Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიანა აბაშიძესთან გამოძიებას კიდევ აქვს კითხვები


ასლან აბაშიძის ქალიშვილის ბათუმში ჩასვლამ დაპატიმრებების ახალი ტალღა ააგორა. ამჯერად სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ცენტრში

აბაშიძეების დაცვის სამსახურის ის წევრები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ბათუმში დედის წლისთავზე ჩასული დიანა აბაშიძის დაცვის უზრუნველყოფა განიზრახეს. ხუთ მათგანს, ნარკოტიკული ნივთიერებისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, ბათუმის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. 23 ივნისს სამართალდამცავი ორგანოები მოჭარბებულ ინტერესს ასლან აბაშიძის ქალიშვილის მიმართაც იჩენენ. ფინანსური პოლიციის ბათუმის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად მისული დიანა აბაშიძის დაკითხვა ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ასლან აბაშიძის ქალიშვილი დიანა აბაშიძე დედის წლისთავზე ბათუმში 21 ივნისს ჩავიდა. მიუხედავად სტუმრობის საპატიო მიზეზისა, ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის ქალიშვილს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ახსნა-განმარტებების მიცემა უკვე მეორე დღესვე მოუხდა. თუმცა მანამდე სპეციალური დანიშნულების რაზმმა დიანა აბაშიძის დაცვის წევრებიც აიყვანა. თითქმის ყველა მათგანს ბათუმის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულთა დაცვა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე აკეთებს აქცენტს.

[ადვოკატის ხმა] “ჩამოვიდა ქალბატონი აბაშიძე და ეგრეთ წოდებული დარღვევა ეს იყო, ალბათ, რომ იქ დახვდნენ ქალბატონს და დარაჯობდნენ ოჯახს.” (სტილი დაცულია)

22 ივნისს დაწყებული დაპატიმრებების სერია 23 ივნისსაც გაგრძელდა. აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის დავით ღლონტის განცხადებით, პოლიციას ასლან აბაშიძის შვილის, გიორგი აბაშიძის, დაცვის ყოფილი უფროსი ჩაბარდა.

[დავით ღლონტის ხმა] “დღეს, ერთი საათის წინ, გამოცხადდა და ნებაყოფლობით ჩაბარდა როლანდ ბერიძე, მეტსახელად ჩაკი.”

პოლიცია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა როლანდ ბერიძე დიანა აბაშიძის სახლში იმალებოდა - იმ სახლში, საიდანაც ასლან აბაშიძის ქალიშვილი, ადვოკატის თანხლებით, ფინანსური პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში დღის 12 საათზე მივიდა. ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ ფინანსური პოლიციის წარმომადგენელმა ილია ხონელიამ ჩემთან საუბარში განაცხადა:

[ილია ხონელია] “ჯერჯერობით რა იკვეთება - მიდის გამოძიება, ხდება დაპირისპირება. დაპირისპირება მოხდა ბუღალტერსა და დიანა აბაშიძეს შორის, დირექტორს შორის, ასე რომ ვთქვათ. და ველოდებით ახლა საგადასახადო აქტს და იმის მიხედვით კიდევ ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხვები გაგრძელდება და გადავწყვეტთ, გადაწყვეტილებას მივიღებთ მერე.” (სტილი დაცულია)

ფინანსური პოლიცია, როგორც ილია ხონელია ამბობს, ძირითადად, ბათუმის კორტებში არსებული ფინანსური დარღვევებითაა დაინტერესებული, თუმცა გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ჯანაშია გაცილებით მასშტაბურ ფინანსურ დარღვევებზე საუბრობს.

[გიორგი ჯანაშიას ხმა] “რა თქმა უნდა, თუკი ზარალი ანაზღაურებული იქნება, რაც ამ წლების განმავლობაში მიადგა სახელმწიფოს და დაფარული იქნება ის თანხები, რაც მიტაცებული იქნა წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ამას გამოძიება გაითვალისწინებს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, დიანა აბაშიძის შემთხვევაში იქნება თუ სხვა პიროვნებების მიმართ, ეს გათვალისწინებული იქნება ბრალდებულის სასარგებლოდ.” (სტილი დაცულია)

გენერალური პროკურატურის ამ განცხადებას “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე ოპერატიულად გამოეხმაურა. პარლამენტის წევრი დიანა აბაშიძეს საქართველოს ხელისუფლების მძევალს უწოდებს:

[დავით გამყრელიძის ხმა] “ყველამ კარგად ვიცით, რომ დიანა არც პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული, მის ბიზნესში მონაწილეობასაც ფიქტიური ხასიათი ჰქონდა და, ჩემი აზრით, არა მარტო ქართული ტრადიციებისთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის მიუღებელი უნდა იყოს ამ ფორმით შვილებზე ანგარიშსწორება, მძევლად აყვანა და ვაჭრობა.”

თავად დიანა აბაშიძე ფინანსური პოლიციის ყველა ბრალდებას უარყოფს და აბაშიძეების ოჯახზე წარმოებულ ზეწოლაზე საუბრობს:

[დიანა აბაშიძის ხმა] “ბრალდებები სიმართლეს არ ექვემდებარება, ეს არის ზეწოლა და აგრესია, მიმართული ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, და მე მზად ვარ გავუწიო წინააღმდეგობა უსამართლობას.”(სტილი დაცულია)

წინააღმდეგობის გაწევა კი, მართლაც, ღირს. მოქმედი კანონმდებლობით, გადასახადების დამალვა, რაშიც ასლან აბაშიძის ქალიშვილს ფინანსური პოლიცია ედავება, ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG