Accessibility links

logo-print

მიმოვიხილავთ გასული კვირის საქართველოს პრესას; გესაუბრებით ცალკეულ უწყებათა პირველი პირების


გიორგი კაკაბაძე, თბილისი მიმოვიხილავთ გასული კვირის საქართველოს პრესას; გესაუბრებით ცალკეულ უწყებათა პირველი პირების თანამდებობრივ გადაადგილებებზე, რასაც საქართველს პარლამენტმა 10 ივნისის

რიგგარეშე სხდომაზე თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი; შევეხებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომას, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების თემას და ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების საკითხს.

8 ივნისის გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, "როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, შესაკრებთა გადაადგილებით ამჯერად მათემატიკური კანონი დაირღვა და ჯამი შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ ამ თანამდებობრივი გაცვლებით მოხდა კადრების ოპტიმიზაცია: ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ პოსტებზე მინისტრებისგან კიდევ უფრო ეფექტურ საქმიანობას უნდა ველოდეთ."

გაზეთის ინფორმაციით, "უშიშროების სამინისტროს გაუქმებაზე საუბარი ისევ მიმდინარეობს. ამბობენ, რომ უწყებამ სამინისტროს სახით შეიძლება აღარ იარსებოს და სახელწოდება შეეცვალოს ფუნქციების შეცვლასთან ერთად. უფრო ზუსტად, ხელისუფლებას სურს, შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტების დონის უწყება, რომელსაც უფრო ეფექტური საქმიანობის საშუალება მიეცემა. პარლამენტარები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ მერაბიშვილისთვის ვიცე-პრემიერის პოსტის შეთავსებას. როგორც ამბობენ, მას სიმბოლური როლი ექნება და ძალოვნებს ისე ვეღარ გააკონტროლებს, როგორც ადრე.

ბეჟუაშვილის კარიერაში უშიშროების საბჭოს მდივნობა დიდ ნახტომად არ აღიქმება. ბეჟუაშვილი, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, საჯაიას მსგავსი "რუხი კარდინალი" ვერ იქნება.
პარლამენტარები ვარაუდობენ, რომ მალე შეიძლება წყალი შეუდგეს იუსტიციის მინისტრ გიორგი პაპუაშვილს, რომელიც, ბევრი დეპუტატის თქმით, ძალიან სუსტი მინისტრი აღმოჩნდა."

9-10 ივნისის გაზეთი "ახალი ვერსია" აღნიშნავს, რომ "მთავრობაში დიდი ვნებათაღელვაა. პოლიტიკური სპექტრი დღემდე ვერ გარკვეულა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მიღებულ იმ, ერთი შეხედვით, მარტივ სვლაში, რომელიც მან მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასთან დაკავშირებით გააკეთა."

გაზეთი წერს: "სააკაშვილის გარემოცვაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პოლიტიკური როტაცია, რომელსაც ზოგიერთმა პოლიტიკოსმა "ოპტიმიზაცია" უწოდა, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის გამო განხორციელდა. დამკვირვებელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა, უბრალოდ, საშუალება არ მისცა ბარამიძეს და სხვა ძალოვნებსაც, თავიანთ უწყებებში ფესვები ღრმად გაედგათ. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება."

რაც შეეხება კიდევ ერთ საკადრო ცვლილებას. 10 ივნისის გაზეთ "24 საათის" თქმით, "ეკონომიკის მომავალი მინისტრი ამ დღეებში გამუდმებული ყურადღების ცენტრში იყო. მისი მოსაზრებების თაობაზე საკმაოდ ბევრი ითქვა და დაიწერა, ამიტომ პარლამენტარების წინაშე კახა ბენდუქიძის გამოსვლაში განსაკუთრებულად მოულოდნელი არაფერი ყოფილა."

"კახა ბენდუქიძე ვადას 2007 წლის პირველ ივლისადმე ითხოვს და პარლამენტს ჰპირდება, რომ ამ დროისთვის საქართველოს 12-პროცენტიანი წლიური ეკონომიკური ზრდა ექნება."

"მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა უნდა გათავისუფლდეს საბჭოთა მენტალიტეტისგან, ქართველი მეწარმე კი ზედმეტი გადასახადებისგან; უნდა შეიქმნას კომფორტული საინვესტიციო პირობები, მოხდეს სახელმწიფო საწარმოთა უმეტესობის პრივატიზება, რათა თითოეულ მათგანს გაუჩნდეს რეალური პატრონი; უნდა განხორციელდეს მიწის საფუძვლიანი პრივატიზაცია."

გაზეთში აღნიშნულია, რომ ბენდუქიძის გამოსვლაში მოულოდნელი მხოლოდ ერთი იყო. "24 საათი" წერს: "მიუხედავად იმისა, რომ "სტრატეგიული ობიექტების" ცნებას საერთოდ არ ცნობს, კახა ბენდუქიძემ მაინც განაცხადა: შესაძლოა, ზოგიერთი ობიექტი სახელმწიფო ინტერესებთან იყოს დაკავშირებული და მისი პრივატიზება ამ ეტაპზე არ იყოს მიზანშეწონილი. ასეთი ობიექტების მაგალითად ბენდუქიძემ დაასახელა ენგურჰესი, რომელიც კონფლიქტის ზონაშია. ამასთან, სხდომაზე იგი თავის დაქნევით დაეთანხმა მოსაზრებას, რომ მაგისტრალური გაზსადენების გაყიდვა ამ ეტაპზე დაუშვებელია, თუმცა ოფიციალური კომენტარი ამ თემაზე არ გაუკეთებია."

საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის შექმნასთან დაკავშირებით 11 ივნისის "მთავარი გაზეთი" აღნიშნავს, რომ "ბიზნესის წარმომადგენელთათვის მნიშვნელოვან დოკუმენტს ხელისუფლება ეკონომიკის ახალ მინისტრ კახა ბენდუქიძის რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მიუბრუნდა."

გაზეთი წერს: "როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლება ბუნებით ლიბერალური ბენდუქიძის მკაცრ შეფასებებს ერიდება და ცდილობს ახალი კოდექსი უფრო ლიბერალური გახადოს. როგორ მოახერხებს მთავრობა "ცოტა გადასახადები დატოვოს და, სამაგიეროდ, ბევრი აკრიფოს, ჯერ უცნობია. თუმცა ბიზნესმენებს ბენდუქიძის "კოლეგიალობის" იმედი აქვთ.

ჯერჯერობით მთავრობა ისეთი გადასახადების გაუქმებას ახერხებს, საიდანაც ბიუჯეტი სარგებელს ვერ იღებდა."

12 ივნისის პრესის ცნობით, წინა დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ლადო ჭანტურიამ გამართა ბრიფინგი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა. ბრიფინგზე ლადო ჭანტურიამ თავისი გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამ თანამდებობაზე მან ამოწურა თავისი თავი. ლადო ჭანტურია პრეზიდენტის იურიდიული მრჩეველი იქნება.
საინტერესოა, რომ მიმომხილველები წინასწარმეტყველებდნენ ამ გადადგომას.

"რატომ დადგა ლადო ჭანტურიას შეცვლის აუცილებლობა?". ამ კითხვას სვამს 11 ივნისის "მთავარი გაზეთი" და უპასუხებს: "გავრცელებული ვერსიით, ეს გადაადგილება ხელისუფლების უმთავრეს მიზანს - გახმაურებული კორუფციული საქმეების ბოლომდე მიყვანას ემსახურება. ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ პროკურატურამ მილიონების გადახდის პროცედურა კანონის ვერც ერთ ნორმაში ვერ მოაქცია და ამ საქმეების "დანგრევის" საფრთხე რეალურია. ყოფილ გენერალურ პროკურორ ირაკლი ოქრუაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი უწყება ყველა კორუფციულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა და მათ არც სასამართლოში შეექმნებოდა საფრთხე. ყველა ზემოხსენებული სისხლის სამართლის საქმე, მათი სიმძიმიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს განსჯადია, ამიტომაც ამ უწყებას ხელისუფლების აბსოლუტური ნდობით აღჭურვილი პირი უნდა ხელმძღვანელობდეს."

"ბათუმში ნაციონალები წინ არავის ატარებენ", - ამ სათაურით ბეჭდავს 9-10 ივნისის გაზეთი "ახალი ვერსია" წერილს, სადაც ნათქვამია, რომ "წინაასარჩევნოდ სიტუაცია პოსტასლანისეულ აჭარაში კვლავ ემსგავსება აბაშიძის ეპოქის არჩევნებს: ავადსახსენებელი "აღორძინების კავშირის" მსგავსად, აჭარის "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ საკუთარი კანდიდატურებით ცდილობს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და სხვა პარტიებსა თუ ორგანიზაციებს უფუნქციოდ ტოვებს, რაც მათ სამართლიან გულისწყრომას იწვევს."

გაზეთი წერს: "უთანხმოება, რომელიც ჯერ კიდევ დროებითი საბჭოს ჩამოყალიბებისას დაიწყო, დღეს აშკარა დაპირისპირებაში გადაიზარდა...უკვე აშკარა ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლება მონოპარტიული საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბებას ცდილობს. წინასაარჩევნოდ გარკვეული სირთულეები ექმნება "რესპუბლიკურ პარტიას", რომლის წევრებიც ასლანის რეჟიმის ყველაზე შეურიგებელი მოწინააღმდეგენი იყვნენ. ეს, უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას გამოიხატა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის ის წევრები, რომლებიც 28 მარტის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას "რესპუბლიკური პარტიის" გულშემატკივრებად მიიჩნეოდნენ, ამ არჩევნებზე კომისიის წევრთა რანგში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას."
XS
SM
MD
LG