Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შედეგით დასრულდა თბილისის მიერ ცხინვალისთვის წაყენებული ულტიმატუმი


24 ივნისის 17 საათზე ამოიწურა ულტიმატუმი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას წაუყენა.

ირაკლი ოქრუაშვილი იმ პირების დაკავებას მოითხოვდა, რომელთა ქმედების შედეგად ოსი და რუსი მშვიდობისმყოფელების სამხედრო წვრთნების მახლობლად მოხუცებული ქალბატონი ბრმა ტყვიით დაიჭრა. რა შედეგით დასრულდა თბილისის მიერ ცხინვალისთვის წაყენებული ულტიმატუმი?

24 ივნისს სამხრეთ ოსეთის დედაქალაქს, ცხინვალს, რუსეთის დელეგაცია ესტუმრა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვალერი ლოშჩინინის ხელმძღვანელობთ. მან შეძლო სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის დარწმუნება იმაში, რომ ქართულ მხარესთან საჭიროა დიალოგის წარმოება. ამ შეთანხმების საფუძველზე, 24 ივნისსვე ცხინვალში ოთხმხრივი შერეული კომისიის თანათავმჯდომარეთა დაუგეგმავი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ქართულ-ოსური კონფლიქტის ოთხმხრივი საკონტროლო კომისიის სხდომის ჩატარების თარიღზე იმსჯელეს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკონტროლო კომისიის შეხვედრა 1-2 ივლისს გაიმართება მოსკოვში.

შეხვედრაზე მსჯელობის საგანს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლის სვიატოსლავ ნაბზდოროვის გაწვევაც წარმოადგენდა. ქართული მხარე ნაბზდოროვის ტენდენციური ქმედებებითაა უკმაყოფილო. ნაბზდოროვმა ჩვენს კორესპონდენტს შიდა ქართლის რეგიონში, გოგა აფციაურს, განუცხადა, რომ სარდლის გაწვევა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის მინისტრს შეუძლია და არა ოთხმხრივ კომისიას.

ქართული მხარის წარმომადგენელი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა საწინააღმდეგოს ამტკიცებს:

[გოგა ხაინდრავას ხმა] ”ნაბზდოროვის საკითხი გადაწყვეტილია, ნაბზდოროვის ვადა არის დამთავრებული და მისი შემცვლელიც არის აქ ჩამოსული მაგრამ რაღაც პროცედურა არსებობს სამხედრო ნაწილის გადაბარების და ამას დრო უნდა, ალბათ.”

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ულტიმატუმს, მასზე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:

[ედუარდ კოკოითის ხმა] ”არაა საჭირო სამხრეთ ოსეთთან ძალისა და ულტიმატუმის ენით ლაპარაკი განსაკუთრებით ისეთი გავლენიანი ფიგურების მხრიდან, რომლებიც ხელმძღვანელობენ სამართალდამცავ სტრუქტურებს. ჩვენი ხალხები იძულებულნი არიან კეთილმეზობლურად და მშვიდობიანად იცხოვრონ. და ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ. რაგინდ რთულიც არ უნდა იყოს, საჭიროა იმ პოლიტიკური ამბიციების დაძლევა, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკოსს აწუხებს.”

ულტიმატუმის ვადის გასვლის მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაცია ჯერაც არ წამოუწყია.
როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსავალი თავად მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვებში იპოვა. მან ულტიმატუმის გამოცხადებისას თქვა, რომ სპეცოპერაციას იმ შემთხვევაში წამოიწყებს, თუ ამას პრეზიდენტი მიიჩნევს საჭიროდ. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ჯავის რაიონში ულტიმატუმის გასვლამდეც მოაწყო მცირე ოპერაცია. იქ 24 ივნისს, გამთენიისას, ოსი ეროვნების რუსეთის 3 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა, იარაღის უკანონოდ ტარება და ჯაშუშობა.
XS
SM
MD
LG