Accessibility links

"რუსთავი-2-ის" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო


თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს განჩინებით, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2-ის" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. სასამართლოს ამ თხოვნით თავად კომპანიის

პრეზიდენტმა ეროსი კიწმარიშვილმა მიმართა. ტელეკომპანია გადახდისუუნაროდ გამოცხადდა. 2004 წლის 8 ივნისის მდგომარეობით, კომპანიის ხელთ არსებული თანხის, ქონების, არამატერიალური აქტივებისა და წინასწარ გაწეული ხარჯების ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს მაშინ, როცა "რუსთავი-2-ის" დავალიანება 9 მილიონ ლარს აღემატება. უკანასკნელი წლების პოლიტიკურ მოვლენებსა და "ვარდების რევოლუციაში" შეტანილი აქტიური წვლილის გამო, "რუსთავი-2-ის" გაკოტრების საქმე მრავალ ლოგიკურ კითხვას ბადებს. თუმცა, ამ დიდი ინტერესის მიუხედავად, ბევრი რამ მაინც ბურუსითაა მოცული.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განჩინებაში ნათქვამია, რომ მის ხელთ არსებული დოკუმენტების ანალიზის თანახმად, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2-ს" არ ძალუძს დღეისათვის არსებული და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი ფულადი ვალდებულებების შესრულება. ეს ცნობილი ამბავია, თუმცა სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არსებობას "რუსთავი -2" წლების განმავლობაში უარყოფდა, თავად დავალიანებას კი სიტყვის თავისუფლების დაცვის კარგად გათვლილი კამპანიით ნიღბავდა. გავიხსენოთ 2001 წლის მინირევოლუცია და შემდგომში უკვე "ვარდების რევოლუციის" წინა პერიოდი, როდესაც "რუსთავი -2-ის" ანგარიშის დაყადაღების მცდელობა მაშინდელმა მთავრობის მეთაურმა პანიკურად აღკვეთა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გაკოტრების საქმის წარმოებით "რუსთავი -2- ის" პრეზიდენტი ამჟამად შორსგამიზნულ ფარულ ზრახვებს ნიღბავს. როგორც ირკვევა, სამაუწყებლო კომპანიის პრეზიდენტმა ეროსი კიწმარიშვილმა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თხოვნით სასამართლოს ისე მიმართა, რომ მისმა კომპანიონებმა, "რუსთავი 2-ის" დანარჩენმა ორმა დამფუძნებელმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ არაფერი იცოდნენ. ამ ფაქტმა პარტნიორებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. ადვოკატი ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ, როგორც ჩანს, ეროსი კიწმარიშვილს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლებას სამაუწყებლო კომპანიის წესდება აძლევდა.

[ლია მუხაშავრიას ხმა]"თუ არ ექნებოდა, ისე ვერ წავიდოდა სასამართლოში, იმიტომ რომ ეგ მოთხრის მთელ მაგ პროცედურას.პარტნიორები მომენტალურად უფლებამოსილები ხდებიან, რომ თქვან, უკან მიგვაქვს ეგ საქმე და სასამართლოდან გამოგვაქვს გაკოტრების წარმოებაო. წესდებით უნდა გაირკვეს ეგ ამბავი. წესდება შეგიძლიათ სასამართლოში მოიკოთხოთ."

წესდება, მოგეხსენებათ, საჯარო ინფორმაციაა, მაგრამ მის მოპოვებას, კანონით, რამდენიმე დღე სჭირდება. მანამდე კი დავაზუსტებთ, რომ "რუსთავი -2-ის" გაკოტრების მმართველს უფლებამოსილების ვადა 28 ივნისს ეწურება. 28 ივნისსვე "რუსთავის-2-ის" კრედიტორთა პირველი კრებაა დანიშნული.
XS
SM
MD
LG