Accessibility links

logo-print

კახა ბენდუქიძე - „ლიბერალური პანაცეა" საქართველოსათვის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში ეკონომიკის მინისტრად კახა ბენდუქიძის მოწვევის შემდეგ მისი პერსონის მიმართ საზოგადოების გაცხოველებული ყურადღება არ ცხრება.

კახა ბენდუქიძე, უდავოდ, არაორდინარული პიროვნებაა, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, განსაკუთრებულ ინტერესს მისი ეკონომიკური შეხედულებები იწვევს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული ხელისუფლება, რომელიც დეკლარირებულად ყოველთვის მემარჯვენეობას იჩემებდა, საქმით, აშკარად, მემარცხენე პოპულიზმით იყო დაკავებული, მით უფრო საყურადღებო და სიმპათიური გვეჩვენება ეკონომიკის ახალი მინისტრის ულტრალიბერალიზმი. აღმასრულებელ შტოში სრულიად დამოუკიდებელი და ზედმეტი პასუხისმგებლობისგან თავისუფალი ადამიანის გამოჩენამ ქართული საზოგადოება ორ ნაწილად გაყო: ერთ ნაწილს ბენდუქიძის ლიბერალიზმი შოკს ჰგვრის, მეორისთვის კი ეკონომიკის მინისტრი, თავისი რადიკალიზმითა და სითამამით, ერთგვარ "უკანასკნელი იმედის პერსონად" წარმოდგება.

საზოგადოება, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად უმტკიცებდა კაპიტალის "ეროვნულობას", სტრატეგიული ობიექტების ხელშეუხებლობას და სახელმწიფო რეგულირების პრიმატს, ქართულ რეალობაში პირველად ხედავს მოხელეს, რომელიც ამ სტერეოტიპებს უტიფრად არღვევს და აცხადებს, რომ ყველაფრის გაყიდვა არათუ შეიძლება, სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის.

ასე თუ ისე, საქართველოს ეკონომიკის ახალი მინისტრი ჰყავს, რომელიც თავისი კოლორიტულობით, აშკარად, გამორჩეული ფიგურაა მთელ მინისტრთა კაბინეტში. რამდენად ადეკვატური იქნება მთავრობა ბენდუქიძის იდეების მიმართ და მოეპოვება თუ არა ხელისუფლებას პოლიტიკური ნება, განახორციელოს ეს იდეები, ანუ ხორცი შეასხას კონცეფციას, რომელიც ერთობ არაპოპულარულ ქმედებებსაც გულისხმობს და რომელიც აქამდე საკმაოდ ყურისმომჭრელად ჟღერდა? ეკონომიკის ექსპერტ გიორგი ჯანდიერს მიაჩნია, რომ ლიბერალიზმის მიმართ მზაობა არათუ მთავრობაში, საერთოდ, საზოგადოებაშიც, სამწუხაროდ, ნაკლებადაა, თუმცა დღეს სხვა ალტერნატივა ქვეყანას, უბრალოდ, არა აქვს:

[გიორგი ჯანდიერის ხმა] "ამ იდეების მიმართ არაადეკვატური და მოუმზადებელია არათუ მინისტრთა კაბინეტი, არამედ ჩვენი საზოგადოებაც, რომელსაც, საწყენად არ მინდა ვთქვა, აკლია საიმისო განათლება, რომ ერკვეოდეს ბენდუქიძის მიერ წამოჭრილ იდეებში. მაგრამ, მე ვფიქრობ, სხვა ალტერნატივა რომ არ არსებობს, ამაში დარწმუნება საკმაოდ მარტივია იმავე მთავრობის წევრებისათვის. თუ პასუხისმგებლობას ლიბერალიზაციის მიმართულებით მთელი კაბინეტი იკისრებს, მაშინ ფინანსთა სამინისტროს მოეხსნება პასუხისმგებლობის ის ტვირთი, რომელიც ასეთი მძლავრი გადაწყვეტილების დროს იარსებებს. მე მგონია, რომ ბენდუქიძის ჩამოყვანით მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი გვიჩვენებენ იმას, რომ ისინიც ხვდებიან, სხვა გზა რომ არ არსებობს და საჭიროა არსებითი მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება."

