Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულხან მოლაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. - უფლებათდამცავები არ გამორიცხავენ, რომ იგი პოლიტიკური პატიმარია


საქართველოს კონტროლის პალატას უკვე ახალი თავმჯდომარე ჰყავს. 24 ივნისს პარლამენტმა 150 ხმით, ერთხმად, კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ სოსელია დაამტკიცა. ჯერჯერობით წინასწარ პატიმრობაში რჩება ამ პოსტზე ზურაბ სოსელიას წინამორბედი სულხან მოლაშვილი. იგი პირველი საპყრობილის რვაკაციან საკანშია მოთავსებული და, სიცხისა და გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობების გარდა, ჯანმრთელობის გაუარესებასაც უჩივის. მაშინ, როცა კონტროლის პალატის ახალი თავმჯდომარე თავისი უფლებამოსილების აღსრულებას უნდა შეუდგეს, ძველი თავმჯდომარის მიმართ ოფიციალურ დონეზე პირველად ჩნდება პოლიტპატიმრის კვალიფიკაციის მინიჭების მცდელობა. 24 ივნისს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ლომსაძემ განაცხადა, რომ სულხან მოლაშვილის საქმეში აშკარად პოლიტიკური ნიშნები იკვეთება.

თემურ ლომსაძემ სულხან მოლაშვილი პირველ საპყრობილეში 22 ივნისს მოინახულა. ეს ვიზიტი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის დაცვის მოთხოვნით განახორციელა - დაცვის პირველი განცხადება სახალხო დამცველის ოფისში ორი კვირის წინათ შევიდა. ამ დროიდან მოყოლებული, შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დამცველის აპარატი და სულხან მოლაშვილის ადვოკატები, ძირითადად, თანამოაზრეები არიან იმ ზოგად თუ კონკრეტულ შეფასებებში, რომლებიც მოლაშვილის საქმეზე არსებობს. თემურ ლომსაძე, მაგალითად, აცხადებს, რომ მოლაშვილის საქმეში პოლიტიკური ნიშნები აშკარად იკვეთება. მისი აზრით, 37201 ლარის არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდება არ განეკუთვნება მძიმე მუხლებს. შესაბამისად, მისი თქმით, გაცილებით მიზანშეწონილი იქნებოდა სულხან მოლაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შედარებით მსუბუქი ფორმების ამოქმედება, იქნებოდა ეს შინაპატიმრობა, გაუსვლელობის ხელწერილი, გირაო თუ სხვა.

[თემურ ლომსაძის ხმა]”რაც შეეხება ახლა იმას, ის პოლიტპატიმარია თუ არა, დღეს, ამ ეტაპზე, ასეთი კვალიფიცირება რომ მიეცეს,ცოტა ნაადრევია. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, პროკურატურამ უნდა დაამთავროს ძიება, უნდა წავიდეს სასამართლოში და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დანაშაულთან დაკავშირებით. და მომენტალურად გამოიკვეთება იქ. მერე უკვე ხმამაღლა შეგვეძლება საუბარი და მერე უკვე, ალბათ, პირველი მე ვიტყვი იმას, რომ ბატონი სულხან მოლაშვილი პოლიტიკური პატიმარი იყო.”(სტილი დაცულია)

ეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სულხან მოლაშვილის გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. არადა, ამას წინათ კონტროლის პალატის პირველმა თავმჯდომარემ რევაზ შავიშვილმა პრესაში დააფიქსირა, რომ თანამშრომლებზე პრემიების გაცემა მაშინაც ხდებოდა, როცა იგი ხელმძღვანელობდა სტრუქტურას. სწორედ პრემიების გაცემის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მოლაშვილის წინააღმდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა საქმის დამძიმებას გეგმავს. ადვოკატებისთვის ეს დამატებითი არგუმენტია იმის სამტკიცებლად, რომ სულხან მოლაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

დაცვის მხარე, თავის მხრივ, მოლაშვილის დაკავებიდან დღემდე ამტკიცებს, რომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე უკანონო პატიმარია არამარტო იმის გამო, რომ ბრალდების მოტიცავია არადამაჯერებლად გამოიყურება. როგორც ადვოკატი შალვა შავგულიძე ამბობს, სულხან მოლაშვილს აღმკვეთი ღონისძიება არაგანსჯადმა სასამართლომ შეუფარდა:

[შალვა შავგულიძის ხმა]”აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ. ეს ბრძანება მოსამართლის ძალაში იქნა დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის მიერ. კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ. “

15 ივნისს სულხან მოლაშვილის დაცვამ, საპროცესო კოდექსის თანახმად, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას უკანონო პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. კოლეგიის პასუხი, ადვოკატთა თქმით, არაადეკვატური იყო: კოლეგიის დასკვნაში იმაზე იყო საუბარი, რომ პირველ ინსტანციას ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებებში ჩარევის უფლება არა აქვს. უკანონო პატიმრობაში მყოფის განსჯადობის საკითხის გასარკვევად ადვოკატებმა საჩივრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და გენერალური პროკურორის სახელზეც შეიტანეს. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სამართალსისტემაში ბრძოლის რესურსები მათ ჯერ არ ამოუწურავთ. თუმცა არ არის გამორიცხული, ბოლოს და ბოლოს, საქმე სტრასბურგის ევროპის სასამართლოშიც მოხვდეს, სახელწოდებით “მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”.
XS
SM
MD
LG