Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსაზრებები საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ბოლოდროინდელი პრესა დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში არსებული კონფლიქტების თემას. ამასთან, კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებით

განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. გესაუბრებით ამ მოსაზრებათა შესახებ.

18 ივნისის “ნეზავისიმაია გაზეტას” წერილი საქართველოს ენერგომომარაგების სფეროში შექმნილ რთულ ვითარებას ეძღვნება. არ არის გამორიცხული, რომ ეს ვითარება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებით იყოს განპირობებული.

გაზეთის თქმით, “...ამჟამინდელი ენერგოკრიზისი უცნაურად ემთხვევა სიტუაციის გართულებას საქართველოს ყოფილ ავტონომიებთან -სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელთა მიმართ ოფიციალურმა თბილისმა მეტად მკაცრი პოზიცია დაიკავა. ქართველ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, ამ დამთხვევაში ჩანს კრემლის გარკვეული პოლიტიკური შეკვეთა - ზემოქმედება მოახდინოს თბილისზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების გადაჭრის პროცესში.”

18 ივნისის “როდნაია გაზეტას” აზრით, “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები სააკაშვილის სცენარებით ვერ გადაიჭრება.”

გაზეთი წერს:” სამხრეთ ოსეთში ხორციელდება “კონფლიქტის რეაბილიტაციის” პროგრამა, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთი, საქართველო, სამხრეთი და ჩრდილოეთი ოსეთი, ეუთო და ევროპის საბჭო. ყველა ამ სტრუქტურას ერთდროულად ვერ გადაახტები. აფხაზეთი კი საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს თავის შესვლას საქართველოს შემადგენლობაში “ნებისმიერ პირობებზე”. საქართველოს არავინ მისცემს უფლებას, რომ შეიარაღებული კონფლიქტების გზას დაადგეს და ასეთნაირად “ააფეთქოს” მთელი კაკვკასია. პირველ რიგში, ამის წინააღმდეგია დასავლეთი, რომელიც უფრო მეტად დაინტერესებულია ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დასრულებით, ვიდრე ადგილობრივ კავკასიურ გარჩევებში მონაწილეობით.”

21 ივნისის “ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ “არაღიარებულ სახელმწიფოთა სტატუსი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ხელიდან აცლის ნებისმიერ ისტორიულ პერსპექტივას და საშუალებას არ აძლევს მათ ოფიციალური ეკონომიკური ურთიერთობები დაამყარონ გარე სამყაროსთან, საკუთრების საკითხები გადაწყვიტონ და ა.შ.”.

გაზეთი წერს: “ამასთან უკვე ნათელია, რომ რუსეთი მათ ვერ მიიერთებს, რადგან მსოფლიო საზოგადოებრიობის მიერ ეს ერთმნიშვნელოვნად აგრესიად აღიქმება. ამჟამად ავტონომიები მოსკოვის გავლენის სფეროში რჩებიან, რადგან საქართველოსთან ომი ჯერ კიდევ დავიწყებას არ მისცემია, ამავე დროს, რუსეთში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალია. თუ თბილისი აფხაზებსა და ოსებს ღირსეული ცხოვრების შანსს მისცემს საქართველოს შემადგენლობაში მშვიდობიანად დაბრუნების პირობებში, მაშინ მოსახლეობა აირჩევს ამ ვარიანტს, ხოლო ელიტა წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებს.”

22 ივნისის ინტერნეტგაზეთ “სტრანას” თქმით, “რუსეთის სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ ჩეჩენმა “ბოევიკებმა”, რომლებმაც 20 ივნისს ღამით შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს ფედერალურ ძალებზე ინგუშეთში, საქართველოში გადასვლა სცადონ.”

გაზეთი იტყობინება, რომ “...რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთი ვერსიით, ამგვარი აქტიურობა განპირობებულია სიტუაციის მკვეთრი გამწვავებით სამხრეთ ოსეთის გარშემო. ამ ვერსიით, არ არის გამორიცხული დაქირავებულ ჩეჩენ მებრძოლთა გამოყენება ვითარების დესტაბილიზაციისთავის ამ რეგიონში.”

ამასთან, გაზეთი აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში უარყოფენ ამ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ ბოევიკები ჩეჩნეთისკენ გადაადგილდებიან.”
XS
SM
MD
LG