Accessibility links

logo-print

საარჩევნო კონკურენციის ახალი წახნაგები აჭარაში


დავით პაიჭაძე, თბილისი არჩევნების მოახლოება ცხადყოფს, რომ მთავარ კონკურენტებს - ნაციონალურ მოძრაობასა და რესპუბლიკურ პარტიას შორის უთანხმოებას მხოლოდ მორალური საფუძველი არა აქვს:

რესპუბლიკელები პრეზიდენტის პარტიას მხოლოდ ასლან აბაშიძის მრავალი მომხრის შეამხანაგებასა და არჩევნების წინ, ოპონენტთა აზრით, მიუღებელ ქცევას არ ემართლებიან. ორშაბათს, 14 ივნისს, წინააღმდეგობა აჭარის მომავალი სტატუსისა და მოწყობის საკითხშიც გამოვლინდა. თავის მხრივ, პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობაში სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ყოფილ თანაბლოკელთა პრეტენზიებს.

აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები ამ კვირის ბოლოს გაიმართება. ცნობილია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დაიძაბა ურთიერთობა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ერთი ბლოკის წევრებს - რესპუბლიკურ პარტიასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. გასული კვირის მიწურულს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარაში ჩავიდა. საქართველოში ასე დამკვიდრდა: პრეზიდენტები რეიტინგით ყოველთვის აღემატებიან თავიანთ პარტიებს და არჩევნებზე ხშირად მათი, რომ იტყვიან, თრევა და გაქაჩვა უწევთ. მიხეილ სააკაშვილის აჭარაში ჩასვლაც, უწინარესად, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგს უნდა დასტყობოდა და, პარტიისა და პარლამენტის წევრის ჟანი კალანდაძის თქმით, დაეტყო კიდეც:

[კალანდაძის ხმა] "ბუნებრივია, ეფექტი ძალიან დიდია. მართალი გითხრათ, არ გაგვიზომავს, სოციოლოგიური კვლევა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ მოსახლეობის გააქტიურება იგრძნობა."

ჟანი კალანდაძე ამბობს, რომ პრობლემად არ მიაჩნია დღემდე დარეგისტრირებული 55 ათასი ამომრჩეველი. არჩევნებამდე დეპუტატი ამ რაოდენობის, სულ ცოტა, გაორმაგებას ვარაუდობს.

[კალანდაძის ხმა] "მთიან აჭარაში, ფაქტობრივად, 100%-ანი მხარდაჭერა გვაქვს. ქობულეთშიც აქტიურად გვიჭერენ მხარს, თუმცა იქ თავის დროზე არასწორი საკადრო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. როცა ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოვიდა, თანამდებობებზე ახალდანიშნული ხალხი სამსახურებიდან დავითხოვეთ."

პრეზიდენტის აჭარაში ვიზიტს სხვაგვარად აფასებს რესპუბლიკური პარტიის წევრი ოთარ ზოიძე:

[ზოიძის ხმა] "აქ ირღვევა სამართლიანი არჩევნების პრინციპი, რადგან პრეზიდენტი უსაზღვრო შესაძლებლობებს იყენებს და ეთერში არის 1-1,5 საათი, პირდაპირი საარჩევნო მოწოდებებით. თუმცა ძალიან მძიმე შეცდომებს უშვებენ დასახელების გარეშე რესპუბლიკელების ლანძღვით, რაც აშკარა უკუეფექტს იწვევს მოსახლეობაში. შეხვედრების დროს ეს ჩანს. თანაც, ძალიან საწყენია, რომ საქართველოში პრეზიდენტი ოპერირებს ისეთი სიტყვებით, როგორიცაა "ერთუჯრედიანები", "ბრიყვები" და ა.შ.".

სხვაობა პოლიტიკური საკითხებისადმი ნაციონალური მოძრაობისა და რესპუბლიკელთა მიდგომებს შორის კიდევ ერთხელ გამოვლინდა 14 ივნისს, როცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უმასპინძლა საჯარო დისკუსიას კანონპროექტზე აჭარის ავტონომიის შესახებ. კანონპროექტი პრეზიდენტის სახელით გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში. ოთარ ზოიძემ ჩვენთან საუბრისას ეს კანონპროექტიც გააკრიტიკა:

[ზოიძის ხმა] "ეს არის ცენტრალიზებული მმართველობა, შენიღბული ბუტაფორიული წარმომადგენლობითი ორგანოთი, რომელსაც არანაირი ფუნქციები არა აქვს, უბრალოდ, უნდა დაადასტუროს პრეზიდენტის ნება. ამ კანონის მიხედვით, აჭარაში იქნება არა რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ფორმირებული მთავრობა, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც ახორციელებს პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას. არ არის ლაპარაკი არავითარ ფინანსურ და ეკონომიკურ ავტონომიაზე, ყველაფერი იმართება ცენტრიდან. ვისაც სურს ცენტრალიზებული მმართველობა, მას სურს კორუფცია ან უშვებს კორუფციას, რადგან ცენტრალიზებული მმართველობა გარდაუვალად წარმოშობს ასეთ შედეგებს."

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი აჭარის ავტონომიის შესახებ თვითმმართველობის უფლებებს არ ზღუდავს და წარმოადგენს ნაბიჯს სახელმწიფო მმართველობის დეცენტრალიზაციისაკენ.

[ბეჟაშვილის ხმა] "ამ კანონპროექტით ვერ განსაზღვრავ, საბოლოოდ რა ტერიტორიულ მოწყობას ირჩევს საქართველო. სახელმწიფო მმართველობის პოლიტიკა აქ განსაზღვრულია მხოლოდ ერთ რეგიონთან მიმართებით. ნამდვილად არის ნაწილობრივი დეცენტრალიზაცია."
XS
SM
MD
LG