Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თერთმეტი ფსიქიატრი - თბილისის პროკურორის ვალერი გრიგალაშვილის წინააღმდეგ და, პირიქით, გრიგალაშვილი - ამ ფსიქიატრ-ექსპერტების წინააღმდეგ


ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, აგრეთვე,

მთელ რიგ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ითხოვს მხარდაჭერას ექსპერტიზის ინსტიტუტზე ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლის აღსაკვეთად. ამის მიზეზი გახდა დაპირისპირება, რომელიც თბილისის პროკურორ ვალერი გრიგალაშვილსა და განსასჯელ გოჩა სამსიანის ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის დაკომპლექტებული 13 წევრიანი კომისიის 11 წევრს შორის წარმოიშვა.

ისტორიის მთავარი გმირი ადამიანის გატაცების გამო წინასწარ პატიმრობაში მყოფი გოჩა სამსიანია, რომელიც დანაშაულის ჩადენამდე პერიოდულად იტარებდა მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. დანაშაულის ჩადენისა და დაკავების შემდეგ მის მიმართ საჭიროდ იქნა მიჩნეული სასამართლო-ფსიქიატრიული ესქპერტიზა. ექსპერტიზა 2002 წლის 2 დეკემბერს ჩატარდა. დასკვნა იყო ასეთი: გამოსაკვლევ პირს აღენიშნება გარკვეული ფსიქიკური დარღვევები, თუმცა ის შერაცხადია და უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე. სასამართლო პროცესის ჩატარებამდე, 2003 წლის 25 იანვარს, მეხუთე იზოლატორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გოჩა სამსიანი დაუნდობლად სცემეს. მას შემდეგ მისი ფსიქიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და, ადვოკატის მოთხოვნით, სასამართლომ დანიშნა განმეორებითი ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარება სამტრედიის სასამართლო -ფსიქიატრიული ექსპერტიზის ბიუროს დაევალა, 4 ექსპერტი ფსიქიატრის მონაწილეობით, თუმცა, დაზარალებული მხარის მოთხოვნით, კომისია გაფართოვდა და, საბოლოოდ, 13 ექსპერტით დაკომპლექტდა. კომისიის წევრთა უმრავლესობას დამოუკიდებელი ექსპერტ-ფსიქიატრები შეადგენდნენ და, შეიძლება ითქვას, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზა გამოცდილი დამოუკიდებელი ექსპერტების ასეთი ფართო წარმომადგენლობის მონაწილეობით ბოლო წლების განმავლობაში პირველად ჩატარდა. ექსპერტ-ფსიქიატრების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ასევე პირველად განხორციელდა მათზე სერიოზული ზეწოლა. დასკვნის დაწერამდე კომისიის ცამეტივე წევრს - მათ შორის, ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების გენერალურ მდივანს ზურაბ ბერიას - პირადად ქალაქის პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა დაურეკა.

[ზურაბ ბერიას ხმა] “მე პირადად გამაფრთხილა, რომ, უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და მე უნდა გამომეჩინა პატრიოტიზმი და არ დამეშვა, რომ დამნაშავე აღმოჩენილიყო გარეთ. იმედი მაქვს, ობიექტურად ჩატარდებაო, - მითხრა. მე ვფქირობ, რომ ობიექტურად ჩატარდა. “ (სტილი დაცულია)

კომისიამ დაასკვნა, რომ გამოსაკვლევი პირი დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო შერაცხადი და აგებდა პასუხს ჩადენილ დანაშაულზე, მაგრამ საპატიმროში გადატანილი წამების და ცემის შემდეგ განუვითარდა ფსიქიკური აშლილობა და ამჟამად საჭიროებს მკურნალობას. დასკვნა დასაბუთებულ კვლევებს ეფუძნება, მას 13 წევრიანი კომისიის 11 ექსპერტი იზიარებს, ორს კი მიაჩნია, რომ გამოსაკვლევი პირი ფსიქიკურ აშლილობას იგონებს. ალტერნატიული აზრი სახელმწიფო ექსპერტებს ეკუთვნით. სამსიანის ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ გამოსაკვლევი პირი არც ერთ მათგანს არ გამოუკვლევია. ასეა თუ ისე, დასკვნა ერთია, ალტერნატიული შეხედულება კი მეორე. ის დასკვნად ვერ გამოდგება, რადგან მას ზურგს არ უმაგრებს დასაბუთებული კვლევა. ექსპერტიზის დასკვნას ქალაქის პროკურორმა საჯაროდ ყალბი უწოდა და ექსპერტ-ფსიქიატრების წინააღმდეგ ქალაქის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

