Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ნაწილები შეიყვანა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 12 ივნისს თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობა შემაშფოთებლად დაიძაბა. სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა

ედუარდ კოკოითიმ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები სრულ საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა. ოფიციალური თბილისის განცხადებით, 12 ივნისს, გამთენიისას, ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან დამატებითი სამხედრო ნაწილები შეიყვანეს.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართველებს აღარ უშვებენ - მათაც კი, ვისაც ედუარდ კოკოითისთან არა მხოლოდ კარგი ნაცნობობა აკავშირებს, არამედ იქ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებისას მოსახლეობას კოკოითის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.
ედუარდ კოკოითის მეგობარი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი, რომელიც კოკოითის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა, 12 ივნისს სხვა ქართველ სახელოვან სპორტსმენებთან ერთად ცხინვალის მისადგომებიდან უკან გააბრუნეს. როგორც სატელეფონო საუბრისას დავით გობეჯიშვილმა შენიშნა, მისთვის ცხინვალის ხელისუფლების გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა:

[დავით გობეჯიშვილის ხმა] "სიმართლე გითხრა, არ მქონდა იმედი, რომ შევიდოდი; მქონდა წინასწარ მოლაპარაკებები და არავინ მეუბნებოდა, დაგხვდებით ხალიჩებითო. გობეჯიშვილს, ჩივაძეს და ასეთ სპორტსმენებს რომ არ შეუშვებ - მაშინ უნდა ჩამოყალიბდეს სავიზო რეჟიმი."

რამდენად გამართლდება ოლიმპიური ჩემპიონის პესიმისტური პროგნოზი, დღეს არავინ იცის. დღეს მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ედუარდ კოკოითმა ყველა კონტაქტი გაწყვიტა საქართველოსთან. ამის თაობაზე სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კოკოითი დარწმუნებულია, რომ, აუცილებლობის შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთს სამხედრო დახმარებას გაუწევენ აფხაზეთი და დნესტრისპირეთი. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ აქციებს, კოკოითი ოფიციალური თბილისის „სიყვარულის შეტევას" რესპუბლიკაში დესტაბილიზაციის გამოწვევის სურვილით ხსნის.
ჯერაც ვერ აუხსნია საქართველოს ხელისუფლებას, ვინ მიიღო მოსკოვში გადაწყვეტილება ცხინვალის კონფლიქტის რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალების შეყვანის შესახებ. პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ასეთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ნაწილები ვერ მიიღებდნენ:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "არის 160, 170 მძიმეწონიანი მანქანა გადაყვანილი გუშინ, გვიან ღამით, ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე - არანაირი უფლება რუსეთის სამშვიდობო ნაწილებს ასეთი მოძრაობისა არ ჰქონდათ."

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალების გამოჩენის ფაქტს ეუთოც ადასტურებს:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] "ინფორმაცია დადასტურდა ამ დილით. ეუთომ დაადასტურა, რომ არის 60 ზედმეტი მანქანა შემოსული ცხინვალში. ეს ვიცით."

მისივე თქმით, ქართული მხარის მცდელობა მოსკოვის სახელისუფლებო წრეებში დაედგინა, რა ხდება კონფლიქტის ზონაში, წარუმატებელი აღმოჩნდა. იგივე იგორ ივანოვი, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთ გავლენიან მეგობრად ითვლება, არ ფლობს ინფორმაციას, რა ხდება ცხინვალში.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "მე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დალაგებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმკაცრესი რეაგირების გარეშე დავტოვებთ ნებისმიერ ასეთ ქმედებას."

პრემიერ ზურაბ ჟვანიას ეს განცხადება ადასტურებს, რომ რუსეთ-საქართველოს ე.წ. თაფლობის თვე დასასრულს უახლოვდება. სხვათა შორის, 11 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა, რუსეთში აშშ-ის ელჩ ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრისას, სერიოზული შეშფოთება გამოთქვა სამხრეთი ოსეთის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ამერიკის მიერ მომზადებული სამხედრო შენაერთების მონაწილეობასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, ელჩმა ვერშბოუმ ეს ინფორმაცია ცნობად მიიღო.
XS
SM
MD
LG