Accessibility links

logo-print

ახალგაზრდულ პროგრამაში დღეს ნარკოტიკებზე ვილაპარაკებთ.


ეკა წამალაშვილი, დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდულ პროგრამაში დღეს ნარკოტიკებზე ვილაპარაკებთ.

ნარკოტიკი რეალურ და მოგონილ სამყაროში - ასეთია ჩვენი გადაცემის თემა. ჯერ ეკა წამალაშვილი შეგახვედრებთ შედარებით მსუბუქი ნარკოტიკის - მარიხუანას მომხმარებლებს, უფრო ზუსტად, იმ ახალგაზრდებს, რომელთაც დაუჭაშნიკებიათ ეს ბალახი. შემდეგ კი ვილაპარაკებთ, როგორ ამუშავებენ ქართველი მწერლები ნარკოტიკის თემას თავიანთ ტექსტებში: ორიოდე დღის წინ თბილისში, კაფე "პარნასში", გაიმართა დისკუსია ამ საკითხზე. ძირითადი მომხსენებელი ექიმი-ნარკოლოგი მაკა მიქელაძე გახლდათ, რომელიც, ამავე დროს, რამდენიმე პოეტური და პროზაული კრებულის ავტორიცაა. მაგრამ ჯერ ეკა წამალაშვილსა და მის სტუდენტებს მოვუსმინოთ.

[ერთ-ერთი სტუდენტი ბიჭის ხმა] " მე ვფიქრობ, ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. სხვა რაღაცას ყოველთვის სჯობია."

[ერთ-ერთი სტუდენტი გოგონას ხმა] "ჯობია, ვინემ მოწიოს პლანი, ვიდრე სხვა ნარკოტიკი გაიკეთოს. ადუნებს და ვისაც მოდუნება უყვარს, ის მოდუნდება. ერხელ როცა გავსიჯნე, რეაქცია არ მქონია, ეს, უბრალოდ, ინტერესი იყო; მეორედ და მესამედ რომ გავსინჯე, მაშინ მივხვდი, რაც არის, თუმცა მოთხოვნილება ამის არ გამჩენია. "

[შეკითხვა: ბევრნი ეწევიან შენი მეგობრები?]

[პასუხი] "როცა სეზონია... "

[სტუდენტი ბიჭის ხმა] "ქეშები სხვა მუღამს იჭერენ, ვიდრე ნარკომანები. უბრალოდ, გთიშავს ამ სამყაროსგან და გგონია, რომ სხვაგან ხარ. თუ დაიჯერებ, რომ სხვაგან ხარ, იზმენა გაქვს და გეშინია. შემოქმედებითი მომენტიც მაქვს, უფრო კარგად ვხატავ. "

ამ ახალგაზრდებს ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ეზოში შევხვდი. მარიხუანათი გამოწვეული განცდების შესახებ საუბარზე ისინი უპრობლემოდ დაგვთანხმდნენ. ეს ნარკოტიკული საშუალება თითქმის ყველა მათგანს ჰქონდა გასინჯული, ბიჭებსაც და გოგონებსაც. სურვილის შემთხვევაში, ისინი ერთ ასანთის კოლოფ მარიხუანას 25 ლარად შეიძენენ. ამ ნარკოტიკული საშუალების შოვნა თბილისში პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. მარიხუანა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი მაშინ გახდება, როცა ველურად, გნებავთ, ეზოს ან აივნის პირობებში გაზრდილი კანაფის მოსავლის სეზონი დადგება. სეზონი ჯერ არ დამდგარა.......

[ერთ-ერთი გოგონას ხმა] "ზოგერ თვითონ იზრდება, ზოგჯერ ყიდულობენ, ზოგჯერ მოაქვთ, ასეა.. "

საქართველოში ცნობილი ტერმინით რომ ვთქვათ, "დაბოლება" დასჯადი ქმედებაა. ამაზე ახალგაზრდებს ეცინებათ. მარიხუანას არაერთმა მომხმარებელმა მითხრა, რომ პოლიციასთან პრობლემა შექმნია, თუმცა, როგორც წესი, ეს პრობლემა უმტკივნეულოდ გადაუჭრია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე ვერ იხსენებს თუნდაც ერთ ფაქტს იმისას, რომ ვინმე მარიხუანას მოხმარებისთვის იხდიდეს სასჯელს. ყოველ შემთხვევაში, ასეთის ახლობლებს მისთვის არ მიუმართავთ. ერთი სიტყვით, აშკარაა, რომ მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არ აღიარებს მარიხუანას შედარებით სუსტ ნარკოტიკად, ისე როგორც ეს არაერთ ევროპულ ქვეყანაშია, პოლიციისთვის კორუფციის წყაროა.

