Accessibility links

logo-print

ჰარე კრიშნა თბილისში


"ბჰაგავად გიტა" რუსულად, 1965 წელი, პროფესორ სმირნოვის თარგმანი.

"ბჰაგავად გიტა" რუსულად, 1965 წელი, პროფესორ სმირნოვის თარგმანი.

კრიშნაიზმის, იმავე ვაიშნავიზმის, მიმდევრებს საზეიმო მსახურების დროს ვესტუმრე. ისინი ღვთაებათა ქანდაკებების თბილისში ჩამოტანის დღეს აღნიშნავდნენ. ამ რელიგიის შესახებ ზედაპირული ცოდნის მატარებელი ბევრი ადამიანის მსგავსად, ვიცოდი, რომ კრიშნაიტების მიერ ჩატარებულ რიტუალებს გამორჩეული მუსიკალურობა ახასიათებს; მაგრამ ტაძარში მოსმენილი სიმღერების რიტმმა და ენერგიამ ჩემს მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

კრიშნაიზმი დღეს გლობალურად გავრცელებული რელიგიაა და მას თითქმის ყველა ქვეყანაში ჰყავს მიმდევრები. კრიშნას მოძღვრების ინდოეთიდან გასვლა და მისი დასავლეთში პოპულარიზაცია გვიანდელ, 1960-იან, წლებზე მოდის, როდესაც კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დამაარსებელმა შრილა პრაპჰუპადამ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმოგზაურა და მაშინდელ მეამბოხე თაობას სულიერი სიყვარულისა და მშვიდობის შესახებ უქადაგა. საქართველოში, როგორც მითხრეს, კრიშნას მოძღვრებამ განსაკუთრებული პოპულარობა და, გარკვეულწილად, დისიდენტური დატვირთვა საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ პერიოდში შეიძინა; დღეს კი ჩვენში ამ რელიგიას ხუთასამდე ადამიანი მისდევს.

მსახურების დასრულების შემდეგ კრიშნას მოძღვრების შესახებ ტაძრის ერთ-ერთ წევრს ვესაუბრე, რომელიც თავისი სულიერი სახელით – ბჰუშანა დასით – გაგვეცნო. თავდაპირველად მას ამ მოძღვრების ზოგადი ისტორიის შესახებ შევეკითხე.

"სათავეს იღებს უხსოვარი დროიდან. ბჰაგავად-გიტაში კრიშნა ყვება, რომ ერთ-ერთი პირველი მისი მოსვლა იყო მილიონი წლის წინ, როცა მზის ღმერთს უქადაგა ეს მეცნიერება ღმერთის შესახებ. მერე პერიოდულად, ეპოქების ცვლილების დროს ხდებოდა უფლის ჩამოსვლა დედამიწაზე და ქადაგება მის მიერ. ბოლოს მოხდა ეს ხუთი ათასი წლის წინ – ბჰაგავად-გიტა ასე იწყება, როცა ერთ-ერთი ეპოქა, კალის ეპოქა, იწყება, რკინის ეპოქა. კიდევ იყო ხუთასი წლის წინ, უფალი ჩაიტანიის სახით მოვლენილი კრიშნა. იქნება კიდევ 432 ათასი წლის მერე, კალის ეპოქის დამთავრების შემდეგ.” (სტილი დაცულია)

როგორც ბჰუშანა დასმა მითხრა, ვაიშნავიზმი არ წარმოადგენს რელიგიას ტრადიციული სახით და მნიშვნელობით. ეს მოძღვრება მეცნიერებაა, რომელიც ღმერთს, სულს და მათ შორის ურთიერთობას ეხება და რომელიც სიყვარულს და ცოდნას ქადაგებს.

“აქ ყველაფერი დაფუძნებულია ცოდნაზე და სიყვარულზე, მაგრამ ესენი ურთიერთს ავსებენ. როგორ უნდა შეიყვარო ის, ვისაც არ იცნობ? ვისაც ვერ ხედავ, ვის შესახებაც წარმოდგენა არ გაქვს? როგორ შეგიძლია მისი სიყვარული? ჩვენ ჩვენს გვერდით მდგომი მოძმის სიყვარული არ შეგვიძლია და უფალი, რომელიც ძალიან დიდია? ჩვენ, როდესაც ასეთ სხეულებში ვიმყოფებით, ასეთი საზღვრული სხეულით, გონებით, გრძნობებით აღჭურვილ ადამიანებს როგორ შეგვიძლია შევიყვაროთ, თუ ცოდნა არ გვექნა? და ჩვენი რელიგია სწორედ მოიცავს ამ ცოდნას და სიყვარულს.”

ვაიშნავიზმში ცოდნა წმინდა წერილების და სულიერი მოძღვრის საშუალებით მოდის და ის მოწაფეობრივი თანამიმდევრობით გადაიცემა. სიყვარულის ცნება კი ვაიშნავებისთვის მის ტრადიციულ, ემოციებზე დამყარებულ მნიშვნელობას სცილდება და ღმერთის სამსახურში უპირობო ყოფნას უტოლდება. კრიშნაიტებისთვის ასეთი ჭეშმარიტი სიყვარულის მაგალითი იესო ქრისტეა:

“ჩვენი მოძღვარი ამბობს, რომ იესო არის ჩვენი გურუ, ჩვენი მოძღვარი; მისგან უნდა ვისწავლოთ. ის უფლის უდიადესი მსახურია, ასე აღიქმება; ვისგანაც ჩვენ ვსწავლობთ. ის არის მაგალითი ჩვენთვის, თუ როგორი უნდა იყოს ღმერთის ერთგული.”

