Accessibility links

logo-print

კახეთი - სტიქიური უბედურების ზონა


წლევანდელი ზაფხული საქართველოსთვის უჩვეულოდ გრილი და ტენიანი გამოდგა. გარდა იმისა, რომ დაბალია ჰაერის საშუალო ტემპერატურა, როგორც წესი, თითქმის ყველა დღე წვიმიანია.

ამ მხრივ, გამონაკლისი არც 8 ივნისის ღამე ყოფილა. თუმცა სტიქიამ განსაკუთრებულად თავი კახეთის მხარეში გამოიდო: ორსაათიანი თავსხმა წვიმის, სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად, ყვარლის, თელავისა და გურჯაანის რაიონის მოსახლეობამ სერიოზული მატერიალური ზარალი ნახა. დაზიანდა საცხოვრებელი ბინები, გზები; ათასობით ჰექტარზე განადგურებულია ვენახები.

ღამის ორ საათზე დაწყებული კოკისპირული წვიმის, ქარიშხლისა და სეტყვის შედეგად, ყველაზე მეტად ყვარლის რაიონი დაზარალდა. როგორც რაიონის გამგებლის მოადგილე ზურაბ ფეიქრიშვილი აცხადებს, წყალდიდობამ, რომელიც, დაახლოებით, ორი-სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ყვარლის მოსახლეობის, სულ ცოტა, ნახევარს მაინც სასიკვდილო ხიფათი შეუქმნა:

[ზურაბ ფეიქრიშვილის ხმა] "გზები ჩაიხერგა, ყვარელი-თელავის მისასვლელი გზა, ფაქტობრივად, გადაიკეტა - ხეები დაგლიჯა, მერე მდინარეები ადიდდა. წყალდიდობაა ძალიან დიდი, სოფლებში პატარა მდინარეებიც კი ადიდდა და დურუჯზე მერე გვქონდა ძალიან დიდი პრობლემა. იქ, ბატონ ბადრი პატარკაციშვილის დახმარებით, კეთდებოდა დამცავი ჯებირი და იმან დაიჭირა, თორემ შეეძლო გუშინ ნახევარი ქალაქი წაეღო დურუჯს."

დურუჯმა და გამძვინვარებულმა სტიქიამ ნახევარი ქალაქი ვერა, მაგრამ ყვარლელ ფერმერთა წლის მოსავალი კი ნამდვილად წაიღო. დატბორილია 40 ათას ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მათ შორის, ფერმები და ახაშენის ვენახები. თუმცა უკეთესი მდგომარეობა არც მეზობელ გურჯაანის რაიონშია, სადაც, ძლიერი წვიმისა და ნიაღვრის შედეგად, დაზიანებულია საავტომობილო გზები, კანალიზაციის სისტემა.

[ზაზა კობიაშვილის ხმა] "კერძო სექტორში სავარგულები დაზიანდა, დაზიანდა სახლები. ერთ-ერთ პირვნებას ქალაქ გურჯაანში ავტოფარეხი მოუგლიჯა და იქიდან მანქანა გაიტაცა და რამდენიმე ათეულ მეტრში ჩაიტანა და მოსრისა."

ეს იყო ზაზა კობიაშვილი, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენის საკრებულოს თავმჯდომარე. მისი თქმით, სტიქიით დაზარალებული ადგილები 9 ივნისს სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ მელიქიშვილმა და საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარემ რომან დალაქიშვილმა მოინახულეს, რაც მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურის აღდგენის წინაპირობად შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა საკითხავია, ვინ დაეხმარება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს. ამასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა კოტე ხუცაიძემ სანუგეშო ვერაფერი გვითხრა:

[კოტე ხუცაიძის ხმა] "სამწუხაროდ, ბიუჯეტი ჯერჯერობით, მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, არ არის ის თანხები და იმის საშუალება, რომ, ვთქვათ, ბიუჯეტმა კომპენსაციები გასცეს. თან ჩვენი სამინისტრო სუფთა მიზნობრივი პროგრამებით ფინანსდება. ჯერ მართლა არ არის ქვეყანა იმ დონეზე, რომ შეძლოს პრევენციულად ასეთი ღონისძიებების განხორციელება, ვთქვათ, კომპენსირება დაზიანებული სავარგულების და ასე შემდეგ."(სტილი დაცულია)

სამწუხაროდ, დამშვიდების საფუძველს არც ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ინფორმაცია იძლევა. როგორც ჩემთან საუბარში ოპერატიული პროგნოზირების სამსახურის უფროსი ირაკლი ჩოგოვაძე აცხადებს, წვიმიანი დღეები თვის განმავლობაში კვლავ უხვად იქნება. უფრო მეტიც:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] "სამწუხაროდ, სეტყვებიც იქნება სხვადასხვა ადგილებში, ზუსტად ვერ დაგისახელებთ... მაგალითად, კახეთში აუცილებლად იქნება, ქართლშიც იქნება, მაგრამ ცალკეულ წერტილებში, რომლებიც დაკავშირებულია ცალკეული ღრუბლების განვითარებასთან."

ირაკლი ჩოგოვაძე ნალექის მატებასა და ტემპერატურის დაცემაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში მაისი და ივნისი, ტრადიციულად, ყველაზე უხვნალექიანი თვეებია.
XS
SM
MD
LG