Accessibility links

logo-print

აჭარაში წინასაარჩევნო დაპირისპირება საარჩევნო კომისიებსაც მისწვდა


დავით პაიჭაძე, თბილისი აჭარაში წინასაარჩევნო ვითარება იძაბება. ცნობილია, რომ საარჩევნო კონკურენცია, ძირითადად, რესპუბლიკურ პარტიასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებობს. რესპუბლიკელები

ნაციონალურ მოძრაობას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უსაყვედურებენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო კომისიებიდან რესპუბლიკელთა წარმომადგენლობა გამოაძევეს.

აჭარაში წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მორიგი რეგისტრაცია გამოცხადდა. აჭარის მკვიდრი მოქალაქეები ასეთ რეგისტრაციას წელს უკვე მესამედ გადიან: 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების, 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისა და 20 ივნისის აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებისათვის. ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პაატა კიკვაძემ განმიცხადა, რომ კომისიათა წევრები არ სჯერდებიან მოქალაქეთა ინიციატივას და თავად დადიან საცხოვრებელ ადგილებში ამომრჩევლის სარეგისტრაციოდ:

[კიკვაძის ხმა] "კარდაკარ სიარული და რეგისტრაცია დავიწყეთ სულ ორი დღეა. პროცესი ნელ-ნელა მიდის. რა გითხრათ... აქტივობა არის."

რაც შეეხება პარტიების წარმომადგენელთა თანაფარდობას საარჩევნო კომისიებში, პაატა კიკვაძის თქმით, სურათი ასეთია:

[კიკვაძის ხმა] "ერთია პრეზიდენტის რწმუნებულის დანიშნული, ანუ თავმჯდომარე. ორ წევრს ნიშნავს საპრეზიდენტო საბჭო, ოთხ წევრს ნიშნავს ნაციონალური მოძრაობა, ორ-ორ წევრს ნიშნავს ლეიბორისტული პარტია და მრეწველობა გადააარჩენს საქართველოს."

ხელვაჩაურის რაიონის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილმა მურმან დუმბაძემ, რომელიც რაიონის ყოფილი გამგებელი და რესპუბლიკური პარტიის წევრია, რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, რომ რესპუბლიკელები პრაქტიკულად ამოყრილნი არიან საუბნო საარჩევნო კომისიებიდან.

[დუმბაძის ხმა] "ჩვენ, რესპუბლიკელები და ნაციონალები ხომ ინტეგრირებული პარტია ვიყავით. ამიტომ რესპუბლიკელებს დამოუკიდებლად უბნის კომისიის წევრები არ წარუდგენიათ. ისინი წარადგინეს ნაციონალებიდან. მაგრამ წარდგენილთაგან ნაწილი იყო რესპუბლიკელების მომხრე, ნაწილი - ნამდვილი ნაციონალი. ადამიანები, ვისაც მათგან განსხვავებული აზრი ჰქონდა, თითქმის ყველა ამოყარეს, ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამოყარეს რესპუბლიკელები. ესაა საუბნო კომისიათა წევრების, დაახლოებით, ¾-ზე მეტი."

ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პაატა კიკვაძე მურმან დუმბაძის ამ შენიშნვის გამო განმარტავს:

[კიკვაძის ხმა] "ნაციონალური მოძრაობა თავის კვოტას ვის დაუთმობს, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. პრინციპში არც ვიცი, ადგილზე ვინ რესპუბლიკელია და ვინ - ნაციონალი."(სტილი დაცულია)

ავტონომიური რესპუბლიკის საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობას მურმან დუმბაძე ასე აკრიტიკებს:

[დუმბაძის ხმა] "აჭარის საუბნო კომისიების 80% არიან აღორძინების წარმომადგენლები, რომლებიც აყალბებდნენ არჩევნებს უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში. ნაციონალური მოძრაობის შტაბბინაში ტრიალებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვარბევდნენ. ესენი არიან მარბიელთა ჯგუფის ხელმძღვანელები. ერთადერთი ასლან აბაშიძე აკლია ნაციონალურ მოძრაობას, დანარჩენი ყველა იქ არის."

კრიტიკის პასუხად, პაატა კიკვაძე ამბობს, რომ მასთან, ხელვაჩაურის საარჩევნო კომისიებში, აღორძინების დროინდელი წევრები უიშვიათეს გამონაკლისს წარმოადგენენ.
XS
SM
MD
LG