Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის წევრთა გადადგომა სოხუმში - რამდენიმე მიზეზი


დავით პაიჭაძე, თბილისი სამშაბათს, 15 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გადადგა აფხაზეთის თვითგმოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. დაუდასტურებელი ინფორმაციით,

თანამდებობები დატოვეს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა გივი აგრბამ და მთავრობის პირველმა ვიცე-პრემიერმა ასტამურ ტარბამ. ერთი ვერსიით, ყველა მათგანის გადადგომა განაპირობა გასულ კვირას სოხუმში გარი აიბას მკვლელობამ, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილე მეომართა კავშირის, "ამცახარას", აღმასრულებელი მდივანი გახლდათ. ამ ვერსიას რადიო "თავისუფლებასთან" საუბრისას არ დაეთანხმა კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ძვრებს სოხუმის ხელისუფლებაში აფხაზეთის წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს.

სერეგი შამბას აქვს ამბიცია, გახდეს არძინბას შემდეგ აფხაზეთის პრეზიდენტი, განმიცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. არძინბას მიერ ინიცირებული კანონის თანახმად, აფხაზეთის პრეზიდენტი ვერ გახდება პირი, რომელსაც არჩევნებამდე უკანასკნელი 5 წელი აფხაზეთში არ უცხოვრია. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ამ კანონმა პრეზიდენტობისკენ გზა მოუჭრა მოსკოვში მცხოვრებ გავლენიან აფხაზს, ნოდარ ხაშბას. ნოდარ ხაშბა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის, მთავრობის გავლენიანი წევრის, სერგეი შოიგუს მოადგილეა და ხაშბას ხილვა აფხაზეთის მეთაურად შოიგუს ინტერესსაც წარმოადგენდა. ნოდარ ხაშბას განეიტრალება არ ნიშნავს, რომ ის რუსეთზე მიმართული ერთადერთი კანდიდატი იყო.

სერგეი შამბა შედარებით ახალშექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციის, "ერთიანი აფხაზეთის", ლიდერია. გადადგომით ის იწყებს დისტანცირებას არძინბას ხელისუფლებისგან, რომლის ყველაზე გავლენიან ფიგურას დღეს პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯიმბა წარმოადგენს. საპრეზიდენტო ამბიცია აქვს რაულ ხაჯიმბასაც.

[ზაქარეიშვილის ხმა] "ამ შემთხვევაში ლაპარაკია კლანების დაჯახებაზე, ანუ ხაშბა იქნება, პეტრე თუ პავლე, მაინც პრორუსი იქნება. უბრალოდ, შოიგუს სურდა, თავისი კაცი ჰყოლოდა იქ. აი, ამას შეეწინააღმდეგენ აფხაზეთში მყოფი აფხაზი პოლიტიკოსები. მათ თქვეს: რატომ უნდა იყოს ხაშბა, რატომ არ უნდა ვიყოთ ჩვენ? ჩვენ, რა, ნაკლები პრორუსები ვართ? რატომ მაინცდამაინც ხაშბა და არა მე, - თამამად შეიძლება თქვას პრემიერ-მინისტრმა ხაჯიმბამ, - განა მე ნაკლები პრორუსი ვარ? - ანუ ეს არ იყო ანტირუსული ნაბიჯი. ეს იყო გარკვეული ანტიკლანური ნაბიჯი, რაღაც კლანებს ჩაუკეტეს კარი."

პაატა ზაქარეიშვილი ძლიერ კანდიდატად მიიჩნევს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ანრი ჯერგენიას, რომელიც არძინბამ სწორედ მისი კლანის შეზღუდვის გამო ჩამოაშორა თანამდებობას. ზაქარეიშვილი ჯერგენიას ყველაზე პრორუსულად განწყობილ ფიგურად მიიჩნევს. ჯერგენიას გარდა, ზაქარეიშვილი მონიშნავს კიდევ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც საპრეზიდენტო არჩვნებზე საკუთარი კანდიდატი ეყოლება:

[ზაქარეიშვილის ხმა] "ყველაზე დემოკრატიული ფრთა, რომელიც პირობითად და ზერელედ მაინც იბრძვის დემოკრატიული ღირებულებებისათვის, არის "აიტაირა", ქართულად - "აღორძინება". მათ სურთ, ლიდერად ასევე მოსკოვში მცხოვრები ალექსანდრე ანქვაბი იხილონ, თუმცა ანქვაბს აქვს მტკიცებულებები, რომ აფხაზეთში ცხოვრობს. მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ყოველ თვეში ერთხელ მაინც ჩადის აფხაზეთში, აშენებს სოფლებს, ეხმარება ხალხს... მაგრამ თუ ანქვაბი მაინც არ გადის, "აიტაირას" ჰყავს მეორე კანდიდატი, ლეონიდ ლაკერბაია. ის ძალიან პოპულარული პიროვნებაა ინტელიგენციაში, განათლებულ საზოგადოებაში, ექიმებში, მასწავლებლებში, თავისუფალი პროფესიის ადამიანებში... მაგრამ, ზოგადად, საზოგადოებაში, სამხედროებსა და გლეხობაში პოპულარობა არა აქვს".

ჯერჯერობით ყველაზე რეალურ კანდიდატად აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, მოქმედი პრემიერი რაულ ხაჯიმბა რჩება.
XS
SM
MD
LG