Accessibility links

logo-print

კერძო კომპანიები მესაზღვრეებს კონტრაბანდასთან ბრძოლაში ეხმარებიან


11 ივნისს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გუგუთის სასაზღვრო-კონტროლის ქვეგანყოფილებაში უჩვეულო აქცია გაიმართა. საქმე ის არის, რომ კომპანია "ყაზბეგმა", ქართველი მესაზღვრეების

დახმარების მიზნით, კონტრაბანდასთან ბრძოლის არატრადიციული გზა აირჩია.

სასაზღვრო კონტროლის გუგუთის ქვეგანყოფილება, რომელიც დედაქალაქიდან სამი საათის სავალზე მდებარეობს, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის ოცკილომეტრიან მონაკვეთს იცავს. მძიმე კლიმატური პირობებისა და მატერიალური საშუალებების სიმწირის გამო, მესაზღვრეების ცხოვრებას, როგორც ამას ჩემთან საუბარში გუგუთის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ნინიაშვილი აცხადებს, დალხენილს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ:

[გივი ნინიაშვილის ხმა] "მძიმე, ძალიან მძიმე სამსახური აქვთ. აქ ზამთარი არის მეორე ციმბირი. საერთოდ, დმანისისა და ტაშირის რაიონი ითვლება მეორე ციმბირად, იმიტომ რომ ცივა აქ. თბილი ჰერი რომ შემოვა და აქ ცივი ჰაერი რომ დახვდება, 2000 მეტორია უკვე, რაღაც იქმნება და უჭირს ხალხს." (სტილი დაცულია)

არადა, მესაზღვრეებს, კლიმატური პირობების გარდა, სერიოზულ პრობლემებს უქმნით ტექნიკური საშუალებების სიმწირეც.

[მესაზღვრის ხმა] "მარტო ფეხით, ჩვენ მანქანა არ გაგვაჩნია... არა, არც ცხენის საშუალება არ გვაქვს. ფეხით დავდივართ 20 კილომეტრზე მარცხენა ფლანგიდან მარჯვენა ფლანგამდე. ფაქტიურად, მარჯვენა ფლანგი მაქვს 16 კილომეტრი დასაცავი, მარცხენა ფლანგზე - 4 კილომეტრი. წესით, ტრანსპორტი უნდა გვყავდეს, მაგრამ არა გვაქს. ეკიპირების თვალსაზრისითაც ძალიან გვიჭირს, მართალი რომ გითხრათ, იგივე კარვები რომ დავდგათ საზღვარზე... რა საშუალებაც გაგვაჩნია, იმით ვიცავთ, რა..."(სტილი დაცულია)

ის, რომ მესაზღვრეების ხელთ არსებული საშუალებები საზღვრის დასაცავად საკმარისი არ არის, ყველაზე კარგად ქართველმა მეწარმეებმა უწყიან. კომპანია "ყაზბეგის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი თოფაძე პრობლემას კონტრაბანდასთან ბრძოლის ჭრილში განიხილავს:

[გიორგი თოფაძის ხმა] "გადავწყვიტეთ დავეხმაროთ სასაზღვრო ჯარებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველია, საიდანაც შემოდის კონტრაბანდა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და, ალბათ, ყველასთვის."

11 ივნისს კომპანია "ყაზბეგმა", დახმარების სახით, გუგუთელ მესაზღვრეებს საკუთარი წარმოების საკვები პროდუქტი გადასცა, თუმცა, როგორც ამას ჩემთან საუბარში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თეა სხიერელი ამბობს, მესაზღვრეებისთვის გაწეული დახმარება შეიძლება უფრო კონტრაბანდასთან ერთობლივ ბრძოლად ჩაითვალოს, ვიდრე უანგარო ქველმოქმედებად:

[თეა სხიერელის ხმა] "პრინციპში, ეს არ არის კომპანია "ყაზბეგისთვის" მარტო საქველმოქმედო აქცია, ამაში არის ჩადებული, გარკვეულწილად, პრაგმატული ინტერესი, იმიტომ რომ, თუ არ იქნება დაცული საზღვარი, შესაბამისად, არ იქნება დაცული შიდა ბაზარი. ქვეყანაში თუ არ იქნება დაცული შიდა ბაზარი, შეუძლებელია ეკონომიკური უსაფრთხოების პრინციპების განხორციელება." (სტილი დაცულია)

ის, რომ ქართველ მესაზღვრეებს დახმარება და გვერდში დგომა სჭირდებათ, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ბაზირებისა და მშენებლობის სამმართველოს წარმომადგენლის, ალეკო ლომაშვილის, შემდეგი განცხადებიდანაც ჩანს:

[ალეკო ლომაშვილის ხმა] " არმია ახლა არის ჩამოყალიბების პროცესში და ახლა ყალიბდება ქართული ჯარი. აქედან გამომდინარე, რაღაც-რაღაც დაბრკოლებები და პირობები... ქართული არმია მთლად წელში გამართული არ არის და ამის გამო არის რაღაც დაბრკოლებები... უფრო მეტად მთიან რაიონებში."(სტილი დაცულია)

"ყაზბეგის" მესვეურები იმედოვნებენ, რომ კონტრაბანდასთან ბრძოლის ამგვარი მეთოდი აუცილებლად გაამართლებს. ხოლო იმას, მიბაძავენ თუ არა მათ სხვა ქართული კომპანიები, დრო გამოაჩენს.
XS
SM
MD
LG