Accessibility links

logo-print

შემცირდება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა


დავით პაიჭაძე, თბილისი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობისა და რესპუბლიკური პარტიის ურთიერთობა იმდენად გამწვავდა, რომ რესპუბლიკელთა მიერ საპარლამენტო

უმრავლესობის დატოვება თითქოს გადაწყვეტილი ჩანდა. თბილისში ალაპარაკდნენ დასწრებაზეც - ანუ უმრავლესობის ინიციატივაზე, გაერიცხათ რესპუბლიკელები ფრაქციიდან. არჩევნების შემდეგ 4 დღე გავიდა და მსგავსი არაფერი მომხდარა. როგორ შეიძლება გაგრძელდეს პარტნიორობის ორწლიანი სტაჟის მქონე პოლიტიკურ გაერთიანებათა ურთიერთობა?

რესპუბლიკელებისა და ნაციონალური მოძრაობის ურთიერთობათა გარკვევა ცოტას მოითმენს. მართალია, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა უკვე წამოჭრა უმრავლესობის დატოვების საკითხი, მაგრამ დასძინა, რომ საბოლოოდ ეს პარტიამ უნდა გადაწყვიტოს. რესპუბლიკელებს პარლამენტში, რაოდენობრივად მოკრძალებული წარმომადგენლობის მიუხედავად, ორი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები უკავიათ: საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტს რომან გოცირიძე თავკაცობს, ხოლო განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტს - ლევან ბერძენიშვილი. სწორედ ამ პიროვნებათა ყოფნა ხსენებულ თანამდებობებზე, შესაძლოა, უფრო სასარგებლო იყოს მათდამი რწმუნებულ სფეროებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, ვიდრე იმ პიროვნებებისა, რომლებიც უარს არ იტყოდნენ კომიტეტის თავმჯდომარის თავისუფალ სავარძელზე. ჯერჯერობით არც დავით ბერძენიშვილი დაბრუნებულა ბათუმიდან თბილისში და ლევან ბერძენიშვილიც ევროპის საბჭოში იმყოფება. კიდევ ერთი რესპუბლიკელი და პარლამენტის წევრი, ივლიანე ხაინდრავა, ამბობს, რომ პარტია შეიკრიბება და სერიოზულად იმსჯელებს აჭარის გაკვეთილებზე, თუმცა ახლა ვერ იტყვის, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. რადიო “თავისუფლების” შეკითხვას, მისი ლიდერის მწვავე განცხადებებით რესპუბლიკურმა პარტიამ თავად ხომ არ მოიჭრა უმრავლესობაში დასარჩენი გზები, ივლიანე ხაინდრავა უპასუხებს:

[ხაინდრავას ხმა] “მე თავს შევიკავებდი ასე კატეგორიულად საკითხის დასმისაგან, თუმცა ვიზიარებ დავით ბერძენიშვილის პათოსს. ჩემთვის აჭარის არჩევნები არის შემაშფოთებელი გარემოება გარკვეულ გარემოებათა რიგში. აქ იმდენად ის საკითხი კი არ დგას, რესპუბლიკელი უზენაეს საბჭოში ორია თუ ექვსი, არამედ არის შემაშფოთებელი ტენდენციები პოლიტიკური პლურალიზმის და დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. მე ამ პრიზმით განვიხილავ აჭარის არჩევნებს.”

უმრავლესობაში, როგორც ჩანს, დიდ პრობლემად არ მიაჩნიათ რესპუბლიკელებთან ურთიერთობა. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა გვითხრა, რომ ფრაქციის სხდომაზე არც ერთხელ არ წამოჭრილა რესპუბლიკების გარიცხვის საკითხი.

[ზურაბიშვილის ხმა] “ასეთი საკითხი რეალურად არ დგება. მაინც ვუცდით, როდის ჩამოვლენ და რას იტყვიან.”

დავით ზურაბიშვილი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის შეცდომად მიიჩნევს მის გადაწყვეტილებას, პარტიას ცალკე, ნაციონალური მოძრაობის გარეშე, მოესინჯა ძალა აჭარის არჩევნებში.

[ზურაბიშვილის ხმა] “ეს გამოწვევას ჰგავდა. ამიტომაც აქედან დიდი რეზერვები ჩაირთო. ყველაფერი აამოქმედეს.”

ყველაფრის ამოქმედებას, ანუ აჭარაში პრეზიდენტის არაერთხელ ჩასვლას, საარჩევნოდ პარტიული აქტივისტების მობილიზებას და, ბოლოს, ზალიკო ბერგერის დეფილეს რესპუბლიკელთათვის მტკივნეული შედეგები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ ბათუმში რესპუბლიკელთა ნაწილმა კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე გადასაწყობად დაიწყო მზადება, მაინც არ არის გამორიცხული, მათ მიმართ პარლამენტში უმრავლესობის უშეღავათო დამოკიდებულებას მომხრეები გამოუჩნდნენ. ეს მოსალოდნელია ჯგუფიდან, რომელსაც კარგა ხანია, კრიტიკულად ეკიდება რესპუბლიკელთა ლიდერი. ბერძენიშვილის მონაწილეობის გარეშე არ მომხდარა ბათუმიდან დროებით დანიშნული მერის, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრის, ედვარდ სურმანიძის თბილისში გასტუმრება. ასე რომ, რესპუბლიკელებს, მათი თუნდაც შერბილებული პოზიციის მიუხედავად, გარკვეული პრესის ქვეშ მოუწევთ ყოფნა. ოღონდ, გააჩნია, რამდენ ხანს.
XS
SM
MD
LG