Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწვევს თუ არა ცხინვალის მიმართულებით თბილისის მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუარესებას


როგორც წლების მანძილზე ხდებოდა, რუსეთის სახელმწიფო დუმა ახლაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებას გამოესარჩლა. მოსკოვში არცთუ გაგებით შეხვდნენ

საქართველოს ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისკენ გადადგმულ ჰუმანიტარულ ნაბიჯებს. მოსკოვში გავლენიანი პოლიტიკური ძალები აცხადებენ, რომ თბილისი ოსი მოსახლეობის დახმარებით ცხინვალის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების წამოსაწყებად ემზადება. როგორ უნდა მოიქცეს თბილისი, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს?

ერთი კვირის წინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯები გადადგა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობის დასახმარებლად, რუსეთის სახელმწიფო დუმამ სამხრეთ ოსეთის საკითხზე მოსმენა დანიშნა. პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით თბილისის ნაბიჯები გააკრიტიკა და ასე აგორდა რუსეთის საზოგადოებაში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის კიდევ ერთი ტალღა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ერთია პრეზიდენტი პუტინი, რომელიც სიტყვის კაცია და, აჭარაზე რომ წაიკითხოთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები, მოკვდებით სიცილით. ასეთი განცხადებები ჰქონდათ დაწერილი 50. ასე რომ, არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები არის მაღალ დონეზე."

ქართველი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამ განცხადების საფუძველს რუს კოლეგასთან მიღწეული შეთანხმებები აძლევს. თუმცა პოლიტოლოგი დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელებს შორის სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ყველაფერი შეთანხმებული არ არის:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] "შეიძლება მცდელობები არის, მაგრამ შედეგი მაინცდამაინც არაა ნათელი ან მცდელობების ნაკლებობაც არის. ყოველ შემთხვევაში, რახან ასეა ხელისუფლების მიერ დასახული, რომ ძალიან მალე გაირკვეს და გადაწყდეს სამხრეთოსური პრობლემა, მაშინ ქმედებაც უნდა იყოს ძალიან დინამიკური, მრავალმხრივი და ურთიერთგაგება მიღწეული იქნეს როგორც მოსკოვში, ისე ცხინვალში."(სტილი დაცულია)

დავით დარჩიაშვილის აზრით, საჭიროა როგორც საქართველო-რუსეთს შორის, ასევე ოსურ საზოგადოებასთან აქტიური დისკუსიისა და დიალოგის გამართვა. ეს საჭიროა ქართული საზოგადოებისთვისაც, რომელიც ჯერ მზად არ არის სამხრეთ ოსეთის, როგორც ადმინისტრაციული სუბიექტის, საქართველოში ინტეგრირებისთვის.

[რამაზ კლიმიაშვილის ხმა] "უნდა გასაგებად იყოს ახსნილი, იმიტომ რომ ჩვენ თუ სტატუსს ვაძლევთ, ისინი ვერ იტყვიან, თუ რატომ არ მოსწონთ ის სტატუსი, იმიტომ რომ მათ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, არავინ არ მიიღებს. ასე რომ, მათ საქართველოში რაღაც სტატუსი უნდა ჰქონდეთ. დღეს არის უაზრო სიტუაცია: არავითარი სტატუსი არ აქვთ აბსოლუტურად, საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებული არ არის და ბევრს, სამწუხაროდ, არ ესმის, რომ ამის მოგვარება შეიძლებოდა ელემენტარულად."(სტილი დაცულია)

ეს იყო პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ამით თბილისი თავიდან აიცილებს ურთიერთობის გართულებას როგორც მოსკოვთან, ასევე თავად სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან.
XS
SM
MD
LG