ შოუს, მაჰათმა განდის, ალბერტ აინშტაინს და ჯონ ლენონს. ამ პიროვნებების გამორჩეული ნიჭის ჩამოყალიბებაში ვეგეტარიანელობის "როლის" დადგენა, ალბათ, შეუძლებელი და არასერიოზულიც იქნება; მაგრამ მათი სახელების ჩამონათვალი, ალბათ, მაინც ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ვეგეტარიანელობა პიროვნულ დახვეწას და ჰუმანურობის განმტკიცებას ემსახურება.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ - ვეგეტარიანელები - ამაში დარწმუნებული ვართ.
XS
SM
MD
LG