მოქმედი კანონმდებლობით, დაკავებულ პირს, რომელსაც მარიხუანას ზეგავლენის ქვეშ ყოფნა ლაბორატორიულად დაუდასტურდება, ადმინისტრაციული სასჯელი - ჯარიმა დაეკისრება. პირველ ჯერზე მის მიმართ საქმე სამოქალაქო კოდექსით აღიძვრება, უკვე მეორე ჯერზე კი - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. ამ შემთხვევაში, დაკავებული თავისუფლად შეუძლიათ გაისტუმრონ ციხეში. თუ რისთვის, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიასთან ბრძოლის სამსახურში ასე პასუხობენ:

[ ნარკომანიასთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომლის ხმა] "ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, პლანი იყო ეს, ოპიუმი თუ ჰერონი. ნარკოტიკი მაინც ნარკოტიკია და მარიხუანა არაფრით არ არის ნაკლები სხვა ნარკოტიკზე. მერე გადავლენ მძიმე ნარკოტიკზე. ეს გარდაუვალი გზა არის ნარკომანისთვის. "

მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მარიხუანა არის პირველი ნაბიჯი მძიმე ნარკოტიკებისკენ, მედიცინის წარმომადგენლებიც იზიარებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ, ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე ზეგავლენის თვალსაზრისით, ისინი მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკებს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ.

[გიორგი ლომიძის ხმა] "ვთქვათ, შეუწყვიტეთ მიღება მარიხუანასი პიროვნებას, მას არ ექნება ისეთი ძლიერი მოხსნის მომენტი, როგორიც ვთქვათ ჰეროინს აქვს. რაც შეეხება ფსიქიკურ დამოკიდებულებას, უნდა სიამოვნების მიღება, - ასეთი მომენტიც არ არის მარიხუანას შემთხვევაში."

თუმცა ექიმი-ნევროლოგი გიორგი ლომიძე დასძენს, რომ მარიხუანას მომხარებლის ზრდასთან ერთად ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მათი ფსიქოზურ მდგომარეობაში მიყვანის ფაქტები გამრავლდა. ეს ცხადყოფს, რომ მარიხუანა, ფსიქიკური თვალსაზრისით, პრობლემურ პირებში პათოლოგიების გამომჟღავნებას უწყობს ხელს. თუმცა, ამ მხრივ, გაცილებით დამანგრეველი შედეგები აქვს თრობისთვის წებოს ყნოსვას, რასაც ძალიან ხშირად ქუჩის ბავშვები სჩადიან.

საქართველოში, ისევე როგორც ყველგან, რეალობისგან გათიშვის ათასი ხერხია. ზოგი მათგანი იკრძალება, ზოგი - არა. თუმცა აკრძალვას არსად და არც ჩვენთან ეფექტი არ ჰქონია.

ადამიანისთვის აკრძალული ხილი უფრო მიმზიდველია - ეს, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ბუნების კანონია. საქართველოში, სადაც მარიხუანას ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს და მოქმედებს კანონი დასჯის შესახებ, არალეგალურად, მაგრამ თავისუფლად იყიდება ნარკოტიკები - მათ შორის, მარიხუანა - და არაფერი კეთდება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის. ამასობაში ახალგაზრდები, რომლებსაც ეგრეთ წოდებული პლანი ერთხელ და მეტჯერ მოუწევიათ, დასკვნებს თავად აკეთებენ:

[ახალგაზრდების ხმები] "თუ ვინმეს ძალიან უნდა გასინჯოს, გასინჯოს ერთხელ და ნახოს, რაც არის, მერე მოდაში შემოვა - გავსინჯე და აღარ ვეწევი."

"ვისაც უნდა, მაინც მოწევს!"

" ხატვაში მე უფრო მეტ კაიფს ვხედავ, ვიდრე ნარკოტიკში. "


დავით პაიჭაძე:

შეგახსენებთ, თქვენ უსმენთ ახალგაზრდულ პროგრამას. ნარკოტიკებზე საუბარს ამჯერად ექიმთან და მწერალთან ერთად გავაგრძელებთ. მაკა მიქელაძე ნარკოლოგიცაა და არაერთი კრებულის ავტორიც. ამას წინათ კი მაკა აუდიტორიას წარუდგა იმის მიმოსახილველად, თუ როგორ იშლება ნარკოტიკის თემა უახლეს ქართულ ლიტერატურაში. საუბარი მან ერთი დაკვირვებით დაიწყო:

[მაკა მიქელაძის ხმა] "ვარდების რევოლუცია ახალი გადაგორებულია და პირველი, რასაც ქართველი რევოლუციონერი ითხოვს - ლეგალიზაციაა. რატომღაც ეს მოთხოვნა ლიტერატურული წრეებიდან წამოვიდა."

