Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატები და სამხედროები ბუშის პოლიტიკას აკრიტიკებენ


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ცალმხრივმა საგარეო პოლიტიკამ ზიანი მიაყენა ამერიკის საერთაშორისო ინტერესებს და პრესტიჟს - ასე ფიქრობს 26 მაღალი რანგის დიპლომატი და სამხედრო.



ჯგუფის სახელწოდებაა "დიპლომატები და სამხედრო მეთაურები ცვლილებებისთვის". მასში შედიან შეერთებული შტატების ორივე ძირითადი პარტიის წევრი პრეზიდენტების მიერ დანიშნული ყოფილი დიპლომატები და გადამდგარი სამხედრო ლიდერები.

ჯგუფის წევრები პრეზიდენტ ბუშს ადანაშაულებენ ერაყის ომში ცალმხრივი პოლიტიკის გატარებაში და მოკავშირეებთან - განსაკუთრებით საფრანგეთთან და გერმანიასთან - ურთიერთობების გაფუჭებაში.

ორი თვის წინ ბრიტანელმა დიპლომატებმა მსგავსი პრეტენზიებით მიმართეს პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს.

ამერიკელი დიპლომატები და სამხედროები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი ჯგუფი არ შეკრებილა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჯონ კერის მხარდასაჭერად. მათი თქმით, ისინი, უბრალოდ, ცდილობენ, ამომრჩეველი გამოაფხიზლონ და მიუთითონ ზიანზე, რომელსაც აყენებს შეერთებულ შტატებს ამჟამინდელი პრეზიდენტი.

თავად ბუშის გარემოცვა ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. მათ ეთანხმება ვირჯინიის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი ლერი საბატო. მისი აზრით, ჯგუფი სწორედ რომ დემოკრატი კანდიდატის წისქვილზე ასხამს წყალს.

[საბატოს ხმა] "ეს ხალხი რომ ყოველდღიურად კერის სამსახურში არ დგას ან ისინი ოფიციალურად რომ არ არიან მისი მრჩევლები, სულაც არ ნიშნავს, რომ მას არ ემხრობიან. საქმე სწორედ რომ პარტიულ ინეტერსებს ეხება და ამაში ცუდი არაფერია. არჩევნებში პარტიულ ინტერესთა ჭიდილთან გვაქვს საქმე. მაგრამ ვითარების ისე წარმოდგენა, თითქოს პარტიული ინტერესები არაფერ შუაში იყოს, ანდა თითქოს ეს რაღაც ტენდენია იყოს, ჩემის აზრით, გადაჭარბებაა."

მაგრამ ექსპერტთა მეორე ნაწილის აზრით, საქმე მართლაც ტენდენციასთან გვაქვს. მათ რიგებს განეკუთვნება ალან ლიხტმანი, ვაშინგტონის ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ესაუბრა.

ლიხტმანის აზრით, დიპლომატებისა და სამხედროთა ჯგუფი იმის გამოა შეშფოთებული, რომ ბუშმა ერთი ხელის მოსმით გადაუსვა ხაზი იმ მონაპოვარს, - იგულისხმება მოკავშირეებთან ურთიერთობები - რასაც ეს ხალხი წლების მანძილზე უყრიდა საფუძველს.

[ლიხტმანის ხმა] "ბუშმა ფუნდამენტურად შეცვალა ამერიკის საგარეო პოლიტიკა. პრევენციული დარტყმის დოქტრინას ბუში რადიკალურად ახლებურად ახორციელებს. და ცხადია, რომ როცა ასე რადიკალურად ცვლი პოლიტიკას, ამას უზარმაზარი რეაქცია მოჰყვება მთელს მსოფლიოში და შეერთებულ შტატებშიც, ვინაიდან ეს გარკვეული ხნის განმავლობაში გამოწვევაა პოლიტიკოსებისა და საჯარო პირებისთვის."

გარდა ერაყში ცალმხრივი წესით მოქმედებისა, ლიხტმანი მიუთითებს სხვა გარემოებაზეც. მისი თქმით, ამჟამინდელი ადმინისტრაციის უნილატერალიზმი ისეთ საკითხებში, როგორიცაა კიოტოს ხელშეკრულებაზე უარი, ანტიბალისტიკური რაკეტების შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლა, ანდა 18 თვის განმავლობაში ფოლადის იმპორტზე ტარიფების ცალმხრივი წესით შეცვლა იმის ნათელი მაგალითია, რომ ბუშის ადმინისტრაცია ანგარიშს არ უწევს თავის საერთაშორისო პარტნიორებს და ამით დიდ ზიანს აყენებს მსოფლიოში ამერიკის პოზიციებს.
XS
SM
MD
LG