Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედაქალაქის სისუფთავისთვის გურჯაანელები თბილისში ნაგვის 5 ახალ ურნას დგამენ


"ერთად ვიზრუნოთ ქალაქის სისუფთავისთვის, ვისიამოვნოთ სუფთა გარემოში"- ასეთი სახელწოდებით გაიმართა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "აისის",

იმავე "გურჯაანის ნაყინისა" და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ემ-ჯი-ემის მიერ მოწყობილი აქცია, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქს ახალი მრავალფერად მოხატული 5 ნაგვის ურნა შეემატა. ურნები სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა მოხატეს. მარტივ მხატვრობაში ყვავილები, თოვლის კაცები და, რაღა თქმა უნდა, ნაყინის ლოლუები ჭარბობდა. ამ ორიგინალური ურნების დედაქალაქის ხალხმრავალ უბნებში განთავსების მთავარი მიზანი სწორედ ნაყინის შესაფუთი ქაღალდებისგან ქუჩების დაბინძურების თავიდან აცილებაა. "გურჯაანის ნაყინის" სიმბოლურ აქციას, აქციის ორგანიზატორთა აზრით, უახლოეს ხანში სხვა ფირმებიც შეუერთდებიან. თუმცა სისუფთავის დაცვას მხოლოდ ურნების სიმრავლე რომ ვერ უზრუნველყოფს, თბილისის ქუჩებში გავლითაც დარწმუნდებით.

[ცოცხის ხმა]

როგორც დედაქალაქის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, დილის 9 საათისთვის თბილისი უჩვეულოდ სუფთა ქალაქია. ცოცხიანი მეეზოვეები ქალაქის ცენტრალურ უბნებში დღის განმავლობაშიც მუშაობენ, მაგრამ...

[მეეზოვის ხმა]"იმუშავე, არ იმუშავე, ფულს არ გაძლევს. ცუდი ადამიანია, ცუდი უფროსი. რა ვიცი, რამდენს მაძლევს, 50 ლარს. ყოველდღე ვმუშაობ, ყოველდღე. დასვენების დღე არ მაქვს, დღესასწაულზეც ვმუშაობ, რა ვქნა?!"

უფროსებზე განაწყენებულ ქურთ მეეზოვეს "გურჯაანის ნაყინის" მიერ განთავსებული ნაგვის ურნებიც მოეწონა და ის იდეაც, რისთვისაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "აისი" გაისარჯა. იგი იმედოვნებს, რომ ამის შემდეგ მცირედით მაინც გაიზრდება მათი რიცხვი, ვინც ნაყინისა და გამაგრილებელი სასმელების შესაფუთ საშუალებებს ტროტუარებსა და გაზონებზე კი არ დაყრის, ნაგვის ყუთებში ჩაუშვებს.

[ბავშვების ხმა] "ჩვენ ვყრით ურნებში ქაღალდებს. რა ვიცი, არის აგერ ურნები, დგას ხოლმე.მეც ურნაში ვაგდებ. ბევრი ნაყინი მიყვარს."

სხვათა შორის, ნაყინის ქაღალდების ჩასაყრელი მოხატული ურნების იდეა პირველად სწორედ ბევრი ნაყინის მოყვარული ბავშვებისგან წამოვიდა. ბავშვების მიერ გამოთქმული სურვილი წერილობით ნაყინის მწარმოებელ ყველა ფირმას დაეგზავნა. "აისი" ჯერჯერობით პირველი და ერთადერთია. სხვა საკითხია, რომ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე, ზაფხულის სეზონის დადგომის მიუხედავად, წელს საგრძნობლადაა შეზღუდული ნაყინის სარეალიზაციო მაცივრების განთავსება. აკრძალულია ასევე მზესუმზირის ინდივიდუალური გაყიდვა, თუმცა არა ქალაქის სისუფთავის დაცვის მიზნით.

[მზესუმზირის გამყიდველის ხმა]" ერთი მილიცია ამამკრავს, იქ გამაგდებს, მეორე მილიცია ამამკრავს, იქ გამაგდებს და რისთვის, გეკითხები. თუ სემიჩკის გაყიდვა მიზანშეწონილი არ არის, არსად არ უნდა იყოს, შენ შამოგევლოს ჩემი თავი, შვილო. და ჯამით დაგვაქვს. ეს ჯამის ტარებაც არ შეიძლებაო. როგორ გავაკეთოთ, შენ შამოგევლოს ჩემი თავი. ორი კვირა წვიმაში იმიტომ ვიყავი და იმიტომ ტაშს ვუკრამდი მე, ასაკიანი ქალი, რო მოდის ღმერთი-მეთქი?!"(სტილი დაცულია)

დედაქალაქს მზესუმზირის ნარჩენებიც აბინძურებს. მაგრამ თავისი უსუსურობითა და უსახსრობით გამწარებული ამ ქალბატონის სიტყვების შემდეგ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ქალაქის დასუფთავება ზოგადი პრობლემებისაგან განყენებული საკითხი არ არის და მასაც მაშინ მოევლება საფუძვლიანად, როცა სახელმწიფო რიგით ადამიანებზე ზრუნვას დაიწყებს.
XS
SM
MD
LG