Accessibility links

logo-print

რატომ აღარ მოითხოვს ვაშინგტონი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო რეზოლუციის მიღებას?


შეერთებული შტატები აღარ მოითხოვს გაეროს ისეთი რეზოლუციის მიღებას, რომელიც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს გაათავისუფლებდა

პასუხისმგებლობისგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. როგორც გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილემ ჯეიმს კანინგემმა განაცხადა, ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია სურვილით, დოკუმენტის განხილვისას თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი განხეთქილება უშიშროების საბჭოს წევრებს შორის. რამ განაპირობა ეს ცვლილება ვაშინგტონის პოზიციაში?

წარსულში შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებს არაერთხელ გამოუთქვამთ მუქარა, რომ ვეტოს დაადებდნენ გაეროს სამშვიდობო მისიებს, თუ ამერიკელი ჯარისკაცები არ გათავისუფლდებოდნენ პასუხისმგებლობისგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. ახლა ვაშინგტონი თანახმაა, აღარ მოითხოვოს შესაბამისი რეზოლუციის მიღება, რასაც ექსპერტები ორი ძირითადი მიზეზით ხსნიან:

ჯერ ერთი, უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობამ (და, სხვათა შორის, თვით გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმაც) განაცხადეს, რომ მხარს არ დაუჭერდნენ რეზოლუციის პროექტს; და მეორეც: ვაშინგტონს უკვე 90-მდე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული ორმხრივი შეთანხმება ჯარისკაცების ხელშეუხებლობის შესახებ (ამ ქვეყნებს შორის საქართველოც არის).

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის რიჩარდ ბაუჩერის თქმით, ამ ორმხრივმა შეთანხმებებმა მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს ამა თუ იმ სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას; ანუ ვაშინგტონი ყოველი კონკრეტული სამშვიდობო მისიის მიმართ თავისი დადებით ან უარყოფით პოზიციას იმის მიხედვით განსაზღვრავს, გაფორმებული აქვს თუ არა ორმხრივი შეთანხმება სამშვიდობო მისიის ობიექტთან.

ამავე დროს, შეერთებული შტატები კვლავინდებურად არ აღიარებს ამერიკელი სამხედროებისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და აცხადებს, რომ თავადაც შესწევს უნარი, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი სამხედრო მოსამსახურეები გაასამართლოს. ამის დასტურად რიჩარდ ბაუჩერმა ბაღდადის მახლობლად მდებარე აბუ ღრაიბის ციხეში მომხდარი სკანდალი მოიყვანა.

[რიჩარდ ბაუჩერის ხმა]: "ვფიქრობ, აბუ ღრაიბის გარშემო შექმნილ მეტად უსიამოვნო ვითარებაში ყველას დავუმტკიცეთ, რომ შეერთებული შტატები სამართლის აღსრულების მომხრეა და თვითონ იზრუნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ჩვენი ძალების ნებისმიერი მოსამსახურე, რომელიც საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს დაარღვევს."

და მაინც, რაც უნდა თქვას ვაშინგტონის საგარეო უწყების პრესმდივანმა, აშკარაა, რომ აბუ ღრაიბის სკანდალმა უშიშროების საბჭოს წევრთა პოზიციებში ცვლილებები შეიტანა. ავიღოთ თუნდაც ჩინეთი, რომელიც შეერთებული შტატებისა არ იყოს, არ მიეკუთვნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრთა რიცხვს. გაეროში ამ ქვეყნის ელჩს ვანგ გუან ჯიას არ დაუმალავს, რომ აბუ ღრაიბის სკანდალმა მისი ქვეყნის მთავრობა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

[ვანგ გუან ჯიას ხმა]: "რა თქმა უნდა, მესმის, რომ გამოძიებებს შეერთებული შტატებიც ატარებს. მაგრამ, ამავე დროს, წლეულს, პატიმრების უფლებათა ხელყოფის გარშემო ატეხილი ამბების ასეთი ფართო გაშუქების გამო ჩემს მთავრობაზე განსაკუთრებით ძლიერია ზეწოლა, არ მისცეს "კარტ-ბლანში" შეერთებულ შტატებს მისი შეიარაღებული ძალების ქმედებებთან დაკავშირებით."

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ 2000 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნის შესახებ. მაგრამ 2002 წლის 6 მაისს კლინტონის მემკვიდრემ, ჯორჯ ბუშმა, ეს ხელმოწერა გააუქმა და შეერთებული შტატები ხელშეკრულებიდან გაიყვანა.
XS
SM
MD
LG