Accessibility links

logo-print

ბაქოს ისტორიულ ცენტრს განადგურება ემუქრება


მე-12 საუკუნიდან მოყოლებული, აზერბაიჯანის დედაქალაქს მტრის არაერთი თავდასხმა გადაუტანია. გალავანშემოვლებულ ბაქოს ახსოვს სპარსეთის არმიის ალყაც

და დაბომბვაც რუსეთის სამხედრო ხომალდების მიერ, სამოქალაქო ომიც და რევოლუციაც; დაბოლოს, მიწისძვრაც, რომელმაც 2000 წელს სერიოზულად დააზიანა ძველი შენობები. მაგრამ საფრთხე, რომელსაც დღეს ძველ ქალაქს უსისტემოდ მიმდინარე მშენებლობები უქმნის, უწინდელ საფრთხეებზე გაცილებით უფრო სერიოზულია.

ბაქოს ისტორიული ცენტრი, იჩარი შაჰარი, ქაოსური ლაბირინთია, სადაც უწესრიგოდ არის ჩაყრილი სხვადასხვა დროს ნაგები შენობები: მე-15 საუკუნის შირვანშაჰის სასახლე და მე-12 საუკუნის ქალწულის კოშკი, მეჩეთები, აბანოები, მეთევზეთა ძველისძველი ქოხები. მაგრამ დღეს ამ შენობებს სერიოზული საფრთხე ემუქრება:

[მშენებლობის ხმაური]

ბაქოელი მხატვარი მირ თემური გულისტკივილით აღნიშნავს, რომ რკინა-ბეტონისა და შუშის თანამედროვე ნაგებობები არა მარტო არ ეწერება შუა საუკუნეების ქალაქის სურათში, არამედ ანადგურებს ქუჩების, შუკებისა თუ ჩიხების უძველეს სისტემას.

[მირ თემურის ხმა] "ძველ ქალაქში ხუთ- და ექვსსართულიანი სასტუმროები შენდება. არადა, აქამდე აქ 11 მეტრზე უფრო მაღალი სახლი არავის აუშენებია. ცარიზმის პერიოდშიც კი მოქმედებდა მკაცრი შეზღუდვები: სამ სართულზე მაღალი შენობის აგება დაუშვებელი იყო. ომიანობის დროსაც კი და მაშინაც, როცა ხალხი ერთმანეთს ხოცავდა, ვერავინ ბედავდა ძველი ქალაქის დანგრევას. მონღოლებსაც კი არ დაუნგრევიათ იმდენი, რამდენსაც ჩვენ, საკუთარი ხელებით ვანგრევთ."

მირ თემურის თაოსნობით, ქალაქისა და ქვეყნის მესვეურთა სახელზე გაიგზავნა მიმართვა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ისტორიული უბნების გადარჩენის საკითხს. დოკუმენტის ხელისმომწერები პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მოუწოდებენ, უზრუნველყოს არქეოლოგების, კარტოგრაფების, სეისმოლოგების, არქიტექტორებისა და სხვა დარგების ექსპერტთა ჩართვა ნებისმიერი ახალი სამშენებლო პროექტის განხორციელებაში.

შარშან პრეზიდენტმა გამოსცა კიდეც განკარგულება ძველ ქალაქში ყოველგვარი მშენებლობის შეჩერების შესახებ, მაგრამ თუ ძველი უბნის მცხოვრებთ დაეჯერებათ, ამ განკარგულებას შედეგი არ მოჰყოლია. თეორიულად, ძველ ქალაქში ნებისმიერი ახალი მშენებლობის დასაწყებად, ან უკვე არსებული შენობის დასანგრევად აუცილებელია როგორც კულტურის სამინისტროს, ისე ქალაქის აღმასკომის ოფიციალური ნებართვა. მაგრამ თავად კულტურის სამინისტროს მუშაკებიც კი არ მალავენ, რომ სამშენებლო პროექტები ხშირად მათი ნებართვის გარეშე ხორციელდება. კულტურის სამინისტროს ისტორიულ ნაგებობათა დაცვის განყოფილების გამგის მოადგილე მალიკ ფატულაევი ამბობს, რომ მისი უწყების არაერთი პროტესტის მიუხედავად, არაფერი იცვლება.

ბაქოს საქალაქო საბჭოს აღმასკომის თანამშრომელი ხალედინ აბასოვი, რომელიც ძველ ქალაქში მშენებლობების საქმეს განაგებს, თავს ასე იმართლებს:

[ხალედინ აბასოვის ხმა] "მშენებლობას ერთსა და ორ თვეში ვერ შეწყვეტ. მუშაობა მხოლოდ იმ რაიონებში გრძელდება, სადაც ბაქოს აღმასკომმა საამისო ნებართვა გასცა. მუშაობა ამჟამად სანახევროდ დასრულებულ პროექტებზე მიმდინარეობს. ხოლო ახალ პროექტებზე ნებართვები აღარ გაიცემა."

შარშან იუნესკომ – გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ – ბაქოს ძველი ქალაქი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის იმ ძეგლთა სიაში შეიტანა, რომლებსაც განადგურების საფრთხე ემუქრებათ. რადიო "თავისუფლებამ" პარიზში დაურეკა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის თანამშრომელს ფუმიკო ოჰინატას:

[ფუმიკო ოჰინატას ხმა] "ამ ობიექტთან დაკავშირებით სამი რამ გვაშფოთებს: ზიანი, რომელიც მას 2000 წლის ნოემბერში მომხდარმა მიწისძვრამ მიაყენა; ურბანული განვითარების მხრიდან მომდინარე ზეწოლა; და, რაც მთავარია, ქვეყანაში კონსერვაციის პოლიტიკის არარსებობა."

მაგრამ ფუმიკო ოჰინატას იმედი არ დაუკარგავს. მისი თქმით, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი და აზერბაიჯანის ხელისუფლება ერთობლივად მუშაობენ გეგმაზე, რომელიც მიზნად აზერბაიჯანის დედაქალაქის ისტორიული ცენტრის გადარჩენას ისახავს.

და მაინც, ბაქოს ძველი ქალაქი დღითიდღე კარგავს თავისი ისტორიული წარსულის დიდსა თუ მცირე დეტალს; მას თანდათან აკლდება რაღაც, რასაც ვერავითარი, თუნდაც გემოვნებით აშენებული თანამედროვე ნაგებობა ვერ შეცვლის...

[მშენებლობის ხმაური]
XS
SM
MD
LG