Accessibility links

logo-print

ინგუშეთში განხორციელებული შეიარაღებული ოპერაციის მომწყობთა კვალი არ ჩანს


ინგუშეთში განხორციელებული შეიარაღებული ოპერაციიდან, რომლის მსხვერპლთა რიცხვმა უკვე 90-ს გადააჭარბა, დღე-ღამეზე მეტი გავიდა,

მაგრამ დაბეჯითებით ჯერაც არავინ იცის, ვინ მოაწყო ორგანიზებულობისა და ფართო მასშტაბის თვალსაზრისით ეს უპრეცედენტო აქცია. რუსეთის მასმედიით გავრცელებული ბოლო ცნობებით, ასამდე დაღუპულის გარდა თავდასხმების შედეგად კიდევ 120-მდე ადამიანი დაიჭრა.

დაღუპულთა შორის არიან ინგუშეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აბუკარ კოსტოევი და მისი მოადგილე ზიაუდინ კოტიევი, ნაზრანის გენერალური პროკურორი მუხარბეკ ბუზურტანოვი და რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების სხვა ხელმძღვანელი მუშაკები. ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ დაღუპულთა უმრავლესობას შეადგენენ პოლიციისა და უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები, გამომძიებლები, პროკურორები და ძალოვან სტრუქტურებში სხვა თანამდებობებზე მომუშავე პირები. გარდა ამისა, ორმხრივ სროლაში დაიღუპა რამდენიმე სამოქალაქო პირიც, მათ შორის გაეროს მისიის ადგილობრივი თანამშრომელი.

ოპერაციის დეტალებზე ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრეთ წინა გადაცემაში, ამიტომ დღეს ამაზე აღარ შევჩერდებით. გეტყვით მხოლოდ, რომ თავდამსხმელთა კვალის მიგნება ჯერაც ვერ ხერხდება.

სამშაბათს, გვიან საღამოს, ინგუშეთს მოულოდნელად ეწვია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც მძაფრად გააკრიტიკა უშიშროების თვალსაზრისით რესპუბლიკაში არსებული ვითარება.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] “თუ იმით ვიმსჯელებთ, რაც აქ ხდება, ფედერალური ცენტრი საკმარისად არ ზრუნავს იმისთვის, რათა დაიცვას რესპუბლიკა. ამიტომ მე უკვე მივეცი შესაბამისი მითითებები მოსკოვს, და მინდა აქაც გავიმეორო: ნაზრანში განთავსდება შინაგანი ჯარის პოლკი, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აეროპორტში უნდა გატარდეს ზომები აეროპორტის გამაგრებისა და შესაბამისი ძალოვანი ელემენტების იქ განთავსების მიზნით”.


რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებამ და ამავე შინაარსის სხვა გამონათქვამებმა ბევრს აფიქრებინებს, რომ ჩეჩნეთის ომი, შესაძლოა, გასცდეს ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზღვარს და მეზობელ რაიონებსაც მოედოს. გაზეთმა "კომერსანტმა" ოთხშაბათის ნომერში პირდაპირ დაწერა, კავკასიის ომი დაწყებულიაო. მაგრამ ჩეჩნეთის გარეთ უწინ მომხდარი მსგავსი თავდასხმებისგან განსხვავებით, ამჯერად ოპერაცია, როგორც ექსპერტები ფიქრობენ, ადგილობრივ მეომართა ნახელავია. ნაზრანიდან გადმოცემულ რეპორტაჟში რადიო "თავისუფლების" იქაურ კორესპონდენტს, ასლანბეკ დადაევს მოჰყავს მიზეზები, რომლებიც ამგვარი ვარაუდის გამოთქმის საფუძველს იძლევა.

[ასლანბეკ დადაევის ხმა]: "აშკარაა, რომ მეამბოხეთა ღამისეული თავდასხმები მკაფიოდ დაგეგმილი და ორგანიზებული იყო. აქაურ მცხოვრებთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ამგვარი ოპერაციის ჩატარება მხოლოდ ადგილობრივ მეამბოხეებს შეეძლოთ: თავდამსხმელები აქაურობას მშვენივრად იცნობდნენ, კარგად იცოდნენ, სად მდებარეობს მათთვის საჭირო ობიექტები. გარდა ამისა, მათ ზუსტად იცოდნენ ისიც, სად ცხოვრობს სამართალდამცავი ორგანოების ესა თუ ის ხელმძღვანელი, რომელიც იმ ღამეს მოკლეს."

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, ანალოგიური ოპერაციები ახლო მომავალში ჩეჩნეთის სხვა მეზობელ რესპუბლიკებში - დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთსა თუ ყაბარდო-ბალყარეთში განხორციელდეს.
XS
SM
MD
LG