Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში


დასრულდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში. სტუმრობის მეორე დღეს ილჰამ ალიევმა თბილისის ჯუმა მეჩეთში ილოცა, თბილისშივე დაესწრო მამის,

აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერის გახსნას. შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ილჰამ ალიევი უპირატესად აზერბაიჯანელებით დასახლებულ მარნეულის რაიონს სტუმრობდა. სამშობლოში გამგზავრებამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქართველი მასპინძლისაგან უჩვეულო საჩუქარიც მიიღო.

[ისმის მუსიკის ხმა]

ასე ზარ-ზეიმით შეხვდა ხალხი მარნეულში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტსა და მის საპატიო სტუმარს. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ძმობას 15 ივნისს, გამოცდილ შემსრულებლებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებიც უმღეროდნენ.

[ისმის ბავშვების სიმღერა]

შეკრებილთა უმეტესობა მიხეილ სააკაშვილის, ილჰამ და ჰეიდარ ალიევების ფოტოსურათებით გაფორმებულ ტრანსპარანტებს აფრიალებდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მარნეულელებს მშობლიურ ენაზე მიმართა.
მეგობრობისა და ძმობის სიტყვები არც მასპინძელს დაუზოგავს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენი საუკუნოვანი ერთად ყოფნა არის მთავარი მიზანი იმისა, რომ საქართველო დადგეს ფეხზე, რომ საქართველოში მცხოვრები ქართველები, აზერბაიჯანელები და სხვები იყვნენ ძლიერად, მდიდრად, წარმატებულად, გამარჯვებულად... კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ და კიდევ ერთხელ აღგითქვათ, რომ თქვენი პრეზიდენტი მე ვიქნები ზუსტად ისევე, როგორც ყველა სხვა ქართველის პრეზიდენტი."

სააკაშვილმა და ალიევმა ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციულად კეთილმეზობლური ურთიერთობა რამდენიმე შეთანხმების გაფორმებითაც განამტკიცეს. კერძოდ, ხელი მოეწერა შეთანხმებას ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების, ტრანსპორტის, სარკინიგზო და სხვა სატრანსპორტო საშუალებების შემდგომი კოორდინაციის შესახებ, ასევე შეთანხმებას საგადასახადო სისტემებისა და ფინანსური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ. ვიზიტის შედეგებით კმაყოფილებას აზერბაიჯანის პრეზიდენტიც არ მალავდა:

[ილჰამ ალიევის ხმა] " კარგი შეხვედრები და საუბრები გაიმართა. კონსტრუქციულად ვიმსჯელეთ ყველა საკითხზე. ვიზიტით კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი მეგობრობისა და თანამშრომლობის დონე ძალიან მაღალია."


პატივისცემის ნიშნად, მარნეულში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა ილჰამ ალიევს უჩვეულო ძღვენიც მიართვა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენი ხალხის სახელით, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ამ ბედაურს ვაძლევთ საჩუქრად."

ბედაური, როგორც საქართველოს მეცხენეობის განვითარების კავშირის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განმიმარტა, საკმაოდ ძვირად ღირებული, ხუთი წლის წმინდა სისხლის ინგლისური ულაყი აღმოჩნდა.

[გიორგი სეთურიძის ხმა] " ამ ცხენის ფასის განსაზღვრა ძალიან რთულია, იმიტომ რომ მას ამ წუთას აქვს სელექციური ღირებულება - არა სადოღე, არა სილამაზის, არამედ წმინდა სისხლის ინგლისურ მეცხენეობაში იგი ძალიან ძვირფასი სისხლის მატარებელია. იყო ძალიან დიდი მოთხოვნილება, მეზობელი რესპუბლიკებიდან უნდოდათ შეძენა, იყო დასახელებული რამდენიმე ათეული ათასი, მაგრამ მაშინ ჩვენ თავი შევიკავეთ."

სეთურიძის თქმით, ბედაურს, რომელიც სააკაშვილმა აზერბაიჯანელ სტუმარს აჩუქა, სახელად ზედაპირი ჰქვია. თუმცა ორდღიანი ვიზიტის შემდეგ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ, ცხენისაგან განსხვავებით, ორი ლიდერის მეგობრობას ზედაპირულს ვერავინ უწოდებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველო "წითელი ხიდის" გავლით დატოვა. საზღვრამდე იგი, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რიგითმა მარნეულელებმაც მიაცილეს.

[ისმის აზერბაიჯანული სიმღერა]
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG