Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია სამეზობლო ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობისათვის მოხალისეებს იწვევს


უკვე რამდენიმე დღეა დედაქალაქის მერია ახალი ინიციატივის - თბილისის კორპუსის - სარეკლამო კამპანიას აწარმოებს. ახალი ინიციატივისა და ამ ინიციატივის

განმახორციელებელი ახალი საქალაქო სამსახურის მიზანი მოსახლეობის თვითმმართველობაში ჩაბმა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობაა. “გახდი თბილისის კორპუსის მოხალისე, შექმენი ამხანაგობა, მიხედე შენს უბანს შენ თვითონ!” - ამ მოწოდებების ადრესატი, თეორიულად, დედაქალაქის ნებისმიერი მცხოვრები შეიძლება იყოს. პრაქტიკული გათვლები კი, ძირითადად, ეგრეთ წოდებულ მოხალისეებზე კეთდება. მერიასა და სამეზობლო ამხანაგობას შორის საშუამავლო ფუნქცია სწორედ მათ უნდა დაეკისროთ. საქალაქო სამსახურის - თბილისის კორპუსის - ინიციატივას, დაახლოებით, 40 მოქალაქე უკვე გამოეხმაურა. შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეთა ასეთ აქტივობას თბილისის მერიაში არც კი ელოდნენ.

სამეზობლო ამხანაგობები, სავარაუდოდ, უმთავრესად, კეთილმოწყობის საკითხებზე იმუშავებენ. მართალია, ეს ამხანაგობები, თეორიულად, მართვის დემოკრატიული პროცესების პირმშოებად ინათლებიან, მაგრამ რეალურად შემდეგი სურათი გვაქვს: ავიღოთ ერთი სფერო - დასუფთავება. უსახსრობის გამო, უკანასკნელი წლების განმავლობაში მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ქუჩები იგვება. შესაბამისად, მერია თავისი საქმიანობის ნაწილის ვიზირებას რიგით თბილისელებზე ახდენს. მოსახლეობა ამის წინააღმდეგი არ არის, თუმცა, ერთი პირობით:

[მოქალაქის ხმა]”თუ მერიამ დაგვაფინანსა, მაშინ შეიძლება, რომ ხალხმა რაღაცნაირად მიხედოს თავის თავს და მოუაროს ამ საქმეს. მაგრამ, თუ დაფინანსება არ იქნა მერიიდან, ხალხს არ აქვს, ელემენტარულად, საშუალება, რომ თვითონ დააფინანსოს ეს ამხანაგობები.”

ელენე ვაზისუბნის დასახლების ერთ-ერთი კორპუსის მეთორმეტე სართულზე ცხოვრობს. სამეზობლო ამხანაგობების შექმნის პერსპექტივას უფულოდ იგი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს. საამისოდ საბაბიც აქვს: სახლის სახურავის შეკეთებაში მას არც მეზობლები დაუდგნენ გვერდში და არც მერია. მერიის მატერიალური დახმარება სამეზობლო ამხანაგობებისადმი იმავე დასუფთავების საკითხში ეგრეთ წოდებულ შაბათობებზე მობილიზებული ხალხის ცოცხებით, ნიჩბებითა და ნაგვის მანქანებით უზრუნველყოფას გულისხმობს. თუმცა, როგორც ჩანს, უსახსრობის გამო, დიდ ხელგაშლილობას იგი ვერც ამ კონკრეტული მიმართულებით გამოიჩენს. გავიხსენოთ საქალაქო სამსახურის მოწოდებაზე უკვე გამოჩენილი 40 მოხალისე, რომელთა უკან, თეორიულად, 40 კორპუსი მაინც დგას.

[შალვა ცხაკაიას ხმა]” ჩვენ 40 ამხანაგობის ერთად შესრულებულ პროექტს ვერც გავაკონტროლებთ და კოორდინაციას ვერ გავუწევთ. დასაწყისისთვის, სიმართლე გითხრათ, ველოდები, დაახლოებით, 100-ზე მეტ მოხალისეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ 100-ვე ერთად არ მომიტანს პროექტს, იმიტომ რომ 100 პროექტს ერთად ვერც განვახორციელებთ.”

შალვა ცხაკაიასთან, მერიის საქალაქო სამსახურის - თბილისის კორპუსის -ხელმძღვანელთან, ამხანაგობის შექმნის ინიციატივით მისული ერთ-ერთი მოქალაქე ნიკოლაძის ქუჩის მკვიდრი თენგიზ გოგელიაა. მან, თანამოაზრეებთან ერთად, სამეზობლო ამხანაგობა 1993 წლის მაისში შექმნა. მაშინ მოქალაქეთა ინიციატივას ზემოდან შესაბამისი მხარდაჭერა არ მოჰყვა. იმ ორგანიზაციას დღეისთვის რეგისტრაციის ვადა უკვე გაუვიდა.

[მოქალაქის ხმა]”თქვენ შეიძლება თქვათ, რა უნდა ცოცხის დაჭერასო? შეიძლება დაგავო სუყველაფერი. ეს ის მინიმუმია, რომელიც ყველა ადამიანის მოქალაქეობრივი ვალია.მაგრამ ჩვენთან თვითმმართველობის თემა ჯერ ჩანასახის დონეზეა, საერთოდ, მთელ საზოგადოებაში და ეს კიდევ თვითმმართველობის ძალიან, ძალიან პატარა და ძალიან ბუნებრივი უჯრედია, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს. ამას აქტიური პროპაგანდა სჭირდება და ისეთი, მე ვიტყოდი, საკმაოდ კვალიფიცირებული კონსულტაციები სჭირდება მოსახლეობას. “ (სტილი დაცულია)

როგორც ბატონი თენგიზი შენიშნავს, სამეზობლო ამხანაგობების იდეას შესაბამისი გააზრება სჭირდება და საამისოდ მერიაში კონცეპტუალური პროექტი უნდა შეიქმნას.
XS
SM
MD
LG