Accessibility links

logo-print

ტრეფიკინგი საქართველოში


პრობლემა, რომლის შესახებაც ახლა ვისაუბრებთ, მარტო საქართველოში როდი აწუხებთ. საუბარია ტრეფიკინგზე - მონობის თანამედროვე ფორმაზე, ნარკოტიკებითა და იარაღით

ვაჭრობის პარალელურად, 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკსა და არაადამიანურ ბიზნესზე. პრობლემის აქტუალობაზე თუნდაც ის ფაქტი მიუთითებს, რომ შარშან, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, საქართველო მესამე კატეგორიის ქვეყანათა შორის აღმოჩნდა. ვითარება, როგორც იმავე სახელმწიფო დეპარტამენტის 2004 წლის 14 ივნისის ანგარიშშია აღნიშნული, მიმდინარე წელს შეიცვალა. საქართველომ, ტრეფიკინგთან ბრძოლის თვალსაზრისით, ერთი საფეხურით წინ წაიწია. რას ნიშნავს ყოველივე ეს და როგორ ებრძვიან საქართველოში ადამიანებით ვაჭრობას?

ტრეფიკინგთან ბრძოლის თვალსაზრისით, მესამე კატეგორიაში ის ქვეყნები შედიან, სადაც ადამიანებით ვაჭრობის ბიზნესი ყვავის, ხოლო ხელისუფლება ვაჭრობის მასშტაბების შესამცირებლად არაფერს აკეთებს. ბოლო დრომდე საქართველოშიც ასეთი მდგომარეობა იყო. ოფიციალურმა თბილისმა მესამე კატეგორიას მხოლოდ წელს დააღწია თავი და, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი მარინე მესხი ამბობს, ამის მიზეზი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებია:

[მარინე მესხის ხმა] “2003 წლის ზაფხულში იქნა ცვლილებები მიღებული - ორი ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ეხება უშუალოდ ტრეფიკინგს. ერთი არის “143 პრიმამუხლი”, ეხება, საერთოდ, ადამიანებით ტრეფიკინგს, და “143 ორი”, ეხება ბავშვებით ტრეფიკინგს.

თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება მარტო ცვლილებებს არ დასჯერდა. რამდენიმე დღის წინ პოლიციამ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ადამიანებით ვაჭრობის ორგანიზებულ ქსელს მიაკვლია. დაკავებულია ორი პიროვნება - აშოტ ოგანესიანი და მარია მნაცაკანიანი.

[ზურაბ ბაქრაძის ხმა ]“ბრალი ედებათ იმაში, რომ უზბეკეთიდან ჩამოიყვანეს ეს 15 ქალბატონი, უთხრეს მათ, რომ იმუშავებდნენ საქართველოში და ექნებოდათ ფულადი ანაზღაურება დიდი; შემდეგ მოატყუეს, მათ უთხრეს, რომ ისინი უნდა წასულიყვნენ დუბაიში, წაართვეს პასპორტები, მათ უარი განუცხადეს დუბაიში გაყოლაზე, რის შემდეგაც ერთ ოთახში, მდინარის პირას, წყნეთის ქუჩაზე, ბარაკში ჰყავდათ ჩაკეტილი და არ უშვებდნენ ამ ბარაკიდან, რათა წაეყვანათ დუბაიში.”(სტილი დაცულია)

ეს იყო ზურაბ ბაქრაძე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსი. ამავე რაიონის პროკურორი ბორის მჭედლიძე კი აცხადებს, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის ნიშნებით, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურორი ორგანიზებულ დანაშაულზეც საუბრობს:

[ბორის მჭედლიძის ხმა] “ჩვენ ახლა გამოძიებით ამას დავადგენთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ესენი კარგად იყვნენ ორგანიზებულები და, ალბათ, არ იყო ეს პირველი შემთხვევა.”

ტრეფიკინგთან ბრძოლის თვალსაზრისით, დამკვირვებლები წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტის ჩამოყალიბებას. ტრეფიკინგთან ბრძოლის ახალი სამსახურის შექმნის აუცილებლობაზე თუნდაც ის ფაქტი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ამ სახის დანაშაულის შესახებ, ფაქტობრივად, არანაირი სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა, როგორც ჩემთან საუბარში ამბობს ლელა ხუნდაძე, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა “ქალები მომავლისათვის”, ამგვარ ვითარებას, დიდწილად, საკუთრივ დანაშაულის სპეციფიკა განაპირობებს:

[ლელა ხუნდაძის ხმა] “თვითონ მსხვერპლი ძალიან არის დათრგუნული როგორც ფსიქოლოგიურად, აგრეთვე, იმის გამო, რომ ტრეფიკინგი, უმეტეს შემთხვევაში, პროსტიტუციასთან, სექსუალურ ექსპლუატაციასთან იგივდება. არ ჩქარობს ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომ გაახმაუროს თავისი ამბავი.”

ალბათ, იმის გამო, რომ არ ხმაურდება, დღემდე საქართველოში ადამიანებით ვაჭრობის სამად-სამი შემთხვევა გახმაურდა. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს ბაია რომელაშვილი - სახალხო დამცველის აპარატის ქალთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

[ბაია რომელაშვილის ხმა] “სამოქმედო გეგმა იყო მრავალი ტრეფიკინგთან ბრძოლის შესახებ, მაგრამ არ არის კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს, არ არის მითითებული ვადები და, რაც მთავარია, თვითონ ბიუჯეტშიც არ არის ჩადებული თანხები, რომლის გარეშეც ამ პრობლემასთან ბრძოლა არის ცოტა არასერიოზული მიდგომა.”(სტილი დაცულია)

თუმცა, სანამ ხელისუფლება ამ საკითხს მეტად სერიოზულად მიუდგება, უფლებათადამცველები საზღვარგარეთ გამგზავრების წინ საქართველოს მოქალაქეებს ურჩევენ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა, საკუთარი დაუდევრობის წყალობით, მონობის უღელი არ დაიდგან, ძირითადად, თურქეთსა და საბერძნეთში.
XS
SM
MD
LG