ლეგალიზაციაში, იოლი მისახვედრია, ნარკოტიკების ლეგალიზაცია იგულისხმება. ეკა წამალაშვილმაც აღნიშნა და კაფე "პარნასში" გამართულ დისკუსიაზეც ნარკოტიკთა ლეგალიზების თანმიმდევრულ მოწინააღმდეგეს, მაკა მიქელაძეს, შენიშნეს, რომ ეს ნაბიჯი, უწინარესად, პოლიციაში კორუფციასთან საბრძოლველად გამოდგება. რაც შეეხება ნარკოტიკების ჩანაცვლების პროგრამას, ე.წ. მეტადონიზაციას, მან ერთხელ უკვე განიცადა კრახი საქართველოში, როცა პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს ქმედითად დაუპირისპირდა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მაკა მიქელაძე, როგორც გითხარით, ექიმი-ნარკოლოგია და ნარკოტიკებისა და ნარკომანების თემა ლიტერატურაში იმ ესთეტიკური კანონების კონტექსტში აინტერესებს, რომელთა თანახმად, ლიტერატურა - ცხოვრების ასახვაა.
[მიქელაძის ხმა] "ამ ლიტერატურის კითხვისას დავრწმუნდი, რომ ნარკომანისა და მისი კლინიკის კარგად გაცნობისათვის სულაც არ არის საჭირო, სამედიცინო ინსტიტუტი გქონდეს დამთავრებული და ნარკოლოგიურში მუშაობდე. რაც დრო გადის, მით უფრო კლინიკურად სწორი სურათები აღიწერება ჩვენს ლიტერატურაში."

სწორი აღწერები მაკა მიქელაძეს ყოველთვის არ მოსწონს. არ იზიარებს აზრს, რომ მხატვრული დამაჯერებლობისათვის, მწერალს, შესაძლოა, ნარკოტიკის მომზადების აღწერაც დასჭირდეს.

"რამდენად საჭიროა, რომ წიგნში წამლის მოხარშვის 7 ოქროს წესი იქნეს აღწერილი? რატომ უნდა მივცე ვიღაცას მზა რეცეპტი? რა, ამით წიგნს ლიტერატურული ღირებულება ემატება? ვთქვათ, ამდენი ზიპოთი და ლიმონმჟავა დავაწვეთე და ა.შ. რისთვისაა ეს ყველაფერი?"

მაკა მიქელაძის ეს მტკიცება, შესაძლოა, არ გაიზიარო, თუ გაიხსენებ მსგავსი შინაარსის ბრწყინვალე აღწერებს ლიტერატურაში, მაგალითად, ვენედიქტ ეროფეევის "მოსკოვი-პეტუშკის" პერსონაჟის რეცეპტებს. მისი კოქტეილები ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის ზღვარზე მზადდება, მაგრამ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. მარტო სახელები რად ღირს: "ჟენევის სული", "კომკავშირელის ცრემლი", "ძუკნის შიგანი"... სხვათა შორის, მაკა მიქელაძე ქართულ ტექსტებში შეცდომებსაც პოულობს. მაგალითად:

[მიქელაძის ხმა] "ჰეროინი და კოკაინი ერთი და იგივეა. ან კიდევ: მარიხუანა არის პლანი, იგივე ჰაშიში, იგივე მაცანი. თანაც, უფრო მაგარი, ვიდრე ჩვენთან იცის. ამ დროს მარიხუანა არის 9-10-ჯერ უფრო სუსტი ნარკოტიკი, ვიდრე ჩვენი პლანი, მით უმეტეს, აზიიდან შემოსულთან ახლოს ვერ მოვა."

მაკა მიქელაძე ლაპარაკის დროს მრავალ ტექსტს შეეხო: ანა მხეიძის "არჩევანი მე", ლაშა თაბუკაშვილის პიესა "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი", ლაშა ბუღაძისა და ბესო ხვედელიძის, ირაკლი კაკაბაძისა და ნუგზარ შატაიძის მოთხრობები, მიხო მოსულიშვილის, აკა მორჩილაძის რომანები... გასული საუკუნის 80-ან წლებში დასტამბულ მოთხრობაში "არჩევანი მე" მაკა მიქელაძე იმდროინდელი რეპრესიული მორალის კვალს ხედავს, ხოლო ლაშა თაბუკაშვილის პიესა, მისი აზრით, იყო პირველი ტექსტი, სადაც

[მიქელაძის ხმა] "გაიხსნა მომენტი, რომ ნარკომანი, შეიძლება, არ იყოს ნაძირალა, სულაც პირიქით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც დანაშაულად აღიქმება და ყოველთვის მოიძებნება გამართლების მცდელობაც, უწინარესად, თვითონ ნარკომანი პერსონაჟების მხრიდან."

