Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელისუფლო გუნდებს შორის ურთიერთობა


თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი ბარამიძის საჯარო განცხადებებმა და განაწყენებულმა ტონმა გამოააშკარავა, რომ "ნაციონალებსა" და "დემოკრატებს" შორის უთანხმოებამ თავი

იჩინა არა პარლამენტში, არამედ მთავრობაში. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს მიაჩნია, რომ თანაგუნდელების მხრიდან გამოთქმული კრიტიკა მხოლოდ მისი პარტიული კუთვნილებით არის გამოწვეული და არა რაიმე სხვა, უფრო საფუძვლიანი, მიზეზით. როგორია ურთიერთობა სახელისუფლო გუნდებს შორის და როგორია მათი პერსპექტივა?

რას ნიშნავდა გიორგი ბარამიძის განმარტებები მის კრიტიკასთან დაკავშირებით: პიროვნული ამბიციების შეჯახებას თუ კონფლიქტს შიდა სახელისუფლო გუნდებს შორის? შინაგან საქმეთა სამინისტრო იმდენად საკვანძო უწყებაა, სახელმწიფოს მართვის თვალსაზრისით, რომ, შესაძლოა, პირველი პირის პოსტი რომელიმე "ნაციონალს" "დემოკრატი" ბარამიძისთვის, მართლაც, აღარ ემეტებოდა. მაგრამ საფიქრებელია, რომ საქმე გვაქვს უფრო რთულ მოვლენასთან, ვიდრე ამა თუ იმ პირის პარტიული კუთვნილებაა.

ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასეა, რომ ჟვანიას გუნდის წევრები სააკაშვილის გუნდის წევრებისგან მკვეთრად განსხვავდებიან შინაგანი ბუნებითაც და მუშაობის სტილითაც. თავის დროზე, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ჩამოყალიბდა, ჟვანია-სააკაშვილის ერთიანი გუნდის თითოეულმა წევრმა არჩევანი სწორედ იმის მიხედვით გააკეთა, თუ რომელ ლიდერს უფრო მეტად ენდობოდა: რადიკალური, ძლიერი ნაბიჯების მოყვარულ მიხეილ სააკაშვილს თუ ზომიერების მომხრე, გაცილებით ფრთხილ ზურაბ ჟვანიას. რადიკალებმა ნაციონალური მოძრაობა შექმნეს, ზომიერები - გაერთიანებული დემოკრატები გახდნენ. ორ პოლიტიკურ გუნდს შორის თვისებრივი სხვაობა რევოლუციის შემდეგ არ აღმოფხვრილა და ვერც აღმოიფხვრებოდა, რადგან ამ სხვაობას საფუძვლად საპირისპირო პოლიტიკური ტემპერამენტი და გემოვნება ედო.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრად ზურაბ ჟვანია დაინიშნა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება კი ორივე გუნდის წევრებით და თანამოაზრეებით დაკომპლექტდა. ეს სავსებით ბუნებრივი იყო. მაგრამ სულ სამიოდე თვეში თავი იჩინა ხელისუფლების ორგვაროვნებამ. სააკაშვილის გუნდიდან ყველაზე წარმატებული ის პირები აღმოჩნდნენ, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ბუნებას უკეთ მიესადაგნენ და თავი ხისტი საქმიანობით გამოიჩინეს. ჟვანიას გუნდი კი, თავისი ზომიერი და რბილი პოლიტიკით, უკანა პლანზე გადავიდა. ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია დღეს გაცილებით მტკიცედ ფლობენ მართვის სადავეებს, ვიდრე ჟვანიას გუნდის წევრები, მათ შორის, გიორგი ბარამიძეც. საფიქრებელია, რომ პრეზიდენტის ახლო გარემოცვისგან მხარდაჭერას მიიღებს ყველა მინისტრი, რომელიც თავის სფეროში ხისტ პოლიტიკას გაატარებს, მაგალითად, კახა ბენდუქიძე, ზურაბ ნოღაიდელი, კახა ლომაია.

მაგრამ პოლიტიკას არ უყვარს სიხისტე, განსაკუთრებით, თუკი მას განგრძობითი ხასიათი აქვს. რადიკალური ნაბიჯები ბადებს საზოგადოების ღრმა უკმაყოფილებას ხელისუფლებით, რასაც სამართლიანობის პრინციპის დარღვევა განაპარობებს. როდესაც წინასწარ არის ცნობილი, რომ პოლიციიდან 15 000 ადამიანს დაითხოვენ, ყველა პოლიციელს უჩნდება შიში, რომ არავინ დაიწყებს გარკვევას, ვინ არის მათ შორის ღირსეული და ვინ - უღირსი. მეცნიერები შიშობენ, რომ თუკი მეცნიერებათა აკადემიის სისტემას ერთბაშად გააუქმებენ, წინასწარ ვერავინ გამოთვლის, რამდენი საქმიანი ადამიანი დაკარგავს სამსახურს და რამდენი - უსაქმური. ასეთივე შიშია დაბუდებული ყველა სხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებში. "ჩქარა-ჩქარა პოლიტიკა" არ იძლევა საშუალებას, რომ სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს და გამჭვირვალედ დაიცვას რეფორმის კრიტერიუმები, დაიცვას სამართლიანობა. და რაც მეტად ხისტია პოლიტიკა, მით მეტია უსამართლობის განცდა საზოგადოების რიგით წევრებს შორის. ამიტომაც ამბობენ, რომ სწრაფი რეფორმირების პროცესი ყოველთვის და ყველგან მტკივნეულია. ქართულ საზოგადოებაში ხელისუფლებით გაღიზიანება უკვე კარგა ხანია, დაწყებულია. თბილისში ძნელად მოიძებნება ოჯახი, სადაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ერთი წევრი მაინც არ დაითხოვეს სამსახურიდან. არის ოჯახები, სადაც აღარავინ მუშაობს. ამა თუ იმ ფორმით დაზარალებული ადამიანების უმრავლესობას სჯერა, რომ ხელისუფლებამ უსამართლოდ დაჩაგრა.

ადრე თუ გვიან, უსათუოდ დადგება დრო, როდესაც ხისტი პოლიტიკა თავის შესაძლებლობებს ამოწურავს და შედეგებსაც მოიმკის. რეფორმები შეფასდება როგორც წარმატებული ან წარუმატებელი. თუმცა ხისტი პოლიტიკის მიმდევრებს, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლების დატოვება მოუწევთ. მთავრობა კი გახდება გაცილებით უფრო ზომიერი და გულისხმიერი რიგითი მოქალაქეების ბედის მიმართ.

ასეთია სხვა ქვეყნების გამოცდილებაც და პოლიტიკის ლოგიკაც.
XS
SM
MD
LG