Accessibility links

logo-print

პრეზიდენტ რონალდ რეიგანს 11 ივნისს საქართველოშიც გამოემშვიდობნენ


დემოკრატიულ მსოფლიოსთან ერთად პრეზიდენტ რონალდ რეიგანს საქართველოც ემშვიდობება. აქ ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს თავს მოვალედ განსაკუთრებული მოწიწებით და პატივით მოიხსენიოს

ადამიანი, რომელმაც დააჩქარა საბჭოთა იმპერიის დაშლა და საბჭოთა სივრცის ხალხებისთვის თავისუფლების მოტანა. ყოფილი ქართველი დისიდენტები საქართველოს დამოუკიდებლობასაც და თავიანთ სიცოცხლესაც რონალდ რეიგანს უმადლიან. ზოგიერთი მათგანი ძალიან წუხს, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხა პრეზიდენტ რეიგანის დაკრძალვაზე გამგზავრება. 11 ივნისს რონალდ რეიგანს საქართველოში იხსენებდნენ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უდიდეს პრეზიდენტს, როგორც ადამიანს, რომელმაც მეოცე საუკუნის მიწურულს უშეღავათო ბრძოლა გამოუცხადა თავისუფლების მტრებს.

[გია არეშიძის ხმა] "მეოცე საუკუნეში მას მარტო ჩერჩილი შეედრება ამ საქმეში. იმ დონემდე გაზარდა მან თავისუფლების ფარგლები, რომ რეიგანის პრეზიდენტობამდე ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ძალიან სამწუხაროა, რომ რეიგანი აღარ იქნება ჩვენთან. "

პრეზიდენტი რეიგანი 11 ივნისს თბილისში "ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში" შეკრებილმა ადამიანებმა გაიხსენეს. ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უდიდეს პრეზიდენტზე იქ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. ყველა მათგანი თავის გამოსვლაში ცდილობდა ვალი მოეხადა ადამიანის წინაშე, რომელმაც მათთვის და საბჭოთა სივრცის სხვა ხალხებისთვის თავისუფლების მოტანა დააჩქარა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ასე შორეულ საქართველოში რონალდ რეიგანის ხსოვნას განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ყველა - მისი თანამედროვეებიც და ახალი თაობის წარმომადგენლებიც.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "მივიღეთ ძალიან სამწუხარო ცნობა იმის შესახებ, რომ გარდაიცვალა რონალდ რეიგანი, ამერიკის შეერთებული შტატების არა მარტო ყოფილი პრეზიდენტი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრეზიდენტი. "

ედუარდ შევარდნაძე რონალდ რეიგანზე გაცილებით მეტს, ალბათ, თავის მემუარებში იტყვის.


[ირაკლი წერეთლის ხმა] "ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ დავესწარი დაკრძალვას, თორემ მე ვალდებულიყო ვიყავი პატივი მიმეგო მისთვის. საამისოდ არავითარი ფინანსები არ მქონდა. ამ დღეებში ლექსს დავწერ რეიგანზე და აუცილებლად გამოვაქვეყნებ."

მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი წერეთლის აზრით , რომ არა რონალდ რეიგანი, ის და მისი თანამებრძოლები საბჭოთა სადამსჯელო ბანაკებში დაასრულებდნენ სიცოცხლეს. ირაკლი წერეთელი წუხს, რომ ვერ მოახერხა ყველაფერი ამის გამო პირადად მოეხსენებინა მადლობა რონალდ რეიგანისთვის. სამაგიეროდ, ეს აკაკი ასათიანმა შეძლო. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დავალებით, მან, როგორც საქართველოს უზენაესი საბჭოს წარმომადგენელმა, რონალდ რეიგანი ლოს-ანჯელესში 1991 წელს მოინახულა.

[აკაკი ასათიანის ხმა] " მისი ადამიანური მომხიბვლელობა, რომელსაც ყველა ხაზს უსვამს, მე თვითონ განცდილი მაქვს და ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული დამრჩა მის მიმართ. 80 წლის იყო, როცა შევხვდი და შესანიშნავ ფორმაში იყო. ვისაუბრეთ, უფრო მეტად მადლობა გადავუხადეთ მას, რომ დაიწყო ბრძოლა "ბოროტების იმპერიის " წინააღმდეგ. " (სტილი დაცულია)

საბჭოთა პროპაგანდა რონალდ რეიგანს საბჭოთა ხალხების დაუძინებელ მტრად, ბოროტი კაპიტალისტური სამყაროს ლიდერად მოიხსენიებდა. "ეს იყო პირდაპირი დავალება მოსკოვიდან. საბჭოთა საერთაშორისო მიმომხილველები იძულებულნი ვიყავით არაფერი გვეთქვა იმაზე მეტი, რაც "პრავდაში" იბეჭდებოდა და "ვრემიაში" გადმოიცემოდა,"- იხსენებს სოსო ცინცაძე და დასძენს, როგორ ხიბლავდა მას შეერთებული შტატების ამ პრეზიდენტის კომუნიკაბელურობა, იუმორი, მის მიერ ისტორიაში დამკვიდრებული ფრაზები, მათ შორის, ფრაზა - " არსებობს ამქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება. "

[სოსო ცინცაძის ხმა] "აი, თუ გნებავთ, "ბოროტების იმპერია," თუ გნებავთ, მისი რადიოხუმრობა -"ვიწყებ საბჭოთა კავშირის დაბომბვას." რა იყოს ეს? იწერდნენ მის ხმას და სინჯის დროს თქვა."

[რონალდ რეიგანის რადიოხუმრობა] " 5 წუთში ვიწყებთ მოსკოვის დაბომბვას. "

11 ივნისს თბილისში, "ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში", გამართულ შეკრებაზე რონალდ რეიგანი ერთ-ერთმა ამერიკელმა პროფესორმაც გაიხსენა და თქვა, რომ ამერიკელების სათაყვანებელი პრეზიდენტი ცოცხალი რომ იყოს, ნამდვილად იამაყებდა თავისი პოლიტიკის იმ შედეგით, რასაც დღევანდელი საქართველო წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG