Accessibility links

logo-print

აქცენტების გადანაცვლება ხელისუფლებაში


ადამიანები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ მასმედიის საქმიანობას, იშვიათად აანალიზებენ, თუ რას სთავაზობენ მათ დღის მთავარ თემად და ვის სთავაზობენ დღის მთავარ სტუმრებად.

მაგრამ ოდნავი დაკვირვებაც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ძველი ხელისუფლების დროს გაცილებით მეტი დრო ეთმობოდა საპარლამენტო ცხოვრების გაშუქებას, ვიდრე მთავრობის საქმიანობას. ღამის საინფორმაციო გადაცემების სტუმრებიც, უხშირეს შემთხვევაში, პოლიტიკოსები იყვნენ. ახლა კი ყველაფერი პირიქითაა: დღის განმავლობაშიც და ღამის ეთერშიც, გაზეთის ფურცლებზეც და რადიოტალღებზეც აშკარაა აღმასრულებელი ხელისუფლების პრიორიტეტი. დღეს ხელისუფლებაში აქცენტების გადანაცვლებაზე გესაუბრებით.

ხელისუფლებაში "სიმძიმის ცენტრმა" აშკარად გადაინაცვლა - საკანონმდებლოდან აღმასრულებელი ხელისუფლებისკენ. თუ ადრე მთავარ ინფორმაციას საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკოსებისგან იღებდა, ახლა დღის სიახლეების შესახებ პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და სხვა მინისტრები გვიამბობენ. პარლამენტის სხდომები, რომლებიც ადრე საინტერესო იყო, დღეს მეტისმეტად მოსაწყენია. ძველი ხელისუფლების დროს პარლამენტში დაპირისპირებულ ძალებს შორის უკომპრომისო ბრძოლები იმართებოდა, ახლა კი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დაძაბუნებულია. ამ ცვლილების მიზეზი მხოლოდ კონსტიტუცია არ არის. გადაწყვეტილების მიღების ცენტრმა მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა. შესაბამისად, ის საკითხებიც კი, რომელთა დაკანონებას პარლამენტის თანხმობა სჭირდება, ფაქტობრივად, სხვა შენობების დახურულ კაბინეტებში წყდება. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ კენჭისყრით აფორმებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც გადახედვას აღარ ექვემდებარება.

პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც კოლეგებს მზამზარეულ რეცეპტებს სთავაზობენ. ისინი უფრო მეტად აღმასრულებელი ხელისუფლების გაგრძელებად აღიქმებიან, ვიდრე დეპუტატებად. ისინიც სადღაც სხვაგან, პარლამენტს მიღმა მონაწილეობენ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში. და თუკი მასმედიის ინტერესის სფეროში პარლამენტარები ხვდებიან, სწორედ ისინი, რომლებიც თავისი საქმიანობით უფრო მეტად მინისტრთა კაბინეტის წევრებს ჰგვანან, ვიდრე დეპუტატებს. მთავრობის ისეთი აქტიურობა, როგორიც ახალ ხელისუფლებას ახასიათებს, უმაგალითოა დამოუკიდებელი საქართველოს ხანმოკლე ისტორიაში. ეს არის სიახლე, რომელიც უკვალოდ არ ჩაივლის და რომელიც უსათუოდ გამოიღებს შედეგს, ოღონდ, ჯერ არავინ იცის - როგორს. აქტიური პარლამენტი და მკვდარი მთავრობა - ეს იყო შევარდნაძის ხელისუფლების რეალური სურათი. დაუძლურებული პარლამენტი და აქტიური, ქმედითი მთავრობა - ეს სააკაშვილის ხელისუფლების სახეა.

როგორ აისახება აქცენტების ამგვარი გადანაცვლება საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაზე? ადრინდელი საპარლამენტო ბრძოლები პოლიტიკოსების ერთ ჯგუფს შევარდნაძის ხელისუფლებისგან სულ უფრო მეტად მიჯნავდა და, იმავდროულად, მოსახლეობასთან აახლოებდა. დღეს აღარ არის ღია სახელისუფლო ბრძოლები. ფაქტობრივად, აღარ არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ჩადგებოდა ხალხსა და მთავრობას შორის. მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტი მიზანმიმართულად დაასუსტა სამი ბერკეტით: ჯერ კონსტიტუციით, შემდეგ 7%-იანი ბარიერის შენარჩუნებით და, ბოლოს, სუსტი საარჩევნო სიით. ამით მან მოიგო დრო და გარკვეული პერიოდით გააუქმა ოპოზიცია, რომლის შესაქმნელად პარლამენტი ყველაზე მყუდრო ადგილია და რომელიც ბუნებრივ დაბრკოლებად აღიმართებოდა მთავრობასა და ხალხს შორის.

მაგრამ პრეზიდენტი აქ არ შეჩერებულა. ხილული თუ უხილავი ხერხებით, გაწყრომით თუ დაყვავებით, მიხეილ სააკაშვილმა საეთერო სივრცეც დიდწილად დაიქვემდებარა. ამით მან მოხსნა მეორე ბარიერიც, რომელიც, ადრე თუ გვიან, უსათუოდ გაჩნდებოდა მთავრობასა და ხალხს შორის, თუკი მედია კრიტიკული თვალით გააშუქებდა მიმდინარე პროცესებს.

დღეს დაბრკოლებები აღარ არსებობს და მთლიანად მთავრობაზეა დამოკიდებული, როგორ მიიღებს მას თითოეული ოჯახი - ნდობით თუ უნდობლობით. მთავრობის საქმიანობის დადებით ფონს, რასაც ხელისუფლება დაბეჯითებით ქმნის, კარგა ხანს, ვერც საპარლამენტო ოპოზიცია შელახავს და ვერც პრესა. ყველა და ყველაფერი მოწოდებულია იმისათვის, რომ მთავრობა იყოს წარმატებული; რომ მისი საქმიანობა წარმოჩნდეს მკაფიოდ და კეთილგანწყობით. მართალია, ეს კარტ-ბლანში პრეზიდენტმა და მთავრობამ თავად მოიპოვეს, მაგრამ მოიპოვეს არცთუ დემოკრატიული და სამართლიანი მეთოდებით. დღეს ადამიანის უფლებებიც, კანონის უზენაესობაც, მედიის დამოუკიდებლობაც, პარლამენტის ფუნქციებიც - მსხვერპლად ეწირება მთავრობის ქმედითობას და ეფექტიანობას. რამდენად გაამართლებს ასეთი რისკიანი სტრატეგია, არავინ იცის. თავად მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ რისკის გარეშე საქართველო ვერ გამოვა კრიზისიდან და ვერც წარმატებული ქვეყანა გახდება. ხელისუფლება, ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე მოძრაობს და, ილია ჭავჭავაძის არ იყოს, "ნეტავი მას, ვისაც ეს ბეწვის ხიდი ფეხთა-ქვეშ არ ჩასწყდომია".
XS
SM
MD
LG