Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მდგომარეობაა საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე


ინგუშეთში ჩეჩენ ”მეამბოხეთა” და რუსეთის ფედერალური ჯარის ნაწილებს შორის მომხდარი შეტაკებების პარალელურად, შეიარაღებული დაპირისპირების გამწვავება

შეიმჩნევა თავად ჩეჩნეთის ტერიტორიაზეც. ამ, საქართველოს მოსაზღვრე, რეგიონებში საბრძოლო მოქმედებების განახლება კვლავ ქმნის იმის საშიშროებას, რომ რუსეთის ჯარების მიერ შევიწროებული ჩეჩენი მეომრები საქართველოში გადმოსვლას შეეცადონ. რა მდგომარეობაა ამჟამად საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე?

ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ ორიოდე წლის წინ საქართველოს საზღვრის დარღვევისა და საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის რამდენიმე შემთხვევა. მანამდე კი, 2 წლით ადრე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შატილიდან 3 კილომეტრით მოშორებული, საქართველოს კუთვნილი ტერიტორია, ეგრეთ წოდებული ”ფიჭვები”, დაიკავეს. ამ, სამხედრო თვალსაზრისით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე რუსებმა სასაზღვრო ძალების საგუშაგო მოაწყვეს და საზღვრის ზოლიც გაავლეს. ფიჭვების ტერიტორია შატილში მცხოვრებ 2 ოჯახს ეკუთვნოდა, თუმცა იქაური საძოვრებითა და სათიბებით შატილის მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობდა.

[მამუკა ჭინჭარაულის ხმა] ”ფიჭვებს ჰქონდა ის მნიშვნელობა, რომ ნახევარი წელი იქ ცხოვრობდა ხალხი. საცხოვრებლად ითვლებოდა მაგი ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისის ბოლომდე - ჰო, საქონელი სანამ იქა ჰყავდა. მერე, ბალახი რომ ამოდიოდა, აქ მოვდიოდით. იყო ეგრე და... დაიკავა რუსმა და მთიანი რეგიონისთვის 1-2 კილომეტრი რომ გადაიწიოს, არა? დიდი მნიშვნელობა აქვს ტერიტორიულად.”

70 წელს მიტანებული მამუკა ჭინჭარაული, მეტსახელად ”ხიში”, შატილში ცხოვრობს და ხევსურული ადათ-წესების მიხედვით, თუ რომელი მიწის ნაკვეთი ვისი საკუთრებაა, მასზე უკეთ არავინ იცის. ნადირობის მოყვარული შატილელი, რომელიც კარგად იცნობს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მთიან მონაკვეთს, ამბობს, რომ მხარეები საზღვარს ისე იცავენ, შეუმჩნეველი ნადირიც კი არ რჩებათ.

[მამუკა ჭინჭარაულის ხმა] “ბოდიში და, სახედრები, ვირები რომ გადადიოდნენ, აბამდნენ იქ და გამოსასყიდს ითხოვდნენ - არაყს და რაღაცას. ლიტრა, რა, ერთ ვირზე...”

ნადირობის მოყვარული სხვა შატილელები კი ამბობენ, რომ რუსებს საზღვრის მთელი პერიმეტრი დანაღმული აქვთ. საზღვარი რომ ორივე მხრიდან საიმედოდაა დაცული, ეს ჩემთან ინტერვიუში საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შატილის საგუშაგოს უფროსის მოადგილემ ბაქარ მედიკაურმაც დაადასტურა.

მისი საგუშაგო საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის 24 კილომეტრს აკონტროლებს.

[ბაქარ მედიკაურის ხმა ] ”აქ არ დაფიქსირებულა საზღვრის დარღვევა, -რაც რუსეთის მესაზღვრეები დადგნენ და ეუთომ დაიწყო თავისი მონიტორინგის განხორციელება, აქეთ აღარაფერი დაფიქსირებულა. იყო, ხონის მიმართულებით ჩეჩნეთის მხრიდან გადმოვიდა 2. ისინი დაკავებული იქნა და გადაეცა რუსეთის მხარეს. ეს იყო 2002 წელს. ხუთი წელია ეს ომი მიდის და ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ 1 შემთხვევა იქნა დაფიქსირებული.”(სტილი დაცულია)

[ისმის ვერტმფრენის ხმა]”

როგორც ბაქარმა თქვა, საქართველო-რუსეთის საზღვრის მონაკვეთს, რომელიც ჩეჩნეთს ესაზღვრება, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მეთვალყურენიც აკვირდებიან. ეუთოს მისია თითქმის ყოველდღე გადაუფრენს დაკვირვების არეალს და საკუთარ მეთვალყურეებს მთის წვერებსა თუ სხვა სადამკვირვებლო პუნქტებში განალაგებს. ეუთო ციფრული ფოტო-ვიდეო კამერებითა და სხვა საშუალებებით საზღვრიდან 500 მეტრში ნებისმიერ აქტივობას აფიქსირებს და ამ ინფორმაციას სათაო ოფისს აწვდის.

შატილში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ჯეფრი ოლსენმა ჩემთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონკრეტული ფაქტების შესახებ საუბარი მის კომპეტენციაში არ შედის. თუმცა კი დასძინა, რომ ზაფხულში ფაქტების რაოდენობა იზრდება ხოლმე:

[ჯეფრი ოლსენის ხმა] ”არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ინფორმაციას ვაგზავნით ცენტრში. ზაფხულში, მართლაც, მატულობს აქტიურობა საზღვართან, მაგრამ რომელი უფრო აქტიურდება - საზღვრის გადაკვეთა თუ სხვა დარღვევა, ამის თქმა არ შემიძლია.”

ეუთო დარღვევის ყოველ ფაქტს აანალიზებს და შემდეგ ისეთი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს, რომელიც მსგავსი შემთხვევის განმეორებას შეუძლებელს გახდის.
XS
SM
MD
LG