Accessibility links

logo-print

ევროპის პარლამენტის არჩევნები


ევროპის კავშირის წევრ 25 ქვეყანაში გამართული ევროპის პარლამენტის არჩევნები ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება.

ჯერ ერთი, ამომრჩევლებმა აშკარად ზურგი შეაქციეს მმართველ პარტიებს, და, მეორე მხრივ, საერთოდ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს: არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა რეკორდულად დაბალი იყო, ზოგ ქვეყანაში იგი ოც პროცენტსაც არ აღწევდა.

დიქტორი: როგორც არჩევნების წინასწარი შედეგები ცხადყოფს, ამომრჩევლებმა მმართველი პარტიების დასჯა გადაწყვიტეს ეროვნულ დონეზე. თანაც განურჩევლად იმისგან, რომელ პოლიტიკურ ფრთას განეკუთვნებიან ისინი.

გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა. მათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ. გაიმარჯვა ოპოზიციაში მყოფმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის კონსერვატულმა ბლოკმა. საფრანეთში იგივე დაემართა პრეზიდენტ ჟაკ შირაკის მმართველ მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას, დემოკრატიული მოძრაობის კავშირს, რომელმაც მწარე მარცხი იწვნია სოციალისტებისგან.

ბრიტანეთში მარცხი იწვნია პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის ლეიბორისტულმა პარტიამ. იგივე ვითარებაა პოლონეთში. სხვაგვარადაა საქმე ესპანეთსა და საბერძნეთში. ესპანელმა სოციალისტებმა და ბერძენმა კონსერვატორებმა კიდევ უფრო გაიმყარეს პოზიციები ხელისუფლებაში.

ბლერის მარცხს ხსნიან ერაყის კამპანიაში მონაწილეობის გამო უკმაყოფილებით. შრიოდერისა და შირაკის წარუმატებლობას კი - ეკონომიკური პრობლემებით.

როგორც ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ, პატ კოქსმა განაცხადა, კენჭისყრა თითქმის სრულიად იყო მოკლებული საერთოევროპულ განზომილებებს და ვიწროეროვნული პრობლემებით იყო განპირობებული.

[კოქსის ხმა] "ჩვენს ევროპის არჩევნებს ევროპა აკლდა. და ამას ყურადღება უნდა მიექცეს. თუკი შედეგებს შევხედრავთ, ისინი თითქმის ყველგან გამოიყურება როგორც მთავრობების საშუალედო გამოცდა. ამას აქვს საფუძველი, მაგრამ საქმე ეხებოდა არა ეროვნულ სახელმწიფოს, არამედ ევროპის კავშირის მომავალს. სამწუხაროა, რომ ევროპა ასე აკლია ევროპის არჩევნებს, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში."

რა არის ამის მიზეზი? როგორც რომში განთავსებული ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯეიმს უოლტსონმა უთხრა ჩვენს რადიოს, ეს იმით აიხსნება, რომ, როგორც ეროვნულმა მთავრობებმა, ისე ოპოზიციურმა პარტიებმა, შეგნებულად მიიტაცეს ევროარჩევნები საკუთარი, ვიწროეროვნული მიზნებისთვის.

1-ლ მაისს კავშირს ათი ახალი წევრი შეემატა. ევროარჩევნებში, რომელიც ოთხ დღეს გრძელდებოდა, განსაკუთრებული იმედგაცრუება სწორედ მათ უკავშირდება. ყველაზე უფრო მეტად სწორედ ახალმოსულები პასიურობდნენ და ამის გამო კავშირის მასშტაბით ამომრჩეველთა საშუალო მაჩვენებელი პირდაპირი არჩევნების 25-წლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე უფრო დაბალი - 44,2 პროცენტი იყო. ათ ახალ წევრ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 28 პროცენტს უდრიდა. სლოვაკეთში 17 პროცენტი მივიდა საარჩევნო ურნებთან. პოლონეთში - 20.

თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის ძველ წევრებში კენჭისყრის მონაწილეთა საერთო მაჩვენებელმა იმატა.

[ინჩერტის ხმა] "ახლა დიდი საფიქრალს გვიჩენენ ახალი წევრი ქვეყნები, ვინაიდან ყველას იმედი გვქონდა, რომ მათ ერთი სული ექნებოდათ, სანამ თავიანთ დემოკრატიულ უფლებებს გამოიყენებდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ არის."

ეს გახლდათ ბრიუსელის ევროპის პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი მარკო ინჩერტი. მისი აზრით, ამის მიზეზია ცუდად ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანია და ის, რომ მოსახლეობის ფართო მასებს კარგად არა აქვთ გაცნობიერებული, რას წარმოადგენს ევროპის პარლამენტი. ხოლო კიდევ ერთი ექსპერტი, პეტერ დრულაკი პრაღიდან დასძენს, რომ ახალი წევრებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო თავად ევროპის კავშირში მოხვედრის ფაქტი, რომ ადამიანები ამ ქვეყნებში აღარ ფიქრობენ, რაიმე მოვალეობებიც თუ აკისრიათ ახალ პოლიტიკურ გარემოში.

თავად ევროპის პარლამენტში, რომელსაც სტრასბურგში უდევს ბინა, ბევრი არაფერი შეცვლილა. 732 ადგილიდან 272 მანდატით ყველაზე დიდ ჯგუფს ქმნიან კონსერვატული პარტიები. 200 ადგილი ექნებათ ევროპის სოციალისტებს. ლიბერალ-დემოკრატებს - 67, მწვანეებს - 42.
XS
SM
MD
LG