Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა და მსოფლიო რონალდ რეიგანს ეთხოვებიან


ამ დღეებში შეერთებული შტატები გლოვობს: ამერიკელები ეთხოვებიან თავიანთ ყოფილ პრეზიდენტს, XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს - რონალდ რეიგანს.

თუმცა, რეიგანის გარდაცვალებამ, რასაკვირველია, არა მარტო ამერიკელები დაამწუხრა და მომდევნო რამდენიმე წუთს, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტ რეიგანის სახელთან დაკავშირებულ მთავარ მოვლენებს გავიხსენებთ, ვუთმობთ უცხოეთის გამოხმაურებას მის გარდაცვალებაზე. მაგრამ ჯერ იმის შესახებ, თუ რამ გახადა რონალდ რეიგანი, ჰოლივუდის საშუალოდ პოპულარული მსახიობი და, როგორც ბევრი იხსენებს, უბრალო კაცი - დიდ პრეზიდენტად.

რონალდ რეიგანი 1981-89 წლებში, ანუ ორი ვადით იყო აშშ-ის პრეზიდენტი და როცა ამ პოსტს ეთხოვებოდა, უჩვეულოდ მაღალი პოპულარობით სარგებლობდა. ასეთი პოპულარობა II მსოფლიოს ომის დროინდელი პრეზიდენტის, ფრენკლინ რუზველტის შემდეგ აღარავის ღირსებია. და ეს მიუხედავად რეიგანის საკამათო საშინაო პოლიტიკისა: მისი მმართველობის წლებს უკავშირდება სოციალური ხარჯებისა და გადასახადების მკვეთრი შეკვეცა - შედეგად, მდიდარსა და ღარიბს შორის სხვაობის მატება.

მაგრამ რონალდ რეიგანს ჰქონდა ერთი უნარი, რომლის წყალობითაც მის პოპულარობას ამერიკელებში მისი რეფორმების არაპოპულარობაც კი ვერაფერს აკლებდა: რეიგანი კომუნიკაციის განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოვებული, შეეძლო რამდენიმე მარტივი წინადადებით ჩამოეყალიბებინა რთული პრობლემა, თუ ამ პრობლემის მოგვარების არნაკლებ რთული გეგმა. ეს უნარი, რასაკვირველია, საგარეო პოლიტიკაშიც მჟღავნდებოდა.

[რეიგანის ხმა] "რასაც ახლა აღვწერ, არის გეგმა და ვიმედოვნებ, გრძელვადიანი გეგმა. ეს არის თავისუფლებისა და დემოკრატიის სვლა, რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმს ისტორიის ნაგავსაყრელზე მოიტოვებს, ისევე როგორც მოტოვებული აქვს სხვა ტირანიები..." [ ] ეს იყო ნაწყვეტი ბრიტანეთის პარლამენტში რონალდ რეიგანის 1982 წლის გამოსვლიდან, როცა მან ერთგვარი "ანტიკომუნისტური ჯვაროსნული ლაშქრობის" გეგმა წარადგინა. მალე მის სიტყვას საქმეც მოჰყვა. დაიწყო შეერთებული შტატების ისტორიაში (მშვიდობიანი პერიოდი იგულისხმება) არნახული მასშტაბის სამხედრო მზადება.

[პეჰეს ხმა] "ვფიქრობ, რეიგანი დიდ აღიარებას იმსახურებს უბრალოდ იმის გამო, რომ პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იყო, რომელიც მიხვდა: საჭირო იყო საბჭოთა კავშირთან სერიოზულად დაპირისპირება. და ვფიქრობ, მან ამოიცნო, რომ საბჭოთა კავშირი იყო სუსტი ზესახელმწიფო, რომ ის მარცხდებოდა შეერთებულ შტატებთან და, საერთოდ, დასავლეთთან კონკურენციაში - ეკონომიკურ კონკურენციაში. რეიგანმა სწორად ივარაუდა, რომ თუ მისი ადმინისტრაცია სამხედრო ხარჯებს გაზრდიდა, საბჭოთა კავშირი თავს ვერ გაართმევდა მასთან შეჯიბრს". ასე ხედავს რონალდ რეიგანის დამსახურებას ჩეხი პოლიტოლოგი იჟი პეჰე, ყოფილი ემიგრანტი, რომელიც სამშობლოში კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ დაბრუნდა და პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის მრჩეველი იყო.

რეიგანის პოლიტიკაზე კიდევ ბევრი შეიძლება ითქვას, შეიძლება გავიხსენოთ "ვარსკვლავთა ომები", "ბოროტების იმპერია", შეიძლება დიდხანს ვისაუბროთ თუნდაც იმაზე, რომ რეიგანი, რომელიც 69 წლის იყო (ამერიკის ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი ამ პოსტზე ინაუგურაციისას), თავისი მმართველობის წლებში საბჭოთა ლიდერის პოსტზე 4 კაცის მუშაობას მოესწრო და რომ ნამდვილ წარმატებას მხოლოდ ბოლოსთან - მიხაილ გორბაჩოვთან მიაღწია განიარაღებაზე შეთანხმებების სახით...

მოისმინეთ, როგორ იხსენებს რონალდ რეიგანს გორბაჩოვი: [გორბაჩოვის ხმა] "ის იყო ძალიან კომუნიკაბელური, გამჭრიახი, ჭკვიანი, ბრძენი, ყველანაირად იყო დაჯილდოვებული(...) ვფიქრობ, უკვე შესულია ისტორიაში, როგორც კაცი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ცივი ომის დასამთავრებლად წინაპირობების შექმნაში - ალბათ, გადამწყვეტი მნიშვნელობის წვლილი". გორბაჩოვის თანამოაზრისა და მაშინდელი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის გამოხმაურებას ორიოდე წუთში მოისმენთ. ახლა კი კიდევ ერთი გამოხმაურება - ადამიანისაგან, რომელიც, მიმომხილველების შეფასებით, დიდად არ ჩამოუვარდება რონალდ რეიგანს კომუნისტური რეჟიმის დამხობაში შეტანილი წვლილით. ლაპარაკია რომის პაპზე, იოანე პავლე მეორეზე. მისი სახელით განცხადება გააკეთა ვატიკანის პრეს-მდივანმა ჟოაკინ ნავარო-ვალსმა: [ნავარო-ვალსის ხმა] "წმინდა მამამ გაიხსენა პრეზიდენტ რეიგანის წვლილი ისტორიულ მოვლენებში, რომლებმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა- უმეტესწილად ევროპაში, და პრეზიდენტ რეიგანის წვლილი თავისივე ქვეყნის, ამერიკელი ერის წინაშე. ამერიკელი ეპისკოსპოსი და ვატიკანი, რასაკვირველია წარმოდგენილი იქნებიან დაკრძალვის ცერემონიაზე".
XS
SM
MD
LG