Accessibility links

logo-print

საქართველოს ახალი თავდაცვის მინისტრი კორუფციული მემკვიდრეობის წინააღმდეგ


წინა კვირაში დანიშნულმა საქართველოს ახალმა თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ახალ პოსტზე თავისი პირველი სამუშაო დღე ხმაურიანი განცხადებით დაიწყო.

ორშაბათს კადეტთა კორპუსისა და ვაზიანში განლაგებული მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის მონახულების შემდეგ გიორგი ბარამიძემ დაადასტურა, რომ სამხედრო უწყებაში გრძელდება საბიუჯეტო თანხების დატაცების პროცესი. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, კორუფცია სამხედრო უწყებაში, ძირითადად, შესყიდვებისა და ლოგისტიკის სფეროებში ყვავის. უფლებათდამცველები მოუწოდებენ ახალ მინისტრს, წინამორბედთა მსგავსად, არ შემოიფარგლოს მხოლოდ ვითარების კონსტატაციით და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

თნამდებობაზე დანიშვნისთანავე სამხედრო ნაწილების ინსპექტირება და წინამორბედების შეცდომებზე ხმამაღალი ლაპარაკი ძველი ტრადიციაა. ეს ტრადიცია არც ერთი კვირის წინ თავდაცვის მინისტრად დანიშნულ გიორგი ბარამიძეს დაურღვევია. სამხედრო უწყების ახალმა სამოქალაქო ხელმძღვანელმა, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობდა, ორშაბათს კადეტთა კორპუსი და ვაზიანის ბაზა მოინახულა. პირველი ერთადერთი სამხედრო პროფილის საშუალო სკოლაა, რომელიც კადრებით სამხედრო აკადემიას ამარაგებს, მეორე კი - პროფესიული ქართული ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილი. თუმცა საყოფაცხოვრებო პრობლემები ორივეგან სანახევროდ გადაჭრილი აღმოჩნდა, გიორგი ბარამიძე ორშაბათს ლაპარაკობდა ვირთხებზე, რომლებიც თავდაცვის ბიუჯეტს იპარავენ:

[გიორგი ბარამიძის ხმა] "ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ყოველი თეთრი იყოს ისე გამოყენებული, როგორც კანონით არის გათვალისწინებული. და არ იყოს არც ერთი მისხალი და გასაქანი კორუმპირებული ხალხისათვის, იმ ადამიანებისათვის, ვინც მართლა ვირთხებივით ხრავენ ჯარისკაცისა და ოფიცრის საჭმელს."[სტილი დაცულია]

თუმცა ბოლომდე გაუგებარი დარჩა ვინ ჰყავდა მხედველობაში თავდაცვის ახალ მინისტრს, როდესაც "ვირთხებზე" ლაპარაკობდა - უშუალოდ მისი წინამორბედის გელა ბეჟუაშვილის მიერ დანიშნული კადრები თუ რევოლუციამდელი გენერალიტეტი, რომლის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი უკვე ძალზე დაგვიანებულია. თანაც ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ "ცოდვები" თანხების მიზნობრივად და სამართლიანად განაწილების პროცესში ზოგიერთმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა გელა ბეჟუაშვილსაც აღმოუჩინა. გასული კვირის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალი და თავისუფლების"დირექტორ ირაკლი სესიაშვილს შეატყობინეს, რომ ვაზიანის ელიტურ ნაწილში, სადაც "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით გაწვრთნილი ქართველი პროფესიონალები არიან დაბინავებულნი, სასმელ წყალში მატლები აღმოჩნდა. უფრო ადრე კი ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა რეფორმებისა და განვითარების ფონდის ხაზით გამოყოფილი თანხების არასამართლიანად განაწილების ფაქტები:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] "ჩვენი შეშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამ თანხის გადანაწილება მოხდა არა კონკრეტული წესის მიხედვით, არამედ ნაცნობ-მეგობრობით. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ ადიუტანტმა და პირადმა მძღოლმა მიიღო სამჯერ უფრო მეტი თანხა, ვიდრე სარდალმა."

2004 წლის ბიუჯეტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიმდინარე წელს, დაახლოებით, ორჯერ მეტ თანხას მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედროფორმიან კორუმპირებულებს, რომლებმაც კარგად იციან ფულის გამარცხენების ტექნოლოგია, ორჯერ უფრო დიდი შანსი ექნებათ ფულის მისათვისებლად.

[გიორგი ბარამიძის ხმა] "მე მაინტერესებს როგორც თუნდაც მოქალაქეს, თავი დავანებოთ იმას, როგორც მინისტრს: რატომ არის, აი, ამ ხარისხის მაკარონი ლარ და სამ თეთრად, როცა ლაპარაკია საბითუმო შესყიდვაზე." (სტილი დაცულია)

მინისტრი ბარამიძე ჯერ შეკითხვას სვამს, ხვალიდან კი კონკრეტულ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს.
XS
SM
MD
LG