და მაინც, მაკა მიქელაძის აზრით, ნარკომანი პერსონაჟები ბევრ ტექსტში არ ნიშნავს, რომ მათი პრობლემატიკა ნარკომანიაა. ლამის პირველ მოთხრობად, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას, როგორც პრობლემას, ეძღვნება, მაკა მიქელაძე ირაკლი კაკაბაძის "ალეგროს" მიიჩნევს:

[მიქელაძის ხმა] "მოთხრობა ნარკომანიასთან ბრძოლის საკითხს ხმარდება. მასში, დღევანდელი სამედიცინო, დასავლური ნარკოლოგიის თვალსაზრისით, სწორი ფორმულირებებია: წამალს ეჩვევიან და მერე ხდებიან ნარკომანები - ამბობს პერსონაჟი ბიჭი. არა, უპასუხებენ მას, ნარკომანიას ვერ მოსპობ, სანამ არსებობს თავდავიწყების მოთხოვნილება. მიჩვევამდე ბევრად ადრე ხდებიან, როცა ცხოვრებას შეხედავენ, როგორც გაუგებრობას და სისულელეს - ფაქტიურად, ეგზისტენციალური პოზიციიდან არის განხილული - როცა ირგვლივ სიცარიელეა, მომავლის იმედი უქრებათ, მშობლების პატივისცემას კარგავენ და სხვა ბევრი მიზეზი... კიდევ ერთი სწორი მიგნება, როგორც იქნა: საზოგადოება რაღაცით ხელს უწყობს ნარკომანებს და საჭიროა ნარკომანის თვალით შეხედო ამ პრობლემას. აი, მერე უკვე შეიძლება რამის გამოსწორება."(სტილი დაცულია)

მაკა მიქელაძეს ერთი საგულისხმო დაკვირვება ჰქონდა პერსონაჟთა ენაზე, რომელიც, მისი აზრით, რეალურ მეტყველებაშიც იჭრება:

[მიქელაძის ხმა] "ტიპაჟებმა ძალიან საინტერესო დინამიკა განიცადეს: აქამდე ნარკომანები ლაპარაკობდნენ სლენგით, ახლა კი ხდება სლენგის ნარკოტიზაცია. მაგალითად, პერსონაჟი ეჭვიანობს ქალზე და ამბობს: ისე დამაქანა, თითქოს კაი დიდი ჰეროინი გავიჩხირე და ა.შ.".

საერთოდ, ნარკოლოგისა და მწერლის, მაკა მიქელაძის, შეფასებებს მორალიზმის ძლიერი კვალი აჩნდა. ასე მაგალითად, ტექსტებზე დაკვირვების შედეგად, ის მივიდა დასკვნამდე, რომ კაცი ან ნარკომანია, ან პატრიოტი, ან კიდევ...

[მიქელაძის ხმა] "ეს არის ნარკოტიკის შედეგი: ადამიანი ხდება უხეში, ექსპლოზიური და დეგრადირდება გარდაუვალად. საბოლოო ჯამში, ყველა დეგრადირდება."

ერთ დისკუსიაში და ერთი მომხსენებლის მიერ, ბუნებრივია, ვერც ერთი თემა ვერ ამოიწურება. შესაძლოა, ნარკომანია, როგორც პრობლემა, პროზაში ხშირად არ ჩანდეს, მაგრამ ნარკოტიკი, მისი ძიება და მიღება, როგორც ტექსტში მოქმედების გაშლის საფუძველი, დღევანდელი ქართული მწერლობის საინტერესო მოტივია. აკა მორჩილაძის პერსონაჟებს მოგზაურობა ყარაბაღში იმიტომაც გამოუვიდათ, რომ, აზერბაიჯანში ნარკოტიკის საშოვნელად წასულებს, გზა აებნათ და მთავარმა პერსონაჟმა სტერეოტიპული ნარკომანისათვის უჩვეულო სიქველე და ვაჟკაცობა გამოიჩინა. აკა მორჩილაძის მეორე რომანი, "შენი თავგადასავალი", შეიძლება ითქვას, "დაბოლილი" ცნობიერების ნაკადს წარმოადგენს: მთავარი პერსონაჟი ჰალუცინატორს გადაყლაპავს და უსასრულო კოშმარებით უსწორდება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ბალასტით გამოტენილ საკუთარ მეხსიერებას. ასე რომ, ნარკომანია დღეს რეალურ ცხოვრებაშიც და ლიტერატურაშიც მრავალმხრივი პრობლემაა და ჯერჯერობით უპასუხო კითხვების ერთობლიობას წარმოადგენს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG