Accessibility links

ყოველკვირეული პროგრამა


"ახალგაზრდულ პროგრამაში" ვისაუბრებთ შოუზე,

რომელიც ახლახან თბილისში კლუბ "ნოა-ნოაში" გაიმართა. ეს იყო "გოგენ არტ შოუ" - პოლ გოგენის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შოუ, რომლითაც შოუს ორგანიზატორებმა საკმაოდ საინტერესო სანახაობა წარმოადგინეს. შოუს მიზანი იყო ხელოვნების შეჭრა იქ, სადაც ხალხია, ხალხისთვის მისაღები ფორმით. "გოგენ არტ შოუ" გაიმართა იქ, სადაც, ძირითადად, ახალგაზრდები იყრიან თავს. კლუბ "ნოა-ნოაში" ამჯერად ლათინური ცეკვების გაკვეთილებს დანიელი მოცეკვავე დევიდ მესონი ატარებს. კლუბში საღამოები ლათინური ცეკვების სწავლით დაინტერესებულებისთვის ერთგვარი ტრადიციაა. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ იმაზეც, თუ როგორი გასართობია ცეკვა ქართველი ახალგაზრდებისთვის და თბილისელ გოგონებს რატომ უჭირთ ცეკვაში ბიჭების აყოლიება.

ფრანგული მელოდიები აკორდეონის ცოცხალი შესრულებით, მოგვიანებით -აფრიკული რიტმები და დისკოტეკა, სლაიდ შოუ, ბოდი არტი, დოკუმენტური ფილმი "პოლ გოგენი" , ყვავილების კომპოზიციები გოგენის და ტაიტის თემაზე, მხატვარ კოტე სულაბერიძის მიერ მორთული დიდი ტორტი, სამახსოვრო ფოტოების გადაღება გოგენის რეპროდუქციებთან - ეს ყველაფერი 18 ივნისს კლუბ "ნოა-ნოაში" იყო. დიდი ფრანგი იმპრესიონისტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შოუ იქ უკვე მეორედ გაიმართა. ამ ღონისძიების ორგანიზება კლუბმა "ნოა- ნოამ", გალერეა "ნიუ არტმა"და სამოდელო სააგენტო "იმიჯცენტრმა "ითავა , შოუს მხარდამჭერი კი ამჯერადაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო იყო.

თბილისში მოქმედი კლუბის "ნოა-ნოას" სახელწოდება აღებულია პოლ გოგენის ავტობიოგრაფიული წიგნიდან "ნოა-ნოა" - სურნელოვანი მიწა. კლუბის სიმბოლოა - ყვავილების ტაიტური გირლანდა. აქედან გამომდინარე, იქ გაუჩნდათ იდეა ყოველწიურად ერთი საღამო პოლ გოგენისთვის მიეძღვნათ, ისე რომ ამ საღამოზე მისულები არა მარტო სანახაობის, შემოქმედებითი პროცესის მოწმენი ყოფილიყვნენ. ასეთი საღამო უკვე მეორედ გაიმართა. წელსაც და შარშანაც "გოგენ არტ შოუს" მთავარი გმირები მხატვრები იყვნენ. წელს სამოდელო სააგენტო "იმიჯცენტრის" მოდელები, 4 მოდელი, 4 -მა მხატვარმა მოხატა: ნიკო ცეცხლაძემ, კოტე ჯინჭარაძემ, ილიკო ზაუტაშვილმა და ზურა გომელაურმა. მოგვიანებით მათი ნამუშევრები ჟიურიმ, შოუზე მისულმა საზოგადოებამ შეაფასა, მათ ძირითად ნაწილს კი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. გამარჯვებული ზურა გომელაური გახდა. შემფასებელთა უმრავლესობის აზრით, მის მიერ მოხატულმა მოდელმა ყველაზე მეტად დაამშვენა პოლ გოგენისადმი მიძღვნილი შოუ. ბოდი არტი, ჯერ კიდევ ახალი ხილი თბილისელებისთვის, შოუს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ნაწილი იყო. აი, რა აზრისაა მასზე "იმიჯცენტრის" ხელმძღვანელი ია კიწმარიშვილი:

[ია კიწმარიშვილის ხმა] "რამდენჯერმე იყო თბილისში ჩატარებული მსგავსი ღონისძიება, ის, რასაც ბოდი არტი ჰქვია. ჩემი აზრით, დღევანდელ საღამოს ძალიან უხდება ბოდი არტი, რადგან თემა არის გოგენი, ფერები, ეგზოტიკა - ყველაფერი ძალიან კარგად ჯდება ერთმანეთში."

"იმიჯცენტრის" ოთხმა მოდელმა ბოდი არტის ელემენტები პირველად წარმოადგინეს და ამით კმაყოფილებიც დარჩნენ.

[იმიჯცენტრის მოდელების ხმები]

" ძალიან მომწონს ჩემი თავი, მოხატვის პროცესიც მომეწონა."

"ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი. მხატვარს გარკვეულ რჩევებს ვაძლევდი და, თქვნ წარმოიდგინეთ, გაითვალისწინა. ეს მოხატულობა შოუს დასრულების შემდეგ ჩამოგვშორდება."

წლვანდელი შოუს გამარჯვებული, როგორც უკვე ვთქვით, მხატვარი ზურა გომელაური გახდა. შარშანდელი გამარჯვებულები კი მხატვრები დათო მელიქიშვილი და ოლეგ ტიმჩენკო იყვნენ. ამ ორ მხატვარს ერთი მოდელის მოხატვა მოუხდა. შარშანდელი გამარჯვებულები წლევანდელ "გოგენ არტ შოუს" საპატიო სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ. კლუბ "ნოა-ნოაში" მე დათო მელიქიშვილს გავესაუბრე.

[დათო მელიქიშვილის ხმა] "შარშან ჩართული ვიყავი სამუშაო პროცესში და ამიტომ მეჩვენება, რომ საღამო შარშან უფრო საინტერესო იყო. ახლა როგორც მაყურებელი, ისე ვარ მოსული და მინდა ფუნჯი ავიღო და მეც ვხატო. უნდა ითქვას, რომ ასეთი შოუ თბილისში მაინც პირობითად გამოდის, რადგანაც საქართველოში სხეულის გარკვეული ნაწილი დაფარულია, ბოდი არტი კი სხეულის მთლიანად მოხატვას გულისხმობს. "

სხეულის გარკვეული ნაწილები მოდელებს ფლორისტების - "ფლორა -არტ დიზაინის" წარმომადგენლების - მიერ შექმნილი ეგზოტიკური კოსტუმებით ჰქონდათ დაფარული. მათგან გამარჯვებულიც ფერადი ყვავილების გვირგვინმა დაამშვენა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში შოუ მაინც პირობითად გამოდის, პუბლიკა კმაყოფილი დარჩა.

[ნათია აბრამიას ხმა] " ბავშვობიდან ჩემთვის ნოა-ნოა იყო მისტიური, საინტერესო ადგილი, სადაც ძალიან მინდოდა მოვხვედრილიყავი,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ეს არის ერთგვარი მცდელობა ვიგრძნოთ ის ფერები. სამწუხაროდ, აქ ძალიან არ ცხელა, 40 გრადუსი სიცხე და ზღვისპირეთი აქაურობას ძალიან დაამშვენებდა, ამ შოუს. მე მგონი, უნდა ვეცადოთ და, თუ მოვინდომებთ, გოგენის სამყაროს ყველგან შევქმნით. "

[ქეთი მუჯირის ხმა] "გადახედე თვითონ საზოგადოებას. მარტო ის რად ღირს, რომ შავები გავიხადეთ და ფერადი გვაცვია. თუნდაც ეს ყვავილები, რომლებიც მჩხვლეტს, მაწუხებს, მაგრამ მაინც მომწონს, იმიტომ რომ ფერადია. ასეთი საღამოები აუცილებელია. თუნდაც ეს გოგენის სურათები როგორ ამშვენებს აქაურობას. რამდენი სითბოა, რამდენი მზეა. "

"გოგენ არტ შოუს" ორგანიზატორებს აქვთ იდეა, ასეთი შოუ მომავალში საქართველოს ზღვისპირეთში ჩაატარონ და, თუ იდეის რეალიზაცია მოხდება, პოლ გოგენისადმი მისაძღვნელ სამომავლო საღამოზე ქართველი მხატვრები მოდელებს წყალში წყლის საღებავებით მოხატავენ.

[მუსიკა]

განვაგრძობთ გადაცემას. "ახალგაზრდული პროგრამის" მეორე ნაწილში ლელა კუნჭულია მოგითხრობთ იმაზე, თუ როგორი გასართობია ცეკვა ქართველი ახალგაზრდებისთვის , სად ცეკვავენ ისინი და რატომ უჭირთ თბილისელ გოგონებს ცეკვაში ბიჭების აყოლიება.


ადვილი შესამჩნევია, რომ თბილისელი გოგონები და ვაჟები ღამის კლუბებსა თუ თავშეყრის სხვა ადგილებში ერთმანეთისაგან განსხვავებულად ერთობიან. ზოგადი სურათი ასეთია: ბიჭები, ძირითადად, ალკოჰოლს ეტანებიან და მობილურ ტელეფონზე დინჯად საუბრობენ, ხოლო გოგონები ცეკვავენ და ამაოდ ცდილობენ ხოლმე ვაჟების აყოლიებას.

(ქეთის ხმა) "არა, ბიჭები არა, მძიმე არტილერიაა ბიჭები...მძიმე-მძიმე ხალხია... ისე, ზოგ-ზოგიერთი ცდილობს ხოლმე რაღაცას."

მხოლოდ "რაღაცის მცდელობა" ლათინურ-ამერიკულ ცეკვებზე შეყვარებული ქეთისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ის, მეგობრებთან - რუსიკოსა და ეკასთან ერთად, ცეცხლოვანი ცეკვის ტექნიკის ასათვისებლად კერძო პედაგოგთანაც კი დადის. მე მათ ღამის კლუბში შევხვდი. თბილისელი ბიჭების ინერტულობას რუსიკო და ეკაც აღნიშნავენ:

(რუსიკოსა და ეკას ხმები) "დომინირებენ მხოლოდ გოგონები და ქალბატონები... თუნდაც ჩვენთან, ცეკვაზე, და აქაც, კლუბში, მხოლოდ მანდილოსნები ცეკვავენ".

ბოლო დროს თბილისში ლათინურ-ამერიკული ცეკვების კერძო გაკვეთილები გოგონებში მეტად პოპულარული გახდა და ერთგვარ მოდადაც კი დამკვიდრდა. მერე რა, რომ ამგვარ მოდას ბიჭები საერთოდ არ ცნობენ.

მაგალითად, ქეთიმ ცეკვაზე სიარული რუხი უხალისობის დასამარცხებლად დაიწყო და, როგორც ამბობს, ამ მცდელობამ ძალიან გაამართლა:

(ქეთის ხმა) "წარმოიდგინე შავ-თეთრი ფილმი, მუნჯური, რომელიც გრძელდება 10 წელი და ყოველდღე ხდება ერთი და იგივე. გადავწყვიტე რაღაცით გამეხალისებინა ჩემი ცხოვრება - სახლში კედლები მოვხატე, კარებს მზე დავახატე, რომ რაღაც სითბო და სინათლე ყოფილიყო ამ სიბნელეში. მერე წავედი ცეკვაზე. რაღაცნაირად ამ კომპლექსს გიხსნის, უარყოფით ენერგიას სადღაც აგდებ, ნაგავში და დადებითი მოდის".

ცეკვის გაკვეთილებზე სიარული რუსიკომ და ეკამაც მსგავსი მიზეზების გამო დაიწყეს:

(რუსიკოსა და ეკას ხმები) "განწყობისათვის და განმუხტვისათვის. საღამოობით მივდივარ და ყოველდღიურობისაგან განვიმუხტები. პროფესიონალური მიზნები არ მქონია... როდესაც სხეული გემორჩილება, ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე - რომ არ გემორჩილება."

ქეთი, რუსიკო და ეკა მართლაც არაჩვეულებრივად ცეკვავენ და მნახველსაც ხშირად აკვირვებენ ხოლმე. თუმცა გოგონების ცეკვის დონეზე ბიჭებს, ზოგადად, არცთუ მაღალი აზრი აქვთ. ერთი სიტყვით, იმის გარდა, რომ თავად არ აქტიურობენ, გოგონებსაც წყალში უყრიან შრომასა და მონდომებას.

მაგალითად, ლევანი საერთოდ ვერ ამჩნევს იმის შედეგს, რომ ნახევარი თბილისის გოგონები ცეკვის გაკვეთილებზე დადიან. მისი აზრით, კარგად ცეკვისათვის კიდევ სხვა რამეც არის საჭირო:

(ლევანის ხმა) "ჯერ არაფერი ეტყობათ მაგის მაგვარი და კიდევ კარგა ხანს არ შეეტყობათ. ლათინური რომ იცეკვო, უბრალოდ, მოქნილი უნდა იყო... ვარჯიში უნდა რა... დილას უნდა ადრე ადგომა, სირბილი უნდა...ფიზკულტურა, მოკლედ."

თავად ლევანს (რომელიც განსაკუთრებული სპორტული ფორმით ნამდვილად არ გამოირჩევა) ცეკვაზე არასოდეს უვლია და თავს ამის გამო დამნაშავედ სულაც არ ცნობს. თავმდაბლობა რა საჭიროა - ის მიიჩნევს, რომ ზედმეტი დატვირთვის გარეშეც ბევრზე კარგად ცეკვავს:

(ლევანის ხმა) "ერთმანეთი შეგვიფასებია ბიჭებს და გვითქვამს - აუ, მე ვერ ვივლი, არ ვივლიო…ერთ-ერთი მეც ვარ, ვინც, აი, ცეკვაზე ვერ ივლის. მაგრამ, იცი რა, მე ბავშვობიდან ვცეკვავ და თან, ძალიან მაგრად, ბევრთან შედარებით."
იმისათვის, რომ გული არავის დასწყვიტოს, ცეკვას გოგონებსა და ვაჟებს თანაბრად უწუნებს ზურა, რომელიც თავად, თურმე, თითქმის არასოდეს ცეკვავს. მისი აზრით, ყველაფერში კომპლექსებია დამნაშავე:

(ზურას ხმა) "არც გოგონებმა იციან და არც ბიჭებმა. მაინც კომპლექსები აქვთ".

ბევრ რამეს ასევე კომპლექსებს აბრალებს კლუბ "ნოა-ნოას" მენეჯერი ნინო ტყეშელაშვილი, რომლის დაკვირვების მიხედვითაც თანამედროვე ახალგაზრდების გართობას სილაღე აკლია:

(ნინო ტყეშელაშვილის ხმა) "ვისაც გართობა და ცეკვა უნდა და ვინც ამ განწყობით მოდის, ის, რა თქმა უნდა, ერთობა. მაგრამ, თუ რაღაც არ უშვებს და შინაგანად იბოჭება, ის ვერასოდეს ვერ გაერთობა, ალბათ. ჩვენმა ხალხმა კარგად გართობა არ იცის ჯერ, სილაღე აკლია."

კომპლექსების დაძლევის საქმეში ნინო ერთგვარ პროგრესს ხედავს, მაგრამ ამ არაპროგნოზირებად ქალაქში პროგნოზების გაკეთება მაინც უჭირს. კლუბის სტუმრებს კი ჰგონიათ, რომ ლაღი გართობა მოსალოდნელია მხოლოდ მაშინ, როდესაც, გოგონების მსგავსად, გაურკვეველ შებოჭილობასა და სიზარმაცეს ბიჭებიც დაძლევენ.
XS
SM
MD
LG