ბენდუქიძის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამოჩენამ კორექტივები შეიტანა როგორც მთავრობის სტრატეგიაში, ისე დამუშავების პროცესში მყოფ სხვადასხვა ორგანულ დოკუმენტში. მაგალითად, შეიცვალა საპრივატიზაციოდ გამზადებული საწარმოების ნუსხა. ბენდუქიძე აპირებს გაყიდოს ყველა სახელმწიფო საწარმო თუ ობიექტი, გარდა კონფლიქტის ზონებში არსებული ობიექტებისა. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის რანგში გაკეთებულ პირველ განცხადებებში ბენდუქიძე ქართული ხელისუფლებისთვის ისეთ "საკრალურ" ობიექტებსაც გადასწვდა, რომელთა გასხვისების გეგმა კი არა, ბევრისთვისთვის თავად იდეაც უდიდეს მკრეხელობად იყო მიჩნეული. ამასთან, სერიოზული კორექტირება დასჭირდება ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტსაც, რადგან ბენდუქიძემ პოტენციურ ინვესტორებს, "აგრესიული პრივატიზაციის" პირობებში, ლიბერალური გადასახადები უნდა შესთავაზოს.

ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ბენდუქიძე ჩამოიყვანა ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად, ვფიქრობ, ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე უკვე მეტყველებს. ბენდუქიძე არ გახლავთ პერსონა, რომელიც თბილისში ეკონომიკის მინისტრის პორტფელის ხიბლით ჩამოვიდოდა. მისი ულტრალიბერალური იდეები რუსეთისთვისაც ნაცნობი თემაა. თუ ეკონომიკის მინისტრი შეძლებს საქართველო ამ იდეების რეალიზაციის პოლიგონად აქციოს, არა გვგონია, ამით ქვეყანამ იზარალოს. გიორგი ჯანდიერი ფიქრობს, რომ ბენდუქიძის საქარველოში ჩამოყვანა ყველა შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილებაა.

[გიორგი ჯანდიერის ხმა] "მე მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ყველა შემთხვევაში დადებითი მოვლენაა მისი ჩამოსვლა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი თავი გამოვცადოთ ახალ ვითარებაში. შეუძლებელია ძველებურად გავაგრძელოთ ეკონომიკის განვითარება. დღეს ჩვენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება. ჩვენ უკვე ნახტომებით უნდა წავიდეთ წინ, იმიტომ რომ მსოფლიო ნახტომებით მოძრაობს. იმავე ბენდუქიძისათვის კარგადაა ცნობილი ჩინეთის მაგალითი. რუსეთისა და საქართველოსთვისაც ერთადერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის ღონისძიება ეკონომიკის ლიბერალიზაციაა. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავეწიოთ იმ ტემპებს, რომელიც აქვს, მაგალითად, ჩინეთს."

და კიდევ ერთი: კახაბერ ბენდუქიძემ სულ ერთ კვირაში შეძლო სტერეოტიპის შეცვლა და თუნდაც იმავე ე.წ. სტრატეგიული ობიექტების ცნების სრული ნიველირება, რასაც მანამდე ამაოდ ცდილობდნენ სხვადასხვა ექსპერტები, მემარჯვენე პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შესაბამისად, როგორიც არ უნდა იყოს ბენდუქიძის ეკონომიკის მინისტრად მოღვაწეობის საბოლოო შედეგი, ვფიქრობ, ამ პერსონის უდავო აქტივად უკვე დღესვე შეიძლება ჩაითვალოს სტერეოტიპებისა და ფსევდოიდეების გაცამტვერება.
XS
SM
MD
LG