Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ცხოვრობს ხევსურეთის უძველესი სოფლის, შატილის, მოსახლეობა


საქართველოში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა განსაკუთრებული დაღი დაასვა დედაქალაქიდან მოშორებული და ძნელად მისადგომი რეგიონების

მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ლაპარაკია საქართველოს მთიანეთზე. ამ ცოტა ხნის წინ მე მის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, ხევსურეთში, ვიმოგზაურე და დეტალურად გავეცანი სოფელ შატილის მოსახლეობის, ”შატილიონთა”, თანამედროვე ცხოვრებას.

[ისმის ხევსურული მუსიკის ხმა]

[ბაბულიას ხმა] ”შატ არის ორი წყლის შეერთება ერთმანეთთან და შატილი რომ ქვია, ეს მუსულმანებთან ახლოს რომ ვცხოვრობდით, ჩეჩნებთან და ასე შემდეგ, აქედან წამოსულია ეს სახელწოდება. შატილი - ორი წყლის შესაერთი... კვანძი, შატ ვაინახურია.” (სტილი დაცულია)

ამ ორი მდინარის შესართავთან აღმართული შატილის საუკუნოვანი კოშკები კვლავ ძველი სიდიადით გადაჰყურებენ ულამაზეს ხეობას, თუმცა თავად სოფლის მოსახლეობას ცოტა რამ თუ შემორჩენია წარსული სიდიადისა. შატილიონთა, ასე ეძახიან თავიანთ თავს, უმრავლესობას თითქმის ისეთივე პრობლემები აწუხებს, როგორიც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობას. მაგრამ არის ერთი გამორჩეული პრობლემა, ვერაფრით რომ ვერ მალავენ თავშეკავებული ხევსურები, რომელთაც, ჩვეულებრივ, წუწუნი და გასაჭირზე საუბარი არ სჩვევიათ.

[ბაბულიას ხმა] ”ზამთარში განსაკუთრებით ძალიან ვართ მოწყვეტილი - იკეტება უღელტეხილი, გზა არა გვაქვს, არანაირი ყურადღება არა გვაქვს, შეიძლება ავად გახდეს ადამიანი და არანაირი საშუალება არ იყოს გადაყვანის.”(სტილი დაცულია)

ამ ხევსურ ქალბატონს ბაბულიას ეძახიან, მან ბარში შედარებით იოლ ცხოვრებაზე უარი თქვა და ახლა შატილში ცხოვრობს. იგი შატილის სკოლაინტერნატშია დასაქმებული. სკოლა შატილელთა შატილში დამაგრების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია და არამარტო მათთვის. შატილის სკოლაში მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებიც სწავლობენ. ეს ბოლო წლებია, სწავლის პროცესი კერძო სახლებში მიმდინარეობს, რადგან სკოლის შენობა ხანძარმა იმსხვერპლა.

ახლა ძველი სკოლის ნანგრევებიდან ოდნავ მოშორებით ახალ სკოლას კერძო სახსრების მეშვეობით აშენებენ. სკოლას დახმარებას ჰპირდება შატილში ბაზირებული ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ჯეფრი ოლსენიც.


[ჯეფრი ოლსენის ხმა] ”რამდენიმე წლის წინ ეუთომ ააშენა სკოლის მშვენიერი შენობა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, სამწუხაროდ, ის შენობა დაიწვა. ახლა ვცდილობთ ქართული ენის წიგნებით დავეხმაროთ 20-მდე ბავშვს.”

ეუთოს დახმარებით, შატილში აღადგინეს მცირე ჰიდროელექტროსადგურიც, რომელიც სოფელს უფასო ელექტროენერგიით ამარაგებს. ეუთო შატილელებს უარს არც შვეულმფრენით მგზავრობაზე ეუბნება იმ შემთხვევაში, თუ შვეულმფრენი გადატვირთული არ არის. ამ უპირატესობების გამო შატილს შენატრიან მეზობელი, შედარებით პატარა, სოფლები: მუცო, გიორგი წმინდა, ხონის ჭალა და ასე შემდეგ. სწორედ ეს სოფლები განიცდიან მწვავე მიგრაციას. ხევსურული ადათ-წესების მიხედვით, სხვა სოფლებიდან აყრილ მოსახლეობას შატილში დასახლების უფლება არა აქვს და ისინი იძულებულნი არიან ბარს მიაშურონ.

ელემენტარული სოციალური პირობების მოწესრიგების გარდა, შატილის გამოცოცხლება, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტურიზმის განვითარებას შეუძლია. შატილში მე თვითონ გავხდი მოწმე ხევსურეთის უძველესი კულტურით აღტაცებული ავსტრიელი ტურისტების სტუმრობისა.

[უცხოელი ტურისტის ხმა] ”ჩვენ ძალიან მოგვეწონა შატილი, ძალიან საინტერესოა. ადრე ასეთი არაფერი გვენახა. ვფიქრობთ, რომ აქ მასობრივი ტურიზმის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს.”

ინფრასტრუქტურის განვითარება გადაჯაჭვულია ისევ გზის პრობლემასთან, რომლის შესახებაც ჩემი რეპორტაჟის დასაწყისში შატილელი ქალბატონი ლაპარაკობდა. მგზავრობის პრობლემას მასა და მის თანასოფლელებს, ნაწილობრივ, შვეულმფრენი მოუხსნის, რომელმაც პირველი რეისი 20 ივნისს განახორციელა.

[ისმის შვეულმფრენის ხმა]

შვეულმფრენი ზაფხულის მანძილზე თვეში ერთხელ იფრენს, ზამთარში კი ყოველთვე 2 რეისს განახორციელებს. შატილელებს იმედი აქვთ, რომ გზის აღდგენაც მოხერხდება და მომავალში ძველი დიდებაც დაბრუნდება.

[ისმის ბაბულიას ლექსი და ხევსურული მუსიკის ხმა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG