Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ იყენებენ მძღოლები უსაფრთხოების ღვედებს


რატომ არ იყენებენ მძღოლები უსაფრთხოების ღვედებს? - ეს შეკითხვა განსაკუთრებით აწუხებთ საქართველოში სტუმრად მყოფ უცხოელებს, რომელთათვისაც მსგავსი რამ, მართლაც, წარმოუდგენელია.

დიახ, საქართველო ცივილიზებულ დასავლეთს ამ საკითხში ჯერჯერობით არ ბაძავს. არადა, ავტოავარიების ბოლოდროინდელი სწრაფად მზარდი სტატისტიკა უსაფრთხოების ღვედებზე ფიქრის აუცილებლობას ქმნის.

(მძღოლის ხმა) "მე ვარ 15 წლის მძღოლი.\ და ამ ხნის განმავლობაში სულ რამდენჯერ გამოგიყენებიათ უსაფრთხოების ღვედები?\ რა ვიცი, ალბათ, ასე 15-ჯერ, ტრასაზე."

ჩემი რესპონდენტის ეს პასუხები შესანიშნავად გამოხატავს საქართველოში შექმნილ საერთო სურათს. გაკვირვებული უცხოელები ხშირად საკუთარ თვალებს არ უჯერებენ და უსაფრთხოების ღვედების გარეშე მოძრაობას არაცივილიზებულსაც უწოდებენ ხოლმე.

აქაური მძღოლებისთვის კი დღემდე ძნელი გასაგებია, რა საჭიროა ავტომობილის სავარძელზე დაბმა და რაღა მაინცდამაინც დაბმულებმა უნდა იარონ ცივილიზებული დასავლეთისაკენ. ჩემი რესპონდენტები ყველაფერ ამას გამორჩეულ ქართულ მენტალიტეტს მიაწერენ:

(მძღოლების ხმები) "ქართველების ხასიათს უფრო ვაბრალებ, რა თქმა უნდა: თავისუფლების მოყვარულები არიან, რა ვიცი... შეიძლება ამაყი ხასიათიც აქვთ... რა ვიცი, ალბათ, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე... მენტალიტეტია, ალბათ: არ უყვართ, დაბმულები რომ არიან, თავისუფლება უყვართ..."

ყველაფრის მიუხედავად, უსაფრთხოების ღვედების თემა ოდნავ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ავტოავარიათა რიცხვი, გასული წლის 4 თვესთან შედარებით, წელს 4 თვეში, დაახლოებით, 32 პროცენტით გაიზარდა. ავარიის სავალალო შედეგები კი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობას უკავშირდება.

საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს შტაბის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი გიული აბულაძე საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს:

(ვიცე-პოლკოვნიკ აბულაძის ხმა) "ღვედების გამოყენება თითქმის 4-ჯერ ამცირებს ავტოავარიის სასიკვდილო შედეგებს. ხოლო იმ მგზავრების 80 პროცენტი, რომლებიც იყენებენ უსაფრთხოების ღვედებს, საერთოდ, უვნებელი რჩება. თვალშისაცემი სასიკეთო შედეგები მოაქვს ამ ღვედებს და, არ მესმის, რატომ ეწინააღმდეგებიან."

სავალალო შემთხვევათა თავიდან აცილების მიზნით, ვიცე-პოლკოვნიკი აბულაძე აუცილებლად მიიჩნევს ღვედების გამოყენების დაკანონებას. საქართველოს კანონში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ შესაბამის ცვლილებებს, ალბათ, შემოდგომაზე უნდა ველოდეთ. ბუნებრივია, ეგრეთ წოდებულ ქართულ მენტალიტეტს ეს დიდად არ ახარებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG