Accessibility links

logo-print

დასავლელი ლიბერალები გერნიკას იხსენებენ


ადამიანს, შესაძლოა, არ მოსწონდეს მეოცე საუკუნის ფერწერა,

მაგრამ ცივილიზებულ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ვისაც არაფერი სმენოდეს პაბლო პიკასოს "გერნიკას" შესახებ. პიკასოს ამ შედევრმა სამყაროს გააცნო ესპანეთის პატარა ქალაქი, გერნიკა. 1937 წელს სწორედ პიკასო იყო პირველი ხელოვანი, რომელმაც პარიზის მსოფლიო გამოფენაზე წარმოდგენილი სურათით, პროტესტი გამოხატა ნაცისტების ბარბაროსობის გამო. პიკასოს ნაწარმოები მაშინათვე ომის წინააღმდეგ შექმნილ ყველაზე მძლავრ მხატვრულ მანიფესტად აღიარეს. მსოფლიოში დღეს კვლავაც იბომბება ქალაქები. მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, პოეტები კი ყოველწლიურად, აპრილის თვეში ბასკების ძველ დედაქალაქში მშვიდობის დამცველთა ფორუმს აწყობენ.

რამდენიმე წლის წინათ გერნიკის ფორუმზე მოხსენება წაიკითხა ქართველმა კონფლიქტოლოგმა და ფსიქოლოგმა ჯანა ჯავახიშვილმა. წელს ბასკების ქალაქში საქართველო მეორედ გაიხსენეს. გერნიკის დაბომბვის წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობა მიიღო ჟურნალ "დრო მშვიდობისას" რედაქტორმა ირაკლი კაკაბაძემ, რომელიც დღეს ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამა “ოქროს საუკუნეში” მოვიწვიეთ.

ბასკების ძველი დედაქალაქი გერნიკა 1937 წლის 16 აპრილს გერმანული ლეგიონის, "კონდორის" ავიაციამ დაბომბა. ბრძანება გასცა ნაცისტმა პოლკოვნიკმა ვოლფგანგ ფონ რიხტჰოფენმა. დაბომბვა ოთხ საათს გრძელდებოდა. ნაცისტებმა ქალაქი მიწასთან გაასწორეს. დაიღუპა ათასზე მეტი ადამიანი. მოგვიანებით გერნიკის დაბომბვას – “მეორე მსოფლიო ომის რეპეტიციას” უწოდებენ... და არა მარტო მეორე მსოფლიო ომის... პაბლო პიკასოს სურათში ეს ბარბაროსული აქტი იმდენად განზოგადდა, რომ გერნიკა დღესაც აღიქმება თავისებურ კრებით სიმბოლოდ ცივილიზებული მსოფლიოს დანაშაულებებისა. პაბლო პიკასომ თავის ნამუშევრებში ჯერ კიდევ გერნიკის ტრაგედიამდე დაიწყო ადამიანთა სხეულების დანაწევრება. თავდაპირველად ასეთმა ფერწერამ შოკივით იმოქმედა საზოგადოებაზე... თუმცა ამავე საზოგადოების უმრავლესობას მაინცდამაინც დიდად არ აღელვებდა მეოცე საუკუნის ომების დროს დანგრეული ქალაქები და ადამიანთა დანაწევრებული სხეულები.

ხელოვანთა ფორუმს, რომელიც წელს მეთოთხმეტედ გაიმართა ბასკების ქალაქში, ხელმძღვანელობს ესპანელი მწერალი და კონფლიქტოლოგი ხუან გუტიერესი. ბუნებრივია, რომ პიკასოს სურათი ამ ფორუმის სიმბოლოა. ფორუმში მონაწილე მეცნიერები, მხატვრები, საუბრობენ ხელოვნების საშუალებით იარების მოშუშებასა და მშვიდობის დამკვიდრების შესაძლებლობაზე, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სილამაზის უნარზე, იხსნას სამყარო.

კონფლიქტოლოგ ირაკლი კაკაბაძეს მთელი საღამო ვესაუბრეთ, თუმცა არ ვკითხეთ, სწამს თუ არა მას ამ ლოზუნგის... ალბათ სწამს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ გამოსცემდა ჟურნალს სახელწოდებით "დრო მშვიდობისა" და არც გერნიკის მე-14 საერთაშორისო ფორუმში მიიღებდა მონაწილეობას. ირაკლი ამბობს, რომ მისთვის, როგორც “მშვიდობის სპეციალისტისთვის” ახლობელია და გასაგები გერნიკის ფორუმის იდეა

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] "ძალიან საინტერესო რამ თქვა წამყვანმა გახსნის ცერემონიაზე, რომელიც მთლიანად ბასკურ ენაზე ჩატარდა – “ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა მოხდა გერნიკაში, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს. ამის შემდეგ ცნობილი შემთხვევიდან ცნობილია შემთხვევა, რომელიც ნაცისტებმა განახორციელეს აღმოსავლეთ ევროპაში, მერე ამერიკელების მიერ დრეზდენის დაბომბვა და ჰიროსიმა და ნაგასაკი. ითქვა, რომ ჩვენ ვაპატიეთ გერმანელებს და იტალიელებს, რომლებმაც ეს ჩაატარეს, მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ."

საბჭოთა ხელოვნებათმცოდნეობა პაბლო პიკასოს შემოქმედებას არასდროს განიხილავდა ეგრეთ წოდებული "ბურჟუაზიული კულტურის კრიზისის" კონტექსტში. მოდერნისტ მხატვრებს თავს ესხმოდნენ, მაგრამ პიკასოს – არა. შესაძლოა იმიტომ, რომ პიკასო კომპარტიის წევრი და “გერნიკის” ავტორი იყო. თუმცა ირაკლი კაკაბაძე აღნიშნავს, რომ 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ძალზე ზოგადად შეაფასა ბასკების ქალაქის დაბომბვის ფაქტი.

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] "საბჭოთა კავშირი მაშინ რესპუბლიკელების მხარეს იყო, რაც, თავისთავად, სულაც არ არის კარგი... "გერნიკის" მიმართ მაშინ საბჭოთა კავშირს მაინცდამაინც რეაქცია არ მიუცია, რადგანაც ის ბარბაროსობა, რაც იქ მოხდა, საბჭოთა კავშირისთვის ჩვეული იყო. ამიტომაც “გერნიკას” რეაქცია პირველად მისცეს დასავლეთის ინტელექტუალურმა წრეებმა... თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ ქართველი მოხალისეებიც იყვნენ და ადამიანურ დონეზე ეს ყველამ განიცადა, როგორც საშინელი ბარბაროსობა.”

ირაკლი კაკაბაძე დარწმუნებულია - რომ არა "საბჭოთა მარწუხები" და მწირი ინფორმაცია, ქართველი მხატვრები, პოეტები, უბრალო ადამიანები აუცილებლად გამოეხმაურებოდნენ გერნიკის ტრაგედიას. ირაკლი ამბობს, რომ ქართულ კულტურაში მრავლად მოიპოვება არაძალადობრივი ბრძოლის მაგალითი. ერთ-ერთი უკანასკნელი და, შესაძლოა, ყველაზე ეფექტური, ირაკლის აზრით "ვარდების რევოლუციაა". ამიტომაცაა, რომ ბასკეთის ქალაქში გამართულ მშვიდობის დამცველთა ფორუმზე, საქართველოს ბევრი ხელოვანი იხსენებდა

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] "იცოდნენ "ვარდების რევოლუციის" შესახებ. გამოჩნდა ავსტრალიელ-ამერიკელი მხატვარი უილიამ კელი, რომელმაც 1999 წელს შექმნა ნამუშევარი, სადაც ადამიანი შეიარაღებულ პიროვნებას უწოდებს ვარდს და ეუბნება, მე მინდა ჩაგეხუტო არა მარტო იმისთვის, რომ გიშველო შენ, არამედ იმისთვისაც, რომ ვუშველო ჩემს თავს... ასეთი სცენარით ჩაიარა "ვარდების რევოლუციამ" თბილისში და მერე ბათუმში. მან თქვა, რომ აქვს სურვილი ნახატის ორიგინალი აჩუქოს საქართველოს. ჩვენ გვექნება ლაპარაკი კულტურის მინისტრთან და შევეცდებით ნოემბერში მოვიწვიოთ... იგი ამბობს, რომ კარგი იქნება შეიქმნეს "ვარდების რევოლუციის პარკი", სადაც მთელი მსოფლიოს მხატვრები ჩამოვლენ და შექმნიან ნამუშევრებს სოციალური რევოლუციის არაძალადობრივი გზით განხორციელების თემაზე."

ჯერჯერობით უცნობია, გაშენდება თუ არა ასეთი პარკი თბილისში, ან, თუნდაც ბათუმში. თუმცა გერნიკის ტრაგედიისადმი მიძღვნილ ფორუმზე ითქვა, რომ მშვიდობის მოყვარულები მხოლოდ "ვარდების რევოლუციის" ფორმით უნდა დაუპირისპირდნენ ძალადობასა და უსამართლობას. ბუნებრივია, ირაკლი კაკაბაძემ ფორუმის მონაწილეებს შარშანდელი ნოემბრის ამბების დეტალებიც გააცნო.

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] "ჩვენ ვფიქრობთ, გავცვალოთ გამოცდილება, რადგან საქართველომ დაამტკიცა, რომ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ცვლილებებიც კი შეიძლება არაძალადობრივი გზით მოხდეს. ამ მხრივ, ჩვენი შანსია გამოვჩნდეთ მაგალითი მთელ მსოფლიოში. იქ წავიკითხე მოხსენება, ლექსებიც და ირაკლი ჩარკვიანის ახალი სიმღერა, რომელიც "ვარდების რევოლუციას" ეძღვნება აჟღერდა. ამის მერე უილიამ კელიმ იქვე დახატა ვარდი და ამის შემდეგ კოლუმბიელებმა, ბრაზილიელებმა და სხვებმა დაწერეს, რომ იმათაც უნდათ "ვარდების რევოლუცია" თავიანთ ქვეყანაში."

"ვარდების რევოლუცია" თავიანთ ქვეყანაში პიკასოს "გერნიკის" იმ თაყვანისმცემლებმა მოინდომეს, რომლებმაც აპრილის მიწურულს ბასკების ქალაქში, საგანგებო კონფერენციაზე მოიყარეს თავი. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ "გერნიკას" მთელ მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.
XS
SM
MD
LG