Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიზნებს ისახავს ათასწლეულის განვითარების პროგრამა საქართველოში


12 ივნისს საქართველოს მთავრობამ და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ "ათასწლეულის განვითარების პროგრამის" შესრულების პირველი ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო.

საქართველოს მთავრობაში დიდ იმედებს ამყარებენ იმ უცხოურ დახმარებაზე, რომელსაც საქართველო "ათასწლეულის განვითარების პროგრამის" ფარგლებში მიიღებს. ეს თანხები საქართველოს მთავრობამ უკვე გაითვალისწინა საქართველოს 2004 წლის ბიუჯეტში, თუმცა ჯერჯერობით არც დახმარების მოცულობა და არც მისი გამოყოფის საკითხი დამტკიცებული არ არის.

12 ივნისს სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" შეკრებილ საზოგადოებას "ათასწლეულის განვითარების პროგრამის" შესრულების პირველი ანგარიში პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გააცნო.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "ის ვალდებულებები, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ ათასწლეულის მიზნების პროგრამასთან დაკავშირებით, რეალურად ასახავს საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის საშუალო ვადიან და გრძელვადიან სამოქმედო გეგმას. ასახული იქნა ყველა ის სპეციფიკური მომენტი, რაც უკავშირდება საქართველოს დღევანდელ პრობლემებს და დღევანდელ რეალობებს, დღევანდელ გამოწვევებს, რაც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე."

მთავრობის მიერ შედგენილ პროგრამას 7 ძირითადი მიზანი აქვს. ესენია: სიღარიბის დაძლევა, განათლების დონის გაუმჯობესება, გენდერული უთანასწორობის დაძლევა, ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის შემცირება, შიდსთან და მალარიასთან ბრძოლის გაუმჯობესება და ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა.

ექსპერტი გიორგი ჯანდიერი კი ფიქრობს, რომ ზევით ჩამოთვლილი მიზნების პრიორიტეტულობა ქართულ საზოგადოებაში მოწყობილი დისკუსიების შემდეგ უნდა განისაზღვროს და არა მხოლოდ სამთავრობო კაბინეტებში.

[გიორგი ჯანდიერის ხმა] "მთავრობა იქნება თუ სხვა, როდესაც ასეთ პროგრამებს ამუშავებს, ის აუცილებლად უნდა იხილავდეს, რა სარგებელს მოიტანს და რა დანახარჯებს წარმოშობს ასეთი ფულის დახარჯვა. ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა არის დასავლურ მენეჯმენტში და მე მგონია, რომ ჩვენც ამ გზით უნდა წავიდეთ ნებისმიერ შემთხვევაში." (სტილი დაცულია)

საქართველოს მთავრობა კი ჯერჯერობით სულ სხვა რამეს ანგარიშობს. ის მომდევნო 3 წლის მანძილზე "ათასწლეულის განვითარების პროგრამის" დასაფინანსებლად გამოყოფილი 2 მილიარდი ამერიკული დოლარიდან 400 მილიონის მიღებას გეგმავს. თუმცა ამ პროგრამაში, საქართველოს გარდა, კიდევ 15 ქვეყანა მონაწილეობს და დაფინანსება ყველა მათგანის მიერ წარდგენილი პროგრამებიდან შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით მოხდება. ეს კი იმას ნიშნავს,რომ ყველა მოთხოვნა და სურვილი ფინანსურ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დარწმუნებულია, რომ ბიუჯეტი ათასწლეულის პროგრამიდან მისაღები თანხებით აუცილებლად შეივსება.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "ეს შეთანხმებული დოკუმენტია, რომელიც მიზნებს ასახავს, ვთქვათ, მაგალითად, სიღარიბის შემცირება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული და არის გათვალისწინებული წლევანდელ ბიუჯეტში, მომავალი წლის ბიუჯეტში და ყველა ბიუჯეტში, რომელსაც საქართველო მიიღებს უახლოესი წლების განმავლობაში."

თუმცა თავად ნოღაიდელის სიტყვებიდანაც ჩანს, რომ ჯერჯერობით ყველაფერი შეთანხმებული არ არის:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "დაახლოებით თვენახევარში საქართველოს მთავრობა, "ემ-სი-სის" კომიტეტი შეათანხმებს პრიორიტეტებს საქართველოს მოსახლეობასთან და შემდეგ მას წარუდგენს "ემ-სი-სის" დასაფინანსებლად."

ყველაფერი კიდეც ისე რომ განვითარდეს, როგორც ეს საქართველოს მთავრობას სურს, უზარმაზარი დახმარება, სიკეთესთან ერთად, საქართველოს ეკონომიკას საფრთხესაც უქადის, თუ ათასწლეულის განვითარების პრიორიტეტები არასწორად იქნა შერჩეული. ექსპერტი გიორგი ჯანდიერი ხორბლით დახმარების პროგრამას იხსენებს:

[გიორგი ჯანდიერის ხმა] "საშიშროებას შეიცავს ერთს, რომ ფული დაიხარჯება უმიზნოდ. მაგალითად ავიღოთ ამერიკული ხორბლით დახმარება. თითქოს, როგორ შეიძლება ამაზე წამოგცდეს, რომ ეს იყო ცუდი. მაგრამ ჩვენთან ხორბლის ბიზნესი საკმაოდ მძლავრად აირია ამ დახმარების გამო და იგი დღემდე ბიზნესად ვერ იქცა."

ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ მსგავსი პრობლემები გათვალისწინებული არ იქნა "ათასწლეულის განვითარების პროგრამის" პრიორიტეტებში, ისე საქართველო ვერ შეძლებს პროგრამით დასახული მიზნების მიღწევას. ანუ 2015 წლამდე, პროგრამის ბოლო ეტაპამდე, სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის 25%-დან 4 %-მდე შემცირება არ მოხდება.
XS
SM
MD
LG