Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი საქართველოს სამართალდამცავი სისტემის განვითარებაში ეხმარება


ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს მწვანე შუქი მისცეს საქართველოში

"კანონის უზენაესობის" სახელით ცნობილი მისიის გაგზავნას. მისია მიზნად ისახავს საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის გაუმჯობესებაში დახმარების გაწევას. ეს მისია პირველი გამოცდა იქნება ევროპის კავშირის სამოქალაქო კრიზისების მოგვარების შესაძლებლობების მოსასინჯადაც.

პროგრამა, რომელსაც ევროპის კავშირის საქართველოში დაიწყებს ივლისის შუა რიცხვებიდან, პირველი ამ ტიპის ინიციატივაა საერთოდ.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილება იმის მორიგი ნიშანია, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ იმედებს უკავშირებს საქართველოს ახალგაზრდა პრეზიდენტს.

პროგრამის ფარგლებში ევროპის კავშირი წევრი ქვეყნებიდან ათ სამოქალაქო ექსპერტს გაგზავნის საქართველოში. ისინი სასამართლო ხელისუფლებისა და პოლიციის მუშაკების მრჩევლებად იმუშავებენ ერთი წლის განმავლობაში. შესაძლებელია ვადის გაგრძელება.

ევროკავშრირის მისია საქართველოს მთავრობის საგანგებო თხოვნის საფუძველზე მოქმედებს. როგორც ევროპის კომისიის წარმომადგენელმა, ემა უდვინმა უთხრა ჩვენს რადიოს, ევროპის კავშირის მისია ნაწილია საქართველოს დახმარების ფართო პროგრამისა.
[უდვინის ხმა] "ევროპის კავშირი უკვე ეხმარება საქართველოს სამართლის სფეროში მისი ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი დაწესებულების რეფორმირებაში. მაგალითად, მის იუსტიციის სამინისტროს, პენიტენციალურ და თავდებად გათავისუფლების სამსახურებს. ამ სფეროში უკვე გავიღებთ დაახლოებით ათნახევარ მილიონ ევროს და ვეხმარებით რეფორმებს, რომელთა გატარებას თავად ქართველები ცდილობენ. "კანონის უზენაესობის" მისია ამაში ახლებურად გაწევს დახმარებას. ჩვენი წევრი ქვეყნებიდან ექსპერტები დაახლოებით ერთი წლით გაემგზავრებიან საქართველოში რეფორმების პროცესის ხელშესაწყობად. ცხადია, საქართველო ერთობ მტკივნეულ პერიოდში იმყოფება, იგი საკუთარი წარსულის უკან ჩამოტოვებას ცდილობს და სურს, ევროპულ სტანდარტებს გაუსწორდეს. ასე რომ, ამ მისიის ამოცანაა, დაეხმაროს საქართველოს იმ რეფორმებში, რომელთა გატარებაც მას თავად სურს."

თვით ევროპის კავშირს ეს მისია საშუალებას მისცემს, შეამოწმოს საკუთარი შესაძლებლობები სამოქალაქო კრიზისების მოგვარების საქმეში, რაც ჩაფიქრებულია, როგორც ბლოკის "ევროპის უშიშროებისა და თავდაცვის პოლიტიკის" ნაწილი. ეს პოლიტიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოტენციული კრიზისების პრევენციას ანდა კრიზისის გადალახვის შემდეგ ვითარების სტაბილიზაციას სამოქალაქო მეთოდებით.

ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს იუსიციის სამინისტროს. აი, რა გვითხრა მინისტრის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ:

[აბაშიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია.

ბატონი ზურაბის ნათქვამთან დაკავშირებით შევნიშნავ, რომ სამშაბათს დილით გეგუთის ციხიდან 41 პატიმრის გაქცევა კიდევ უფრო ნათელყოფს ამგვარი პროგრამების მნიშვნელობას.

ევროკავშირის წევრები მოსამართლეებს, პროკურორებს, პენიტენციალური სფეროსა და სხვა ექსპერტებს გაგზავნიან საქართველოში მისი სამართალდამცავი სტრუქტურების გასაძლიერებლად. დახმარების მიზანია, ეს სტრუქტურები ევროპის კავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდეს. თანამშრომლობის ერთ-ერთი ასპექტი იქნება მთავრობისთვის დახმარების გაწევა სისხლის სამართლის სასამართლო სისტემის ერთობლივი, კოორდინირებული სისტემის შექმნაში. ევროკავშირის ექსპერტები საქართველოს დაეხმარებიან სისხლის სამართლის პროცედურებთან დაკავშირებული ახალი კანონების მიღებაშიც.
XS
SM
MD
LG