მრავალი სხვა რელიგიური მიმდინარეობის მსგავსად, კრიშნაიზმი რეინკარნაციას, ანუ სულის ციკლურ ევოლუციას და სიკვდილის შემდეგ მის სხვა სხეულში გადასახლებას აღიარებს. ეს პროცესი მანამდე გრძელდება, სანამ სული სრულყოფილების სტადიას არ მიაღწევს:

“აბა, მაშინ გაუგებარია, ერთი ადამიანი რატომ იბადება ლამაზი, მეორე მახინჯი; ერთი მდიდარი, მეორე ღარიბი; უგონო, გონიერი; მაღალი, დაბალი... მაშინ ღმერთი უსამართლოა, თუ ერთი ბავშვი ავადმყოფი იბადება, გულის მანკით, და მეორე ჯანმრთელი, კარგ ოჯახში. იმიტომ რომ დაიმსახურა წინა ცხოვრებაში ეს ყველაფერი – ან ცუდი, ან კარგი. ეს საკმაოდ რთული პროცესია, ჩვენ მის შესახებ ზოგადი ცოდნა გვაქვს, მაგრამ იქ დეტალებში რა ხდება, მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რას დაიმსახურებ.”

ბჰუშანა დასი კრიშნას მოძღვრებას ათ წელზე მეტია, რაც მისდევს. მანამდე, როგორც თვითონ ამბობს, რელიგიის მიმართ ტრადიციული და ფორმალური დამოკიდებულება ჰქონდა.

“კი, თავიდან ტრადიციული მართლმადიდებელი ვიყავი. ტრადიციული რატომ, იცით? ახლა, დღესაც, რომ ვუყურებ ხალხს, მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა როგორც წოდება, ისე აქვთ მიღებული. ანუ დავიბადე მე საქართველოში, ვარ ქრისტიანი. და მხოლოდ შემიძლია დღესასწაულებზე გამახსენდეს ღმერთი. ასეთი ზერელე დამოკიდებულებაა. ასეთი მართლმადიდებელი ვიყავი, არასოდეს ვყოფილვარ რელიგიური ძალიან. მერე მე ვთვლი, რომ რელიგია და ნათლობა უნდა მოხდეს აუცილებლად გონების საშუალებით, არ შეიძლება უგონო მდგომარეობაში ბავშვს მოახვიო თავზე. მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავისი გზა ღმერთისაკენ. თავისი ბედი უნდა გადაწყვიტოს.”(სტილი დაცულია)

საუბრის ბოლოს ბჰუშანა დასს საქართველოში ბოლო დროს მომძლავრებულ რელიგიური შეუწყნარებლობის თაობაზე ვკითხე.

“მე იმედი მაქვს, რომ იგივე მართლმადიდებლობაც და ქრისტიანობაც, ბოლო-ბოლო, დაემსგავსება ქრისტიანობას და შეძლებენ ისინი მოყვასის თუ მტრის სიყვარულს, ბოლოს და ბოლოს. მაშინ აღარ იქნება აგრესია. მათ უნდათ თქვან, რომ ‘მე იმიტომ ვარ კარგი, რომ ის არის ცუდი’. ასე არ შეიძლება. ჩემთვის სულერთია, მთავარია ღმერთს ვემსახურო, და თუ დამიმტკიცებენ ისინი, რომ უკეთესები არიან თავიანთი არსებობით, ქცევით, ცხოვრების წესით, მე მივიღებ ისევ, იქ დავბრუნდები. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა წოდებებს. ეს ყველაფერი წოდებაა – მუსულმანობა, ქრისტიანობა, ვაიშნავიზმი – ეს არის წოდება, ხოლო ღმერთი ერთია და მისი მსახურებაც ერთია. მას შეიძლება იესო უწოდონ, ალაჰი, ბუდა, კრიშნა, ვიშნუ, შივა, სულერთია; მაგრამ ხომ იმ ერთს მიმართავენ? მთავარია ის მიმართვა იყოს გულწრფელი და სიყვარულით აღსავსე. და ეს უკვე იქნება ჭეშმარიტი რელიგია.” (სტილი დაცულია)

რელიგიური მრწამსის თუ პიროვნული მსოფლმხედველობის მიუხედავად, ალბათ, ძნელია არ დაეთანხმო მოსაზრებას, რომ შეუწყნარებლობის და აგრესიის აღმოფხვრის გზა გულწრფელობაზე და სიყვარულზე გადის. მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც ფაქტია, რომ საყოველთაო სიყვარულის და მშვიდობის იდეალები მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ უტოპიურ ოცნებად რჩება.
XS
SM
MD
LG