Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მესაზღვრეები სრულ მზადყოფნაში არიან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ინგუშეთში განვითარებულმა მოვლენებმა თავისი დაღი დაასვა ქართველი მესაზღვრეების ყოველდღიურ ცხოვრებას - 22 ივნისს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის

პერიმეტრზე ქართველი მესაზღვრეები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილნი. რუსული მხარის განცხადებით, გამორიცხული არ არის, ჩეჩენი მებრძოლები საქართველოსკენ დაიძრან.

ინტერნეტგამოცემა „სტრანა“, რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ გამორიცხავს ინგუშეთში შეჭრილი ჩეჩენი მებრძოლების რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრისკენ დაძვრის შესაძლებლობას. რუსული მხარის ცნობით, ბოლო დღეებში შეინიშნება ჩეჩენი შეიარაღებული ჯგუფების ინტენსიური გადაადგილება რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ, საქართველოში გადმოსვლის მიზნით. შესაბამისად, რუსული მხარე რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინგუშეთის მონაკვეთის დაცვას აძლიერებს. როგორც 22 ივნისს განაცხადა ჩრდილო-კავკასიის სასაზღვრო სამმართველოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა სერგეი ლივანცოვმა, რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ გადასროლილია სარეზერვო ნაწილები საზღვრის დარღვევის მცდელობათა თავიდან ასაცილებლად.
საზღვარს საქართველოს მხრიდან ქართველი მესაზღვრეებიც ამაგრებენ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესცენტრის ხელმძღვანელის შალვა ლონდარიძის განმარტებით, რუსი კოლეგებისგან ინგუშეთში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინგუშეთის მონაკვეთის დაცვა გაძლიერდ:
[შალვა ლონდარიძის ხმა] „ ამჟამად გაძლიერებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ისიც შემიძლია განვაცხადო, რომ საკმარისი რესურსებია იმისათვის, რომ ვითარების უკიდურესად გამძაფრების შემთხვევაში, ჩვენ, მესაზღვრეებმა, ვიმოქმედოთ მაქსიმალურად.“
რუსეთის მხრიდან პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს წინა მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი, რომლის თქმითაც, რუსეთს არა ერთხელ ჰქონია მცდელობა, ჩეჩენი მებრძოლების დევნის პროვოცირებით, საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოეტანა. მისი ვარაუდით, გამორიცხული არ არის, რუსეთმა ამჯერადაც, ჩეჩენი მებრძოლების დევნის საბაბით, საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ნაწილები შემოიყვანოს:
[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] „ რა თქმა უნდა, ასეთი საშიშროება არსებობს და ჩვენს ხელისუფლებას მართებს ძალიან დიდი სიფხიზლე, რომ რამე პროვოკაციას არ ჰქონდეს ადგილი.“
ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს შალვა ლონდარიძე, რომლის განმარტებითაც, დღეს რუსეთისა და საქართველოს სასაზღვრო უწყებები მაქსიმალურად თანამშრომლობენ, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის გაცვლაში გამოიხატება.
[შალვა ლონდარიძის ხმა] „საჭიროების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ჩატარდეს ერთობლივი სადაზვერვო ფრენები როგორც ქართველი, ისე რუსი მესაზღვრეების ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ერთობლივ საბრძოლო ოპერაციებს, ეს, ალბათ, გამორიცხულია. ამის საფუძველი არ არსებობს.“
ფაქტი ერთია: ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარებამდე, ყოველთვის იარსებებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაძაბვის ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი.
XS
SM
MD
LG