სისხლის სამართლის კოდექსით, ექსპერტის მიერ შეგნებულად გაცემული ყალბი დასკვნა დასჯადი ქმედებაა, მაგრამ ასევე დასჯას ექვემდებარება მოწმეზე ან ექსპერტზე თანამდებობის პირის ზეწოლა. ვალერი გრიგალაშვილი არ უარყოფს, რომ ექსპერტებს ობიექტურ დასკვნას სთხოვდა, თუმცა უარყოფს სატელეფონო მუქარას. 11 ფსიქიატრი ირწმუნება, რომ ის კომისიის თვამჯდომარეს და მასთან ერთად კომისიის რამდენიმე წევრს იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა.

[ვალერი გრიგალაშვილის ხმა] “ ჩავთვალე საჭიროდ დამერეკა მათთვის, ვითხოვდი გამოეჩინათ ობიექტურობა.”

“მუქარა არ ყოფილა, მუქარა ჩემი სტილი არ არის,”- გვითხა ვალერი გრიგალაშვილმა. ცილისწამებისთვის და პატივის შელახვისთვის ფსიქიატრებმა მის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი აღძრეს. ესქპერტიზაზე ზეწოლისთვის კი პროკურორს სამსიანის მხარე უჩივის. თავის მხრივ, 11 ფსიქიატრს დაკითხვებზე პროკურატურაში სიარული უწევთ. შეკითხვას, რის საფუძველზე მიიჩნია ქალაქის პროკურორმა მათი დასკვნა ყალბ დასკვნად, გრიგალაშვილი უპასუხებს , რომ სამსიანთან კონტაქტში მყოფმა პირებმა - გამომძიებლებმა - მის ავადმყოფობაში ეჭვი ვერ შეიტანეს. გრიგალაშვილი ირწმუნება, რომ მოისმინა ნეიტრალური ფსიქიატრების აზრიც სამსიანზე, თუმცა ასეთი ფსიქიატრების ვინაობას ის არ აკონკრეტებს.

ამასობაში 11 -მა ფსიქიატრმა კომისიის დასკვნა გადასამოწმებლად მსოფლიოს წამყვან ფსიქიატრებს გაუგზავნა, მიღებული პასუხები ადასტურებს “ურჩი” ექსპერტების მოსაზრებას.

[დაჩი ჩხიკვაძის ხმა] “სასამართლოს შეუძლია დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, დანარჩენი რაც გააკეთა გრიგალაშვილმა, ეს არის მისი მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადება. კეთილი ინებოს, გაარკვიოს საქმე ბოლომდე და საჯაროდ თქვას სიმართლე, ისე როგორც ცილი დაგვწამა. “

ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი დაჩი ჩხიკვაძე, თუმცა გრიგალაშვილი უკან დახევას არ აპირებს. ის მოქმედ ექსპერტ-ფსიქიატრებს არ ენდობა და სურს საბოლოო დასკვნის გაკეთება სხვებს, დამწყებ ექსპერტებს, დაავალოს. “საქართველოში არიან სხვა ფსიქიატრებიც, რომლებსაც ესქპერტიზაში მონაწილეობა აქამდე არ მიუღიათ,” - თქვა მან ჩვენთან საუბრისას. იურისტების აზრით კი, თუ ალტერნატიული ექსპერტიზა დაინიშნება, წინა ექსპერტიზაში მონაწილეებსაც დარჩებათ ამ ექსპერტიზაში ეჭვის შეტანის უფლება. ასე რომ, პროცესი დაუსრულებლად შეიძლება გაიჭიმოს. 11 ფსიქიატრი ვალერი გრიგალაშვილის ქმედებას ექსპერტიზის ინსტიტუტზე ძალოვანი სტრუქტურის ზეწოლად აფასებს და ამ ფაქტზე სახელმწიფოებრივ რეაგირებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG