Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური კორპუსის გაფართოებას გეგმავს


პრეზიდენტის ბრძანებულებით, უახლოეს ხანში საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების რეორგანიზაციის პროცესი უნდა დაიწყოს.

საელჩოთა რიცხვი არსებული 28-დან 34-მდე უნდა გაიზარდოს. ეს, ერთი მხრივ, ახალი წარმომადგენლობების გახსნით, მეორე მხრივ კი, გაერთიანებული საელჩოების განცალკევებით მოხდება. კერძოდ, ავსტრიის, სლოვაკეთის, სლოვენიის, უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკებში, ერთი გაერთიანებული საელჩოს ნაცვლად, სამი წარმომადგენლობა გაიხსნება - ავსტრიასა და უნგრეთში, სლოვენიასა და სლოვაკეთში და ჩეხეთში. ამოქმედდება ეგრეთ წოდებული “მოძრავი ელჩის” ინსტიტუტი. მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის თანახმად, მოძრავი ელჩები თბილისში იმუშავებენ. დიპლომატიური უფლებამოსილების შესასრულებლად კი პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე, გაემგზავრებიან საზღვარგარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი საელჩოების ამოქმედებისათვის ქვეყანას ჯერჯერობით მწირი ფინანსური რესურსი აქვს, საქართველოს ხელისუფლება საელჩოების ერთმანეთისგან გამოცალკევებასა და დამატებითი ახალი საელჩოების გახსნას პოლიტიკური მიზანშეწონილობით ხსნის.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსების დასაფინანსებლად 28 მილიონი ლარი გამოიყო. საგარეო საქმეთა სამინისტრო 3 მილიონით მეტს - 31 მილიონს - ითხოვდა და ამის ერთ-ერთ მიზეზად ახალი საელჩოების გახსნის აუცილებლობას ასახელებდა. ვინაიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და, ამის მიუხედავად, ახალი საელჩოების გახსნის საკითხი, ფაქტობრივად, უკვე დაისვა, ფინანსისტებისთვის მთავარ პრობლემად მთავრობის გადაწყვეტილების აღსრულების ვადები დგება.

[ვასიკო გიგოლაშვილის ხმა] ”თუ ეს იქნება წლის ბოლო, რა თქმა უნდა, დამატებითი სახსრები იმდენად არ დასჭირდება, მაგრამ თუ ეს მოხდება ხვალ, ზეგ, ანუ უახლოეს პერიოდში, ამ საელჩოების გახსნას, რა თქმა უნდა, დასჭირდება გარკვეული ფინანსური სახსრები. თუ ეს მოხდა წლის ბოლოს, ვთქვათ, პირობითად, თუ გაიხსნა ეს საელჩოები, მაშინ ნაკლები თანხებით შეიძლება მოხდეს ან იმავე თანხებით, რაც დამტკიცებულია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნებოდა მოთხოვნები თანხების დამატებით გამოყოფაზე.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ვასილ გიგოლაშვილის ამ ვარაუდებზე საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს გარკვეული და ნათელი პასუხი აქვს:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ” წელს რასაც ვახერხებთ, ყველაფერს ვახერხებთ იმ ფარგლებში, რაც გვაქვს მოცემული ბიუჯეტი და ამდენად მივაღწიეთ, რომ რაღაცა ეკონომიები ჩვენ თვითონ ჩაგვეტარებინა ამ ბიუჯეტებზე.” (სტილი დაცულია)

მიმდინარე წლის ბიუჯეტის ეკონომია, ძირითადად, “მოძრავი ელჩის” ინსტიტუტის შემოღებით მოხერხდა. როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ყოფილი დიპლომატი კოტე გაბაშვილი შენიშნავს, საელჩოების განცალკევების აღნიშნული მოდელი ოპტიმალურია არამარტო მატერიალური სახსრების დაზოგვის თვალსაზრისით:

[კოტე გაბაშვილის ხმა]” მე, მაგალითად, ჩვენ, მაგალითად, ვიყავით გერმანიასა და პოლონეთში. და პოლონეთში რასაც ვიხდიდით, ის, უბრალოდ, ჩამოეხსნება ხარჯებიდან ჩვენს საელჩოს და გადავა იმაზე, ის ცალკე საელჩოა. მე თვითონ ვიყავი დიდი მომხრე იმისა, რომ გაყოფილიყო და პოლონეთში ცალკე საელჩო ყოფილიყო. ამიტომ მე მივესალმები ამ ნაბიჯს საგარეო საქმეთა სამინისტროსი. “(სტილი დაცულია)

კოტე გაბაშვილის აზრით, საელჩოების გაყოფა, ერთი მხრივ, თავად ქვეყნების მიმართ პატივისცემის ნიშანია, მეორე მხრივ კი, ამა თუ იმ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან უშუალო კონტაქტის დამყარების საუკეთესო საშუალება.”

რაც შეეხება საელჩოების ამოქმედების ვადებს, ელჩობის კანდიდატთა პირველი ათეული პარლამენტს განსახილველად უკვე 24 ივნისს წარედგინება. ივლისის დასაწყისში, სავარაუდოდ, პარლამენტი მეორე ათკაციან სიას დაამტკიცებს, მესამე ათეულის ვინაობა კი ნოემბერში გახდება ცნობილი. საუბარია როგორც ძველი დიპლომატიური კორპუსის როტაციაზე, ისე ახლად გახსნილი საელჩოების პირველ პირებზე.
XS
SM
MD
LG