Accessibility links

logo-print

ოსური მოსახლეობა "ქართულ პენსიებს" სიფრთხილით ეკიდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ცხინვალის რეგიონში ცენტრალური ხელისუფლების გააქტიურებას საბანკო სექტორმაც აუბა მხარი. უკვე მეორე კვირაა „სახალხო ბანკი", საპენსიო ფონდთან ერთად, სამაჩაბლოს მოსახლეობისათვის

პენსიების დარიგების პრობლემას აგვარებს. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ოსი ეროვნების მოსახლეობა, ადგილობრივი დეფაქტო ხელისუფლების ზეწოლის გამო, ქართული პენსიების აღებას სიფრთხილით ეკიდება, სავარაუდოდ, ეს პროცესი გაგრძელდება. რა სიტაუციაა ამჟამად ცხინვალის რეგიონში საპენსიო უზრუნველყოფის კუთხით?.

საპენსიო ფონდისა და "სახალხო ბანკის" წარმომადგენელთა განცხადებით, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის ქართული პენსიების გაცემა 15 ივნისიდან დაიწყება.

პენსიები რეგიონში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რაიონებში, "სახალხო ბანკის" მეშვეობით გაიცემა. კონფლიქტის ზონაში ამჟამად საპენსიო უზრუნველყოფის 12 პუნქტია გახსნილი. ეს პუნქტები შეირჩა ონის, საჩხერისა და გორის რაიონებში, ასევე ცხინვალის მიმდებარე სოფლებში. საპენსიო პუნქტებს საშუალება აქვს მოემსახუროს როგორც რეგიონის ქართულ, ისე ოს მოსახლეობას.

პენსიები უნიფიცირებულია ყველა კატეგორიის პენსიონერებისათვის და თვეში 18 ლარს შეადგენს. ქართული პენსიის მიღებისათვის სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებმა, ეროვნების მიუხედავად, უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობა, სადაც დაფიქსირებულია დაბადების წელი.

პენსიები საქართველოს ბიუჯეტიდან გაიცემა იმისგან დამოუკიდებლად, იღებს თუ არა პენსიონერი პენსიას სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ბიუჯეტიდან.
ქართული პენსიების მისაღებად წინასწარი რეგისტრაცია უკვე 250-მა პენსიონერმა გაიარა. თუმცა სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პენსიონერთა ზუსტი რიცხვი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსათვის ამ ეტაპზე უცნობია.

გარდა ამისა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის და კონფლიქტის ზონის სხვა სამშობიარო სახლების დაფინანსების შესახებ.
თითოეული მშობიარის მიღებისათვის სამხრეთ ოსეთის სამედიცინო დაწესებულებებს 200 ლარი ჩაერიცხებათ.

საქართველოს ბიუჯეტი ასევე თავის თავზე იღებს სამხრეთ ოსეთის საავადმყოფოებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების - მათ შორის, გეგმიური ოპერაციების - დაფინანსებას.

რეგიონის ოსი მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების ამ კეთილ ჟესტს ჯერჯერობით სიფრთხილით ეკიდება, რადგან დიდია მათზე ადგილობრივი დეფაქტო ხელისუფლების ზეწოლა და მუქარა. მაგალითად, იმავე პენსიების ასაღებად ოსი მოსახლეობა დიდ ენთუზიაზმს არ იჩენს. თუმცა, "სახალხო ბანკის" დირექტორის ლაშა ხოფერიას თქმით, პენსიების დარიგება გაგძელდება და დროთა განმავლობაში, შესაძლებელია, მასში ადგილობრივი ოსი მოსახლეობა მასობრივად ჩაერთოს. ამის საბაბს ქართულ მხარეს საპენსიო ფონდში ოსების მიერ გავლილი რეგისტრაციის პროცესი აძლევს.

[ლაშა ხოფერისა ხმა] "ინტენსივობა ძალიან დაბალია. სულ რამდენიმე ერთეული ადამიანი მობრძანდა გუშინ და აიღო კუთვნილი პენსია. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოსახლეობა არის დაშინებული. ისინი დააშინეს და გააფრთხილეს, რომ არ გაბედონ ქართული მხარის მიერ შემოთავაზებული დახმარების აღება. აქედან გამომდინარე, შიშის ფაქტორი არსებობს და ამიტომ თანხის აღების სულ რამდენიმე შემთხვევა იყო. თუმცა საპენსიო ფონდის რეგისტრაცია ასზე მეტმა კაცმა გაიარა. "

ოსურ მოსახლეობაში არსებული შიშის მიუხედავად, ქართული სახელმწიფოს მხრიდან საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვა რეგიონში უკვე საგრძნობი ხდება, რამაც, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში თავისი შედეგი უნდა გამოიღოს.
XS
SM
MD
LG