Accessibility links

logo-print

როგორი საგადასახადო კოდექსის პროექტი გამოაქვეყნა 13 ივნისს საქართველოს მთავრობამ


საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, მინისტრთა კაბინეტს საგადასახადო კოდექსის პროექტი ჯერ კიდევ პირველი მაისისთვის უნდა მოემზადებინა და მაისის ბოლოს პარლამენტში წარედგინა.

მაგრამ მთავრობამ პრეზიდენტის დავალების შესრულება ვერ შეძლო. ზურაბ ჟვანიას მინისტრთა კაბინეტმა 13 ივნისისთვის მხოლოდ ახალი საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპების შემუშავება მოახერხა. ახლა მთავრობა პირობას დებს, რომ სექტემბრის ბოლომდე კოდექსის პროექტის დაწერას და საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებას მოასწრებს.

13 ივნისს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების თავყრილობაზე გაირკვა, რომ, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის პრინციპების მიხედვით, 21-დან 12 გადასახადი გაუქმდება, დარჩენილი 9 გადასახადიდან კი რამდენიმე გადასახადის მოცულობა შემცირდება. პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას კაბინეტს საჭიროდ მიაჩნია საშემოსავლო გადასახადის 22-დან 12 პროცენტამდე, სოციალური გადასახადის 33 პროცენტიდან 20-მდე და დამატებული ღირებულების გადასახადის 20-დან 18 პროცენტამდე შემცირება:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "ამ ცვლილებების შედეგად, ვფიქრობ, თუ თქვენ და პარლამენტი ამას დაუჭერთ მხარს, საქართველოში იქნება მნიშვნელოვნად უფრო დაბალი საგადასახადო განაკვეთები, ვიდრე ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში."

მთავრობის მიერ გადასახადების შემცირების დაპირებას მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია პრეზენტაციაზე მყოფი ბიზნესმენების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი. მათ შორის იყო კომპანია "ყაზბეგის" მფლობელი გოგი თოფაძე:

[გოგი თოფაძის ხმა] "დიდი ხმაური იყო, რომ მოხდება რეალურად სერიოზული ლიბერალიზაცია გადასახადების და მე დავინახე, რომ ეს ხმაური დარჩა ხმაურად და არავითარი სერიოზული ცვლილებები არ იქნება. მხოლოდ და მხოლოდ დღგ-ს შემცირება 2 პროცენტით არ იქნება ის ბერკეტი, რომელიც ჩვენს ეკონომიკას უშველის."

როგორც გადასახადთა შემცირების პროექტიდან ჩანს, ძირითადად, შემსუბუქება სოციალური სახის გადასახადებზე მოდის, რაც, ერთი შეხედვით, დიდ შვებას ვერ მოუტანს ბიზნესმენებს, რომლებიც სხვადასხვა გზებით ისედაც თავს არიდებდნენ ამ გადასახადებს; სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს საშემოსავლო თუ საპენსიო გადასახადის გადამხდელთა, ანუ უბრალო მოქალაქეთა, საგადასახადო ტვირთს. თუმცა ამ ცვლილებას უარყოფითი მხარეც აქვს.


ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის განცხადებით, მომავალ წელს პენსიებისა და ხელფასების გაზრდა შეუძლებელი იქნება. კახა ბენდუქიძე რეფორმის არსს შემდეგში ხედავს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] "ერთი რაღაცა არის, ფაქტიურად, ნათელი, რომ ეს მეთოდი დაწევისა უტოვებს 380 მილიონ ლარს ლეგალურ სექტორში, რომელიც იმედია, რომ მთლიანად ინვესტირებული იქნება ლეგალურ სექტორში. 4%-იანი ზრდა უნდა იყოს მარტო ამის გამო."(სტილი დაცულია)

ამ და სხვა ცვლილებების ეფექტურობაზე ქართულ საზოგადოებაში კამათი კიდევ უფრო გამწვავდება სექტემბრის ბოლოს, როდესაც საგადასახადო კოდექსის დასრულებული პროექტი საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG